„ნუ აწვდით ხალხს გადაუმოწმებელ ინფორმაციას“ – გურიის დელეგატის ბიუროს უფროსის უსაფუძვლო ბრალდებები ადგილობრივ მედიას

|

Loading

მაიკო ლომთაძე

გურიის დელეგატის „ქართული ოცნების“ ერთპარტიულ პარლამენტში ვასილ ჩიგოგიძის ლანჩხუთის ბიუროს უფროსი მაია ლომთაძე ადგილობრივ მედიას გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

გურია თუდეი, ჰო და არა, ძალიან გთხოვთ, ნუ აწვდით ხალხს გადაუმოწმებელ ინფორმაციას, ისედაც ურთულესი მდგომარეობაა. ვიღაცამ რაღაცა თქვა, გადაუმოწმებლად ამის დაწერა მინიმუმ უხერხულია ამ სიტუაციაში. მშვიდობას და ურთიერთპატივისცემას გისურვებთ“ _ წერს სოციალურ ქსელში ლომთაძე.

„გურია თუდეი“ განმარტავს, რომ რასაც გვაწვდის მოსახლეობა, იმას ვწერთ, სახელი და გვარი აქვთ ამ ადამიანებს, სტიქიის ზონაში არიან, გვიგზავნიან ფოტოებს და გადამოწმება კიდევ როგორ შეიძლება? ამასთან, ოფიციოზის განმარტებაა ყველა სტატიაზე, თუ რატომ ვერ ხერხდება ყველგან ერთდროულად მისვლა. ხშირად ვაქვეყნებთ ხელისუფლების წარმომადგენლების/მხარდამჭერების ქარდებს შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. მოსახლეობა გვწერს, დახმარებას ითხოვს და რა ვქნათ, არ დავწეროთ? მედიის მოვალეობა მაშინ რა არის?

მოგვიანებით, მაია ლომთაძემ განმარტა, რომ გულისხმობს ინფორმაციას აცანაზე. ანუ საუბარია ლანჩხუთის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის, გივი ცინცაძის მიერ გავრცელებულ ფოტოებზე: “სოფელი აცანა, სადაც არც ელექტროენერგია მოეწოდებათ, არც გზაა, გარე სამყაროს მოწყვეტილია სოფელი, ხალხი საკუთარ ჭიშკრამდეც ვერ მიდის” _ ასეთი მინაწერი გაუკეთა „ნაცმოძრაობის“ ადგილობრივმა ლიდერმა ფოტოებს.

ფოტო აცანიდან, რომელიც გივი ცინცაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა

ცნობისთვის, აცანის მაჟორიტარია ლომთაძის მეუღლე ემზარ თევდორაძე, რომელიც ასევე ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა.

ხელისუფლების წარმომადგენლები/მხარდამჭერები კომენტარებში ოპოზიციონერ გივი ცინცაძეზე წერენ, „თავად ხალხს რითი ეხმარებაო“ და არავინ მიუთითებს, რომ გზა გაწმენდილია (არც ფოტოებს დებენ ოპოზიციონერის მიერ გავრცელებული ფოტოების საწინააღმდეგოდ).

„ერთი თქვენ გაგევლოთ ამ სოფლებში და ადგილზე გენახათ, რასაც წერთ. არ უნდა გადაამოწმოთ, ისე უნდა დაწეროთ ვიღაც ინტრიგნების მოწოდებული ინფორმაცია?“ _ წერს ლომთაძე.

არადა, ინფორმაცია/ფოტოები საკრებულოს წევრმა გაავრცელა. ან ადგილზე რომ გაგვევლო, საინტერესოა, რას ვნახავდით? თან ადგილობრივები ვერ გადაადგილდებიან და ჩვენ როგორ უნდა გაგვევლო? ფაქტი ფოტოზე იყო და სხვა ცნობებიც გვაქვს და ფოტოებიც აცანიდან, სადაც ანალოგიურად გზა თოვლითაა დაფარული. მეტი როგორ გადაგვემოწმებინა? მით უმეტეს, თავად ლომთაძეც წერს: „რაც შეეხება გზის გაწმენდას, წინასწარ გზას ვერავინ გაწმენდდა. წუხელ საკუთარი ეზო და მანქანა დავთოლე, დღეს არ ჩანდა ნაკვალევი. დაზუსტებულად ვიცი, თითქმის ყველა სოფელში იწმინდება გზები, მაგრამ ინტენსიური თოვა უშლის ხელს. ბუნებასთან უძლურები ვართ“.

ის ასევე აღნიშნავს, რომ „პროგნოზი ყველამ ვიცოდით, ამიტომ დროულად უნდა მოგვემარაგებინა საჭირო და აუცილებელი“. თუმცა იმას აღარ მიუთითებს, რომ ხელისუფლებასაც უნდა დაეჭირა თადარიგი და ტექნიკა სხვა რეგიონებიდან ჩამოეყვანა, რადაგან ადგილზე არსებული 20-25 ერთეული ტექნიკა ნამდვილად ვერ უმკლავდება ლანჩხუთში შექმნილ პრობლემებს.

რას ჩივი?