გურიაში შექმნილ მძიმე ვითარებასთან დაკავშირებით ჟურნალისტი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და მთავრობას მოუწოდებს: „სამაშველო, ჯარი, ტექნიკა, მობილიზაცია, საკვები, მედიკამენტები, ექიმების ჯგუფი! საგანგებო შტაბი! საქართველოს მთავრობა, მთელი შემადგენლობით გურიაში! რა გაძინებთ – გაიღვიძეთ, ხალხი საფრთხეშია! გარდაცვლილიც გვყავს! მერე გვიან არ იყოს!“ _ წერს ჟურნალისტი.

ვითარება გურიაში | ფოტო ხატია კეჭაღმაძე
გუშინ, ოზურგეთის სოფელ კონჭკათში შუახნის მამაკაცს სახლის სახურავის დათოვლისას ბეტონის ფილა დაეცა და გარდაიცვალა. მანამდე ლანჩხუთის სოფელ შრომისუბანში სახლი ჩამოიქცა და კვაჭაძეების 8 სულიანი ოჯახი სასწაულებრივად გადარჩა. ერთი საათის წინ, ოზურგეთის სოფელ შრომიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ სახლის სახურავის დათოვლისას ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა, ესაჭიროება გადაუდებელი დახმარება, მაგრამ უგზოობის გამო, უკვე 6 საათზე მეტია, სასწრაფო-სამაშველო სამსახურები ადგილზე მისვლას ვერ ახერხებენ.