გურიაში ტრაგედია დატრიალდა. არსებული ინფორმაციით, ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლის მოსწავლე ლუკა ჩხიკვიშვილმა სირბილისას ხელი მოიტეხა, ოჯახს ადგილობრივ საავადმყოფოში ურჩიეს _ ბიჭი ქუთაისის ან ბათუმის კლინიკაში გადაეყვანათ.
ახლობლები ამბობენ, რომ ბიჭს ძვალი ჰქონდა გატეხილი და შესაბამისი ოპერაცია იყო ჩანიშნული. ისინი ექიმების მკაცრად დასჯას ითხოვენ.
„ექიმებმა ჩემი ლუკა მომიკლეს“ – წერს ლუკას დედა ნინო სიხარულიძე.
ასევე სოციალურ ქსელში წერს ბიჭის დაც: „არ ვიცი, ეს ყველაფერი როგორ აღვწერო, ახლაც ვერ ვიაზრებ, რა მოხდა. ჩემი ნერვების მომშლელი, ჯიუტი ბიჭი უკვე აღარ არის… საშინელი ზაფხული დაგვიდგა ჩვენს ცხოვრებაში. ჩემი ჯანმრთელი ძმა უბრალოდ მომიკლეს თვალის დახამხამებაში. ხშირად ვჩხუბობდით, ვკამათობდით, მაგრამ ახლა დავაფასე ძმის ფასი. მიყვარხარ და მენატრები, ჩემო ანგელოზო!“
როგორც გარდაცვლილი მოზარდის ახლობლები ამბობენ, ლუკას წინასაოპერაციო კვლევაც ჩაუტარდა, თუმცა არ იციან, კონკრეტულად რა კვლევა იყო. „არაფერი საგანგაშო არ იყო, ერთი ძვალი ჰქონდა გატეხილი და ამას შეწირეს მე-7 კლასელი ბიჭი“ _ ამბობენ ისინი.
სამიმრის წერილს აქვეყნებს გარდაცვლილი ბიჭის სკოლა: „ლუკას უდროოდ წასვლა უმძიმესი დანაკლისია მისი ოჯახისთვის, ახლობლებისთვის, თანაკლასელებისთვის, მასწავლებლებისა და მთელი სასკოლო საზოგადოებისთვის. მისი ნათელი სახე, თბილი დამოკიდებულება და ბავშვური სითბო ყოველთვის დარჩება ჩვენს მეხსიერებაში. ამ მძიმე წუთებში გულწრფელ სამძიმარსა და თანაგრძნობას ვუცხადებთ ლუკას ოჯახს, ნათესავებსა და მეგობრებს“ _ წერია ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლის ფეისბუქგვერდზე.
„რაფერ ტყუილა მომიკლეს ბაღანა, შვილო“ _ ამბობს ჟურნალისტებთან ლუკას ბებია.
ქალბატონი ჰყვება, რომ ბიჭი ნათესავთან ერთად თამაშობდა და სირბილის დროს ხელი მოიტეხა: „საავადმყოფოში მივიყვანეთ და ნინო ექიმმა გვითხრა, ან ბათუმში უნდა გადაიყვანოთ, ან ქუთაისშიო. საავადმყოფოში დიდხანს გვალოდინეს, საღამოს 11-ის 20 წუთზე დაიწყო ოპერაცია და თურმე 20 წუთში გათავებულა ჩვენი ბიჭი. 2 საათი არაფერი გვითხრეს, მობილიზაცია მოახდინეს პოლიციის, ალბათ, ექიმებიც გააპარეს და მხოლოდ ამის შემდეგ უთხრეს მამას, ბავშვი დაიღუპაო. ნარკოზის დროსაა უბედურება მომხდარი, ეტყობა ბევრი შეუყვანეს ან ჩქარა და დაგვღუპეს“ _ ამბობენ “TV პირველთან” ახლობლები და ექიმებს მკაცრად დასჯას ითხოვენ.
როგორც ირკვევა, მე-7 კლასელი ბიჭს ოპერაციას იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში უტარებდნენ. საქმეზე გამოძიება დაწყებულია.
„გურია თუდეი“ მწუხარებას გამოთქვამს ლუკა ჩხიკვიშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს, ახლობლებს.





