„პირველ რიგში, უღრმესი მადლობა ქალბატონ სანდრას და მის გუნდს! ჩემი ცხოვრებაში თქვენი გამოჩენა ახალი ვარსკვლავის ანთების მიზეზი გახდა“ _ ამბობს ნანა კუკულავა.
მისი თქმით, ბავშვობაში საყვარელი თამაში დედაშვილობანა იყო: „ეს ხომ ქალის გენეტიკურ კოდში დევს – რომ ის დედა იყოს, იზრუნოს, გაზარდოს, აღზარდოს და გზაზე დააყენოს. პროფესიით ფილოლოგი ვარ. ისე მოხდა, რომ სკოლაში არა, მაგრამ უფალმა საბავშვო ბაღის კარი გამიღო და ამისთვის მადლობა მას! ისინი ყველაზე საოცარი, თბილი და გულწრფელი პატარა ადამიანები არიან, დიდი გულებით“ .
„მას შემდეგ ლამის 15 წელია, ასე ერთად მოვდივართ სიყვარულით. მათთან ურთიერთობა დიდი ბედნიერებაა. მათი ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ორივესთვის დიდი გამარჯვებაა. ბევრი თაობა გაიზარდა და დაფრთიანდა ჩემს თვალწინ. ყოველთვის წარმოვიდგენდი, როგორი იქნებოდა ის დღე, როცა ჩემს შვილს საბავშვო ბაღში მივიყვანდი და როგორ ჩაივლიდა მისი პირველი დღე. დავოჯახდი და მოლოდინის რეჟიმიც ავტომატურად ჩაირთო. შემდეგ იყო უამრავი კვლევა, ანალიზი, დიდი დაიმედება და, სამწუხაროდ, დიდი იმედგაცრუებაც. უკვე 6 წელია, იმ ქალთა რიგებს შევუერთდი, რომლებიც ჩემსავით შვილზე ოცნებობენ“ _ ამბობს ნანა.
ერთხელ მას უთხრეს _ ნუ ნერვიულობ, ნანა! საკუთარი თუ არ გყავს, აგერ რამდენი ბავშვის მშობელი ხარ.
გაუხარდა და იმავდროულად ეწყინა კიდეც: „მე ის „მშობელი“ ვარ, რომელიც დღის ბოლოს სამსახურიდან სახლში მარტო ბრუნდება. მეც მინდა, რომ მერქვას მშობელი! მინდა, რომ ისეთივე სიხარულით და ხელებგაშლილი შემომეგებოს შვილი, როგორც ჩემი აღსაზრდელები. უფლის ნებით და თქვენი გვერდით დგომით, იმედი მაქვს, რომ ჩემს ოცნებას ფრთები შეესხმება და რეალობად იქცევა“.
ნანას ოცნების ასასრულებლად აუცილებელია ჩვენი დახმარება. აქვეა საბანკო ანგარიშის ნომრები, სადაც თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ, მიმღები „ჩვენი ფონდია“ და აუცილებელია დანიშნულებაში ჩაწეროთ _ ნანა კუკულავა.
საქართველოს ბანკი #GE08BG0000000586688967
თიბისი ბანკი #GE08TB7935736080100016 GEL #GE15TB7935736180100003 $/€
ქართუ ბანკი #GE33CR0120009543103608 GEL #GE54CR0120009543103618 $/€
ლიბერთი ბანკი #GE15LB0115134423600003 GEL