ლანჩხუთში „გურიას“ ტრიუმფამდე ერთი წლით ადრე ისეთი რამ მოხდა, სავსებით შესაძლებელი იყო, 1986 წლის ისტორიული თამაშების ხილვა ადგილობრივი ქომაგების ნაწილს ვერც მოეხერხებინა… ამის მიზეზი ნავთობბაზაში გაჩენილი ხანძარი იყო, რომელიც საფრთხეს უქმნიდა ქალაქის სამრეწვეულო უბანს და მათ შორის, იქვე მდებარე ცენტრალურ სტადიონს.
რა მოხდა 35 წლის წინ?
1985 წლის 22 ნოემბერი იდგა… ჩვეულებრივი დღე…
დილით ლანჩხუთის ცა შავმა კვამლმა მოიცვა…
ქალაქში ხმა უცებ გავარდა _ ნავთობბაზა იწვისო…
მალევე გაირკვა, რომ ბენზინმზიდს ცეცხლი წაეკიდა, რომელიც მალე იმ ავზის ონკანს მოედო, რომლიდანაც შევსებას იღებს. ეზოში ასეთი ათზე მეტია, ასობით ტონა ბენზინით…
საფრთხეა, ცეცხლმოდებული ავზი აფეთქდეს, აფეთქდება სხვა ავზებიც და… მინიმუმ ქალაქის სამრეწველო რაიონი, სტადიონი და რკინიგზის სადგური აღარ იარსებებს… რისკის ქვეშაა ახლოს მცხოვრები მოსახლეობაც…
ბენზინმზიდის აფეთქების ტალღამ რკინიგზის სადგურის მინების ჩამსხვრევა გამოიწვია… წარმოდგენაც რთულია, რა მოხდება, თუ დიდ ავზებს ცეცხლი მოედება…
ადგილობრივი ხელისუფლება საგანებო მდგომარეობას აცხადებს _ სკოლებიდან და ბაღებიდან, რომელიც ხანძრის ეპიცენტრიდან მინიმუმ 1 კილომეტრში მდებარეობს, ბავშვები გაჰყავთ, ე.წ. „ატეკიდან“ ტრანსპორტს ტყეში „გადამალავენ“, ახლომდებარე სახლებიდანაც გაიყვანეს მოსახლეობა…
რაიკომის მდივნის კაპინეტიდან გამავალი ზარი „ცენტრს“ განგაშის ყველაზე მაღალ დონეს აუწყებს…
მალევე სახანძრო მანქანების სულისშემძვრელი ხმა გააპობს ლანჩხუთის ცაზე თავმოყრილ შავ ღრუბელს…
ქალაქის ცენტრში მილიციის ჯგუფები რამდენიმე ლოკაციიდან ნავთობბაზისკენ მიმავალ გზას მიუთითებენ, რათა მეხანძრე-მაშველებმა დრო არ დაკარგონ…
ერთმანეთს ასწრებენ ფოთის, სამტრედიის, ოზურგეთის, ქობულეთის, ბათუმის, ქუთაისის თუ სხვა ქალაქების სახანძრო ბრიგადები… პატარა ქალაქის გადასარჩენად მაშველები დასავლეთ საქართველოს ყველა ქალაქიდან მოემართებიან…
ნავთობბაზის ეზოს გალავნიან ღობეს რამდენიმე ადგილზე დაანგრევენ, რადგან ჭიშკარი ვერ აუდის სახანძრო მანქანების შესვლა-გამოსვლას, ეზოში გაჩენილ ხანძარს ყველა მხრიდან ებრძვიან…
ლანჩხუთში არა შიგასაქალაქო ან რესპუბლიკური მნიშვნელობის, არამედ საკავშირო განგაშია…
მეხანძრეები მხოლოდ იმას ახერხებენ, რომ ცეცხლმოდებულ ადგილს რეგულარულად წყლის ჭავლით აგრილებენ, რათა აფეთქება თავიდან აიცილონ…
საათები გადის, საქმეს არც სახანძრო მატარებლის ეშელონი შველის და არც _ მანქანების უწყვეტი კოლონა…
პატარა ქალაქი კატასტროფას უახლოვდება…
ერთადერთი შანსია, რომელიც სიცოცხლეს დიდ საფრთხეში აგდებს _ ვიღაც გაავებულ და ბენზინით „შეიარაღებულ“ ხანძარში უნდა შევიდეს და ცეცხლმოდებული ონკანი და შესაბამისად, ხანძრის კერა გადაკეტოს!
გამოსავალი გამოცდილმა მეხანძრემ ნახა, მაგრამ იგი ლანჩხუთელი არაა, სხვა ასზე მეტი კოლეგის დარად და სხვისი ქალაქის გადასარჩენად სიცოცხლით ვერ გარისკავს…
ვინ შევა ხანძარში? _ კითხვა, რომელსაც ვერავინ სვამს!
32 წლის კაფანდარა გმირი დიდი გულითა და შიშველი ხელებით შედის ვერაგ მეტოქესთან ღია ომში… ახლა უკვე მასაც აგრილებენ კოლეგები… წამები საათებად იქცევა…
უცებ ქალაქის თავზე შავი ღრუბელი ასზე მეტი თვითმხილველის გულიანმა ამოსუნთქვამ გაფანტა:
ლანჩხუთმა შვებით ამოისუნთქა… და ლანჩხუთში გმირი დაიბადა _ მას ზურაბ თავართქილაძე ჰქვია!
ამ გმირს 35 წლის შემდეგ, უბედური შემთხვევა შეიწირავს… 67 წლის ასაკშიც რისკიან სამუშაოს რომ არ ეპუებოდა _ ხის შეტოტვისას მოჭრილი მორი დაეცა, რამაც ამწეს კალათიდან და სიმაღლიდან გადმოაგდო…
ისევ ქალაქისთვის, მისი სილამაზისთვის იღწვოდა, როგორც მთელი ცხოვრება…
სამწუხაროდ, ვერ ვუშველეთ კაცს, რომელმაც მთელ ლანჩხუთს უშველა მესამედი საუკუნის წინ…
ერთი რამ გვანუგეშებს _ გმირები არ კვდებიან…


