ლანჩხუთის პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი ომარ ხუციშვილი იხსენებს:
_ უმაღლესი ლიგის თითოეული მატჩი ლანჩხუთელებისათვის ნამდვილი სახალხო ზეიმი იყო. ამ დღეს ყველას ყველანაირი საქმე გვერდზე ჰქონდა გადადებული. ხალხი რაიონულ ცენტრში შეკრებას 12 საათიდან იწყებდა. სამ საათზე ქალაქის ცენტრალური ნაწილი გადავსებული იყო. ადამიანებს უხაროდათ ერთმანეთის ნახვა, მოკითხვა, შეხვედრა. საუბრობდნენ, კამათობდნენ, იძენდნენ საფეხბურთო ლატარიის ბილეთებს. ერთობოდნენ კაფეებსა და სასაუზმეებში.
თითქმის ყველას სტუმარი ჰყავდა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. ოთხი საათის შემდეგ უწყვეტი ნაკადით დაიძრებოდნენ სტადიონისაკენ. თამაში ძირითადად შვიდ საათზე იწყებოდა. ექვს სააათზე ტრიბუნები უკვე სავსე იყო მაყურებლებით.
რა თქმა უნდა, წესრიგისა და უსაფრთხოებისათვის შს სამინისტრო გვახმარდა დამატებით ძალებს. თუმცა დღის 12 სააათიდან ღამის 12 საათამდე, აფორიაქებული ლანჩხუთი სანამ დალაგდებოდა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მთელი სიმძიმე ლანჩხუთის პოლიციის 52 თანამშრომელზე მოდიოდა, რასაც თითოეული მათგანი დაუზარებლად ასრულებდა.
ფოტოზე ე.წ. „მეოთხე მსაჯის“ სამუშაო ადგილია აღბეჭდილი. მაშინ ასეთი მსაჯი გუნდებში მხოლოდ ცვლილებებს აფიქსირებდა და იგი ყოველთვის ადგილობრივი იყო.
ამ დღეს ლენინგრადის „ზენიტი“ გვყავდა სტუმრად. მატჩის დაწყებამდე 1 საათია დარჩენილი. გადაჭედილ ტრიბუნებზე ნემსი არ ჩავარდებოდა. ყველგან სასიამოვნო განწყობა სუფევდა და სამახსოვრო ფოტოზე მეც მომიწვიეს. სხვათა შორის, კარგად მახსოვს ამ თამაშზე ასეთი კურიოზი ვიხილეთ.
მოგეხსენებათ პირველი გოლი ლენინგრადელთა კარში ჩვენ გავიტანეთ. წარმოიდგინეთ ახლა, რა ხდებოდა სტადიონზე. ფეხზე წამომდგარი ნაცნობ-უცნობი ყველა ერთმანეთს ხვევნა-კოცნით ულოცავდა გატანილ გოლს. ამ დროს „ზენიტმა“ ცენტრიდან სწრაფად გაითამაშა ბურთი. ერთი, მეორე პასი და მესამემ `გურიას~ საჯარიმო ხაზთან ახლოს მყოფმა ზუსტად დაარტყა და ანგარიში გათანაბრდა. როცა ტრიბუნებზე გულშემატკივრები მოლოცვას მორჩნენ და ანგარიში 1:1 დაინახეს, ისევ ფეხზე წამოხტნენ და ტაბლოსკენ გაშვერილი ხელებით ყვიროდნენ, გაასწორეთ შეცდომააო.
სტუმართა გოლი მაყურებელთა უმრავლესობას არ დაუნახავს…
„გურია თუდეის“ მინაწერი:
ზემონახსენები შეხვედრა 1987 წლის 6 აპრილს ლანჩხუთში გაიმართა და მას 25 ათასი მაყურებელი ესწრებოდა. ანგარიში 63-ე წუთზე ვიქტორ ხლუსმა გახსნა, რომელიც, სხვათა შორის, ორი დღის წინ იუბილარი იყო _ გურული ქომაგების საყვარელი ფეხბურთელი 68 წლის გახდა.
მაშინდელი ლენინგრადის [ახლა სანკტ პეტერბურგი] „ზენიტთან“ (მატჩი 1:1 დასრულდა) ლანჩხუთელებმა ასეთი შემადგებლობით ითამაშეს: გიგლა იმნაძე, ნუგზარ მიქაბერიძე, მალხაზ მახარაძე, გენადი კონდრატიევი, ენუქი თევზაძე, მერაბ თევზაძე, ვახტანგ კოპალეიშვილი, თეიმურაზ ჩხაიძე (69. ავთანდილ კაპანაძე), ბესიკ ფრიდონაშვილი, მერაბ მეგრელაძე, ვიქტორ ხლუსი (54. მურმან აკოფიანი). მთ. მწვრთნელი: ალექსანდრე კოტრიკაძე


