„მთელი სოფელი შოკშია, ყველა განიცდის და ყველა იზიარებს ოჯახის მწუხარებას“ _ ლანჩხუთელი მსოფლიო ჩემპიონის ძმა აშშ-ში გარდაიცვალა

|

Loading

დავით და გოჩა შაინიძეები

ლანჩხუთელი მებრძოლის, GFC-ის მსოფლიო ჩემპიონის, გოჩა შაინიძის ძმა _ დავით შაინიძე აშშ-ში, სადაც სამაგისტრო პროგრამის კურსს გადიოდა, ჯერჯერობით დაუდგენელ ვითარებაში გარდაიცვალა.

წარმატებული ძმები ნიგვზიანის თემიდან არიან და სოფელ არჩეულში გაიზარდნენ. როგორც ხაჯალიის სკოლის დირექტორმა, ხათუნა აფხაზავამ გვითხრა, 26 წლის დავითი აშშ-ში, კერძოდ კი, ნიუ-იორკში იმყოფებოდა და ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო კურსს გადიოდა. ცოტა ხნის წინ იგი, სოფელში იყო ჩამოსული.

ხათუნა აფხაზავა (ფოტოზე მარცხნივ): „ნიუ-იორკიდან, მანჰეტენიდან და ბრუკლინის ხიდიდან პირდაპირ Luka’s Drive -ში _ დათო შაინიძე (ფოტოზე შუაში) სამაგისტრო პროგრამას აშშ -ში ამთავრებს და დამპირდა, რომ საქართველოში დაბრუნდება… მადლობა მშობლებს – დათო და გოჩა შაინიძეების გაზრდისთვის! იმედია, გოჩასთანაც გადავიღებ ასეთ სამახსოვრო ფოტოს, ჩვენი სოფელი ამაყობს თქვენით“

„ეს ფოტო პირველ სექტემბერსაა გადაღებული, რამდენი ვისაუბრეთ, რამდენი გეგმა გამანდე და რამდენი ალბათ ჩაფიქრებული გქონდა… შენ ხომ ჩვენი სოფლის და სკოლის სიამაყე იყავი, უფრო სწორედ, ასე დარჩები სულ… რა ვუთხრა შენს გამწარებულ დედას, მამას, გოჩას, არ ვიცი… ყველას მინდა გითხრათ, რომ დათო იყო უნიჭიერესი, მიზანდასახული, მშრომელი, მოსიყვარულე ვაჟკაცი… მთელი სოფელი შოკშია, ყველა განიცდის და ყველა იზიარებს ოჯახის მწუხარებას. რომ ვუთხარი, დარჩი ამერიკაში-მეთქი, არაო _ სავიზო რეჟიმს თუ დავარღვევ, გოჩას შეიძლება პრობლემები შეექმნას და მაგას ვერ ვიზამო“ _ ასე იხსენებს ბოლო შეხვედრას ხათუნა აფხაზავა.

„ჩემი ყველაზე დიდი მხარდამჭერი, გულშემატკივარი და მოტივატორი… ცხოვრებაში ყოველ წამს ჩემს გვერდით იყავი, ახლა გულში ხარ სამუდამოდ, ძმაო“ _ ემოციურ პოსტს აქვეყნებს მსოფლიო ჩემპიონი გოჩა შაინიძე.

„გურია თუდეი“ მწუხარებას გამოთქვამს დავით შაინიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მშობლებს, ძმას, ყველა ახლობელს.

რას ჩივი?