„ეს კომუნისტური ტრადიცია უნდა დასრულდეს, როცა ჩინოვნიკები ათვალიერებენ მშენებარე ან დასრულებულ სამუშაოს, უნდა მოინახულონ დანგრეული გზები და ინფრასტრუქტურა“
„მოეწყობა ავტომანქანების პარკირების ადგილები და განთავსდება ავტობუსის გაჩერება. ყველაფერი გაკეთდება მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისა და ქალაქის ცენტრალური ნაწილის მოწესრიგებისთვის”, _ ეს განცხადება ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა რამდენიმე დღის წინ ქალაქის ცენტრში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების მონახულებისას გააკეთა და მოადგილესთან ერთად ფაქტის ამსახველი ფოტოებიც გადაიღო.

ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი ქალაქში ასფლატის დაგების სამუშაოებს აკვირდება
მერიის გვერდზე გამოქვეყნებულ ამ ინფორმაციას არაერთი ლანჩხუთელი გამოეხმაურა. ზოგი უფასებს ადგილობრივ ხელისუფლების გარჯას და გულმხურვალე მადლობასაც არ იშურებს:
„როგორ ლამაზად გამოიყურება ცენტრი. როგორ ლამაზდება გურია. მადლობა ქალაქის მერს ალექსანდრე სარიშვილს, საკრებულოს თავმჯდომარეს ბესიკ ტაბიძეს!“
მოქალაქეთა მეორე ნაწილი კი კრიტიკულია და ამბობს, რომ ქალაქის კეთილმოწყობა მხოლოდ მისი ცენტრალური ნაწილით არ უნდა შემოიფარგლებოდეს და პერიფერიულ ზონებსაც უნდა მიექცეს ყურადღება. განსაკუთრებით რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგებას ითხოვენ: „ლანჩხუთი მარტო ცენტრი არაა… სადგურის მოედანს როდის მიხედავთ?“
„ყველაფერს ცენტრში რომ ჩუჩქავთ, გაფართოვდით ცოტა, რკინიგზის იქეთ ლანჩხუთი არაა? ერთ დროს იქეთ იყო ცხოვრება, ნაომარს რომ გავს ყველაფერი, იქეთაც მიხედეთ, ერთ რადიუსში რომ კეთდება ყველაფერი“;
„რკინიგზის გადაღმა ლანჩხუთს არ ეკუთვნის? 6 წელია გეხვეწებით და უყურადღებოდ გვტოვებთ… რა ქვია ამას? აქ ხალხი არ ვცხოვრობთ?“;

ლანჩხუთის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია
„კარგია, რასაც აკეთებთ, მაგრამ საფო მგელაძის ქუჩას რატომ არ აკეთებთ? გარშემო ყველა ქუჩა მოასფალტებულია და ეგ პატარა ქუჩა რა გახდა, რომ ვერ შეძელით? რამდენჯერ გთხოვეთ. სასაფლაოსკენ მიმავალი გზა მოწესრიგებული არ უნდა იყოს? რა გასაჭირია ასეთი?“
აგარაკში, კუპრეიშვილის #12-ში მდებარე მრავალბინიანი სახლის მცხოვრებლებიც ითხოვენ ყურადღებას.
„მოგვხედეთ! აგარაკის, კუპრეიშვილის 12 კორპუსის მდგომარეობა იცით კარგად და მოგვაქციეთ ყურადღება! ასეთ უყურადღებობამ როდემდე უნდა გასტანოს?! მერე შეშფოთება გვიანი იქნება“.
აქაური მოსახლეობა წლებია, პრობლემის თაობაზე ხმამაღლა საუბრობს და ხელისუფალთ რეაგირებისკენ მოუწოდებს:
„მიუხედავად ბევრი შეწუხებისა და გამგებელთან შეხვედრისა, ისევ ისეა ყველაფერი. მხოლოდ დაპირებები, მეტი არაფერი. მოვლენ, გადაიღებენ ფოტოებს და წავლენ. თურმე, გეოლოგები ყოფილან მოსაყვანი. ეს ჩვენც ვიცით, დროზე უნდა აქაურობას შველას, სანამ კორპუსი თავზე არ ჩამოგვენგრა. თავიდან, ჩვენს სახლს ბინა არ ჯობდა, თუმცა, ახლა რა დღეში ვართ, კი ხედავთ. შეცდომა თავშივე იქნა დაშვებული მშენებლების მიერ. იმდენი აუთვისებელი ტერიტორია იყო მაშინ ლანჩხუთში და გაუგებარია, რატომ ააშენეს აქ სახლი, პირდაპირ „საცივის ფეხზე“? სარდაფი სულ წყლითაა სავსე, ზამთარ-ზაფხულ წყალი დგას საძირკველში“, _ ჯერ კიდევ 10 წლის წინ ამბობდნენ ადგილობრივები, რომელთა პრობლემა, როგორც ირკვევა, კვლავაც მოუგვარებელია.

ასეთი მდგომარეობაა კუპრეიშვილის ქ. #12-ში მდებარე მრავალბინიანი კორპუსის სარდაფში
ლანჩხუთის მერისგან ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას სოფლის მოსახლეობაც ითხოვს და ურჩევენ, რომ „მშენებარე ან დასრულებულ სამუშაოს დათვალიერების ნაცვლად, მოინახულონ დანგრეული გზები და ინფრასტრუქტურა“.
„ახალსოფელში გადათხარეს ყველაფერი, ბეტონს დაგიგებთო. ხალხს მოაჩვენეს თავი, ხმები გაინაღდეს და იმხელა „იამებია“, საქონელი ვარდება შიგ, ადამიანებსა და ტრანსპორტზე ხომ ზედმეტია საუბარი. იქებს თავს, თურმე ლანჩხუთის ცენტრი მოაწყო“;
„ლესა რამ შეგაძულათ, რკინიგზის გადაღმა კუთხე?!“;
„ნახევარ კილომეტრიან ერთი ციდა ქალაქში ამდენი ხანია ვერ გაგიკეთებიათ ვერაფერი და თვეებია, გადათხრილ ქუჩაზე ხართ. ფოტოების გარეშე გააკეთეთ მაინც რამე, რომ თვითონ მადლიერმა მოსახლეობამ გადაგიღოთ ფოტო და რამე კაი თქვან თქვენზე“;
„კარგია, რაც კეთდება, მისასალმებელია, იქნებ გვიმბალაურში, ხოფერიას ქუჩასაც მიაქციოთ ყურადღება“, _ წერენ მერიის ფეისბუქ-გვერდზე პრობლემით შეწუხებული მოქალაქეები.
„მერიას ვულოცავ ძველით ახალ წელს, ამიტომ ავირჩიეთ, სუპერ მერია, ნაძვის ხემ პირველი ადგილი დაიკავა. აცალეთ ადამიანს, იქნებ ყველა დაასაქმოს და მერე დამასვენოთო, იძახოთ“ _ წერს კმაყოფილი ლანჩხუთელი.
მის თანაქალაქელს კი არ მოსწონს „ეს კომუნისტური მადლობები“ და „კომუნისტურ ტრადიციად“ მიიჩინევს, როცა ჩინოვნიკები ათვალიერებენ მშენებარე ან დასრულებულ სამუშაოს. „[პირიქით, მათ] უნდა მოინახულონ დანგრეული გზები და ინფრასტრუქტურა“ _ წერს ლანჩხუთის მაცხოვრებელი.





