დღეს, სახელგანთქმული მეზღვაური სოფელ შუხუთიდან _ ბიძინა ორაგველიძე 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. „გურია თუდეი“ გამოთქვამს გულისტკივილს, თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს და ქართული ნაოსნობის ამაგდარის ხსოვნის პატივსაცემად, გაზეთ „აჭარის“ არქივიდან გთავაზობთ 2018 წელს გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც გავიხსენებთ ლეგენდარული მეზღვაურის რთულ, მაგრამ მეტად საინტერესო გზას დიდ ნაოსნობაში:
როცა ბიძინა ორაგველიძე მშობლიური შუხუთიდან ბათუმში, მაშინ უკვე სახელგანთქმულ საზღვაო სასწავლებელში გამოცდების ჩასაბარებლად მიდიოდა, ვერც კი წარმოიდგენდა, ამ სასწავლებლის ბაზაზე შექმნილი საზღვაო აკადემიის დამაარსებელი და რექტორი თუ გახდებოდა და თავად აღზრდიდა ათასობით ვაჟკაც ზღვაოსანს. 17 წლის იყო მაშინ და როგორც ყველა ჭაბუკს, მასაც ვაჟკაცური პროფესიისაკენ მიუწევდა გული. მეზღვაურობა კი სწორედ ასეთი იყო, არის და იქნება, როგორადაც უნდა განვითარდეს საზღვაო საქმე, ოკეანეები და ზღვები კი უმაღლესი კლასის, კომპიუტერული სისტემებით აღჭურვილმა გემებმა სერონ…
მრავალშვილიან, მშრომელ, მიწასთან შეჭიდებულ ოჯახში გაზრდილი ჭაბუკი სწავლასაც ბეჯითად მოეკიდა. ერთობ ემოციურად იხსენებს სწავლის, მეზღვაურად ჩამოყალიბების მრავალფეროვან, აქტიურ, მართლაც სისხლსავსე წლებს, გასაკვირიც არაა, რომ სასწავლებელი წარჩინებით დაამთავრა და უგამოცდოდ ჩაირიცხა ლენინგრადის (ამჟამად სანკტ-პეტერბურგის) უმაღლეს საინჟინრო სასწავლებელში. ეს კიდევ უფრო მაღალი და საპასუხისმგებლო საფეხური იყო და აქაც მოწოდების სიმაღლეზე გახლდათ. სწავლა მისი, როგორც ინტელექტუალურ მეზღვაურად ჩამოყალიბების, ერთი მხარე იყო, მეორე კი ლენინგრადული ცხოვრების ხუთი წელი _ ლეგენდარული ქალაქი და მისი საზოგადოება, არქიტექურული და ხელოვნების სხვა შედევრების, სახელგანთქმული თეატრების და სპექტაკლების ნახვა. იქვე გაიცნო მომავალი მეუღლე ზაირა ხმელიძეც, რომელიც იქ სამედიცინო ინსტიტუტში სწავლობდა.

ბიძინა ორაგველიძე (ფოტოზე შუაში) სტუდენტებსა და კოლეგებთან ერთად
მოკლედ, უმაღლესი სასწავლებლის ასევე წარმატებით დამთავრების შემდეგ, 1961 წელს, ბათუმში დაბრუნდა. უპრობლემოდ მიიღეს მშობლიურ საზღვაო სასწავლებელში პედაგოგად. 3 წელი ასწავლიდა სპეციალურ საგნებს. უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა კურსანტთა სწავლა-აღზრდის საქმეს და სხვათა შორის, მკაცრ, მაგრამ სამართლიან პედაგოგადაც იყო ცნობილი. 1964 წელს შორეული ნაოსნობის კაპიტნის თანაშემწედ გაუშვეს. შინ ორი წლის ქალიშვილი ნატო და მეუღლე დატოვა. ქალბატონი ზაირა ყურადღებას არ აკლებდა ასევე ბიძინას მოხუც მშობლებს.
სასიხარულო სიახლე იყო ჩვენი ქვეყნის და, რა თქმა უნდა, ბიძინა ორაგველიძის ცხოვრებაში 1966-1967 წლებში ცნობილი ქართველი ზღვაოსნის, ანატოლი კაჭარავას ინიციატივით და ხელმძღვანელობით საქართველოს საზღვაო სანაოსნოს დაარსება.
ჩვენი რესპოდენტი ერთობ ემოციურად იხსენებს იმ დღეებსაც _ გემის „ალაგირის“ მიღებას, რომელიც ფლოტის პიონერი იყო. 1967 წელს სანაოსნოს ერთ-ერთი განყოფილების გამგედ დაინიშნა. „ალაგირს“ მალე სხვა გემებიც მოჰყვა და როგორც იტყვიან, მის თვალწინ იქმნებოდა ქართული ფლოტი. 1971 წელს კი კვლავ შორეული ნაოსნობის კაპიტნის პირველ თანაშემწედ გაუშვეს, ახლა უკვე საქართველოს საზღვაო სანაოსნოს გემზე. 1974 წელს, გამოცდილი ზღვაოსანი კვლავ ბათუმის საზღვაო სასწავლებელში დააბრუნეს. იგი სასწავლებლის დირექტორის მოადგილეს დაინიშნა, მაგრამ ამ თანამდებობაზე მხოლოდ 3 წელი იმუშავა. მალე კვლავ გაუწია გულმა ზღვებისა და ოკეანეებისკენ. 1977-1980 წლებში ისევ შორეული ნაოსნობის კაპიტნის პირველი თანაშემწე იყო. ცურავდა „ნიკო ნიკოლაძით“, „ელბრუსით“, „გორით“, ისეთი ცნობილი კაპიტნების ხელმძღვანელობით, როგორებიც იყვნენ: რომან ახობაძე, ვალენტინ ივანოვი, ვოლტერ ჭანტურია.
მკითხველს, ალბათ, გაუკვირდება, ასეთი კაცი, პროფესიონალი მეზღვაური, გემის კაპიტანი როგორ ვერ გახდა. ბატონი ბიძინა არ მალავს, რომ ამაში მხედველობასთან დაკავშირებულმა პრობლემამ შეუშალა ხელი, მაგრამ მრავალფეროვან, აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობაში კი ვერა. 1980 წელს იგი კვლავ საქართველოს საზღვაო სანაოსნოში კადრების განყოფილების გამგედ დაინიშნა, 1982 წელს კი ბათუმის საზღვაო სასწავლებლის დირექტორად და ამ დღიდან უკვე მისი ზღვაოსნური მოღვაწეობის კიდევ ერთი უკვე მუდმივი პედაგოგიური მოღვაწეობის ეტაპი დაიწყო.
ამ თანამდებობაზე 1990 წლამდე მუშაობდა. ეს იყო სასწავლებლის კიდევ უფრო გაზრდა-განვითარების, პრესტიჟის ამაღლების, სახელის განთქმის და პოპულარობის წლები. იგი ბათუმის საზღვაო აკადემიის დაარსებით და ბიძინა ორაგველიძის ამ აკადემიის რექტორობით დაგვირგვინდა. ესაა მეტად საინტერესო, ქვეყნისა და მისი მომავალი თაობისთვის, ზღვაოსნობის განვითარებისთვის მიზანმიმართული, ზრუნვისა და შეიძლება ითქვას შეუპოვარი ბრძოლის ისტორია, რის შესახებაც აჯობებს სიტყვა თავად ბატონ ბიძინას მივცეთ:
„1990 წელს, ბათუმში ნოვოროსიისკის უმაღლესი საზღვაო სასწავლებლის ფილიალი გაიხსნა და მის უფროსად დამნიშნეს. აი, სწორედ იმ დღიდან დავიწყე ფიქრი ბათუმში უმაღლესი საზღვაო სასწავლებლის გახსნაზე, _ ჰყვება იგი, _ ჯერ ერთი ეს საქართველოს სჭირდებოდა. მისი, როგორც საზღვაო ქვეყნის იმიჯის გაზრდას შეუწყობდა ხელს, მეორეც, ამის ბაზაც გვქონდა და ისეთი ახალგაზრდებიც გვყავდა, რომლებიც შეიძლებოდა ჩვენვე, ადგილზე მოგვემზადებინა უმაღლესი განათლების მქონე, პროფესიონალ მეზღვაურებად. მით უმეტეს, რომ ამ დროისათვის საქართველოს საზღვაო სანაოსნოც ძლიერდებოდა და ფლოტიც ივსებოდა გემებით. თანაც ჩვენი ახალგაზრდებისათვის ადვილი როდი იყო საქართველოს გარეთ, შორეულ ქალაქებში სასწავლებლად წასვლა. ავიყოლიე საზღვაო სანაოსნოს, პორტის, ფაბრიკა-ქარხნების ხელმძღვანელები, თანამოაზრეები. ბევრი ვიწვალე ნოვოროსიისკის უმაღლესი საზღვაო სასწავლებლიდან საჭირო დოკუმენტაციის მისაღებად. ვაგროვებდი ამგვარი უმაღლესი სასწავლებლის სასწავლო პროგრამებს, ინსტრუქციებს, ინვენტარს, ვეძებდი მასწავლებელთა კადრებს.
როგორც იქნა, 1992 წლის თებერვალში ნოვოროსიისკის უმაღლესი საზღვაო სასწავლებლის ბათუმის ფილიალის და ბათუმის საზღვაო სასწავლებლის ბაზაზე გაიხსნა ბათუმის უმაღლესი საზღვაო სასწავლებელი, რომლის რექტორად მე დავინიშნე, მოადგილედ _ საზღვაო სასწავლებლის უფროსი გოდერძი ახალაძე. გავაჩაღეთ მართლაც უმაღლესი დონის სამეცნიერო-სასწავლო მუშაობა, მაგრამ პრობლემა გახდა სტუდენტთა საწარმოო პრაქტიკა, რადგან საზღვაო სანაოსნო და ფლოტი უკვე აღარ არსებობდა, გემები გაყიდული იყო. მაინც შევძელით და 1993 წელს სასწავლებელი აკადემიად გადავაკეთეთ. 1995 წელს კი, მოულოდნელად, მეც და ჩემი მოადგილეც გაგვათავისუფლეს. ქვეყნის ახალმა მესვეურებმა ასე გადაწყვიტეს. გესმით ალბათ, რა დარტყმაა, იმ საყვარელ საქმეს, რომელსაც მთელი ცხოვრება ემსახურებოდი, მთელი ძალ-ღონე შეალიე, უცებ, უცერემონიოდ, უმადურად რომ ჩამოგაშორებენ“.

ბიძინა ორაგველიძე (მარჯვნიდან პირველი)
მართლაც, ბატონ ბიძინას არ დაუკონკრეტებია, დაწვრილებით არ მოუყოლია, რა გულმოდგინებით იღწვოდა ის და მისი პედაგოგიური კოლექტივი მაღალპროფესიულ მეზღვაურთა კადრების მოსამზადებლად, სასწავლებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, სტუდენტთა სწავლის პირობების, ფორმებით და კვებით უზრუნველყოფის გასაუმჯობესებლად. იგი ბათუმის საზღვაო აკადემიის დამაარსებლად და საერთაშორისო ასპარეზზე გამყვანად სამართლიანადაა მიჩნეული. სხვათა შორის, მისი ინიციატივით, საქართველოს საზღვაო სანაოსნოს და საქართველოს განათლების სამინისტროს მხარდაჭერით, აკადემიაში შემოიღეს დაუსწრებელი სწავლება. გაიხსნა ფასიანი მოსამზადებელი კურსები. ასევე ეკონომიკური ფაკულტეტი, რომელზეც მეტწილად გოგონები სწავლობდნენ. 1993 წელს, ბატონი ბიძინა ორაგველიძის საქართველოს საზღვაო ფლოტის სარდლის, ადმირალ ალექსანდრე ჯავახიშვილის ინიციატივით, ბათუმში გაიხსნა თბილისის გაერთიანებული სამხედრო აკადემიის სამხედრო-საზღვაო ფაკულტეტი. მას პენსიაზე გასვლის შემდეგაც არ გაუწყვეტია საზღვაო საქმესთან კავშირი. ორჯერ მისწერა ღია წერილი ქართველ ბიზნესმენებს, პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს საქართველოში ზღვაოსნობის კვლავ აღორძინების, საზღვაო სამინისტროს შექმნის, საზღვაო აკადემიის სტუდენტებისათვის სასწავლო პრაქტიკის გასავლელად სპეციალური სასწავლო გემის შეძენის თხოვნით და ა.შ. ახლახან ასეთი გემი ბათუმის საზღვაო აკადემიას მართლაც გადაეცა, მართალია, არა ისეთი, როგორსაც ბატონი ბიძინა გულისხმობდა, მაგრამ ეს გემიც აკმაყოფილებს დღევანდელ მოთხოვნებს.
ბატონმა ბიძინამ გვაჩვენა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სამადლობელი წერილი, რომელიც 1994 წელს მიიღო აკადემიამ ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლის „მზეკაბადონის“ მიმართ გაწეული ქველმოქმედებისთვის. ასეთი მადლობები და აღიარება მას, როგორც კარგ ორგანიზატორს, ნიჭიერ, პასუხისმგებლიან პედაგოგს, პატრიოტს, ჭეშმარიტი ქართველი მეზღვაურების, ეროვნული სულისკვეთებით განმსჭვალული ახალგაზრდების აღმზრდელს, არასოდეს კლებია. შეიძლება ხატოვნად ითქვას, რომ მან საერთაშორისო მასშტაბით გაუთქვა სახელი ბათუმის საზღვაო სასწავლებელს ე.წ. „მარიახოდკას“, შემდეგ საზღვაო აკადემიას, ამ სასწავლებლებმა კი მას. იგი ამაყობს, რომ თავადაც იდგა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ბათუმის საზღვაო სასწავლებლის და შემდეგ აკადემიის დაარსებიოს სათავეებთან.
მოღვაწეობდა დიდი ქართველი ზღვაოსნების ანატოლი კაჭარავას, ჯემალ ჭიღვარიას, რომან ახობაძის, ბორის ვარშანიძის, ასლან ბოლქვაძის, გიორგი ახალაძის გვერდით. დაჯილდოებულია საპატიო ნიშნის და ღირსების ორდენებით და მინიჭებული აქვს საზღვაო ფლოტის საპატიო მუშაკის წოდება. საზღვაო აკადემიაშიც უწყობენ შეხვედრებს, აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებითაც ცხოვრობს. ცნობილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის მიერ დაარსებული ბათუმის სახალხო აკადემიის და „აჭარის საზოგადოებრივ ექსპერტთა კავშირის“ აქტიური წევრიცაა, რომელსაც თამაზ ცინცაძე ხელმძღვანელობს.
სხვათა შორის, არც პრესის და ტელევიზიის ყურადღება მოჰკლებია, ასევე მის შვილებსაც. მისი რიხიანი გამოსვლები ახლაც იქცევს ყურადღებას.
დავამთავრებ ბიძინა ორაგველიძის კიდევ ერთი საამაყო საქმით. ეს მისი დიდი, ღირსეული, ქართული, ტრადიციული ოჯახია. პირველი ქალიშვილი ნატო მუსიკოსი, ბათუმის რ. ლაღიძის სახელობის სახელოვნებო სასწავლებლის დირექტორია, მაგრამ მეორე ქალიშვილი ნინო პროფესიონალი მეზღვაურია, საქართველოს საზღვაო ადმინისტრაციის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი, ვაჟს _ აკაკისაც ასევე ბათუმის საზღვაო აკადემია და ლენინგრადის უმაღლესი საზღვაო სასწავლებელი აქვს დამთავრებული, კაპიტანია, ოთხი შვილიშვილი (ბიჭები) მეზღვაურია. ყველას ბათუმის საზღვაო აკადემია აქვს დამთავრებული, აკაკის ვაჟიშვილი, ბაბუის სეხნია ბიძინა კი შტურმანია. ზღვაოსნები არიან ძმისშვილებიც _ თენგო და ნიკოლოზი. ასევე დისშვილი _ აკაკი გოგუაძე და, საერთოდ, მის მაგალითზე ბევრი შუხუთელი, მეზობელი სოფლელი და ლანჩხუთელი ახალგაზრდა ეზიარა ზღვაოსნობას, ბათუმის საზღვაო აკადემია დაამთავრა, კაპიტანი, შტურმანი, ბოცმანი და ზღვასთან დაკავშირებული სხვა პროფესიის წარმომადგენელი გახდა.
ჯერჯერობით 8 შვილთაშვილი ჰყავთ ბიძინა და ზაირა ორაგველიძეებს, მალე მეცხრეს ელოდებიან და ვინ იცის, კიდევ რამდენი მოვა მომავლიდან. მეზღვაურებიც იქნებიან, ექიმებიც, ინჟინრებიც, პედაგოგებიც. დიდ ბაბუსაც მიბაძავენ ქართველობაში, კაცობაში, კეთილსინდისიერებაში, სამშობლოსა და მშობელი ერის ერთგულ სამსახურში და სხვა რაღა უნდა ინატროს კაცმა ამქვეყნად…






