ლანჩხუთის „გურიას“ ყოფილი ფეხბურთელი გოჩა იმნაიშვილი დღეს დილით გარდაიცვალა. იგი მხოლოდ 45 წლის გახლდათ.
მართალია, მას ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები ჰქონდა, თუმცა არავინ მოელოდა, თუ ასე ახალგაზრდას მოუწევდა სიცოცხლესთან განშორება.
არსებული ინფორმაციით, დილით მის დასახმარებლად სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი თრომბოზია.
გოჩა იმნაიშვილი „გურიას“ ღირსებას 7 სეზონის მანძილზე იცავდა, 70-ზე მეტ შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა. იგი აქტიურად მონაწილეობდა ვეტერანთა ტურნირებში.
რამდენიმე წლის წინ, მისი ძმა ასევე მოულოდნელად გარდაიცვალა. მაშინაც სავარაუდო მიზეზად თრომოზი დასახელდა.
„როგორ მოულოდნელად გაგვიფრინდი შენს მამასა და ძმასთან, როგორ გააუბედურე შენი გამწარებული დედა, ვის დაუტოვე შენი ობოლი ძმისშვილები? მათ ხომ მამობას უწევდი… რა ეშველება თქვენს უბედურ დედას, ასე რატომ გაიმეტეთ სატანჯველად? ყველა გაგვანადგურეთ ორივე ძმამ. უფალს ებარებოდე, ჩვენო თბილო, კეთილო და საყვარელო ბიჭო…“ _ წერენ ახლობლები სოციალურ ქსელში.
„გურია თუდეი“ მწუხარებას გამოთქვამს გოჩა იმნაიშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.




