ლანჩხუთი გამორჩეულ მასწავლებელს, ნინო ჩქარეულს ემშვიდობება. თბილად იხსენებენ მას ყოფილი მოსწავლეები, კოლეგები, ახლობლები.
ტრადიციულად ემოციურია სოფიო ჩხაიძე, რომლის ჩანახატები თუ მოგონებები სულს გვითბობს. ამჯერად იგი წერს:
„ჩემს პატარა ქალაქში, ყველაზე ძველ, მრავალრიცხოვან, განსაკუთრებულ სკოლას არ აკლდა ძლიერი, ერუდირებული, ტაქტიანი პედაგოგები. ლანჩხუთის პირველ სკოლაზე ვწერ ახლა (სხვა სკოლებიც არ უდებდნენ ტოლს იმ ხანად და იყო ჯანსაღი, უშუღლო კონკურენცია).
ასეთ სკოლაში რომ გამორჩეულ ფიგურებში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ყოფილიყავი, ამას დამსახურება სჭირდებოდა. ეს კი თავისთავად არ მოდის, რასაც ქვია სულის წვრთნა, გულის გაყოლა, თითქმის შეუმჩნეველი დისტანცია მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის, ზომიერება და კიდევ ვინ იცის რამდენი რამ არის სავალდებულო და საჭირო, რომ რიგითი პაიკი არ იყო დიდებულ გარემოში. ადგილები კი ასე იოლად არ რიგდებოდა ადრე. მას იმსახურებდნენ.

ასევე წაიკითხეთ: „მოხევის ქალი გურიის მთებში… გამორჩეული მასწავლებელი, რომელიც ხმის აუმაღლებლად იმორჩილებდა ყველაზე აცვენილ კლასს და ერთნაირად უყვარდა ამრევები და წყნარები“ https://shorturl.at/t0H7X
ნინო ჩქარეული პირველი სკოლის პედაგოგი გახლდათ. ნინო ბიცოლას (ასე მეკუთვნოდა) მოსწავლე არ ვყოფილვარ (სახლში თუ წამამეცადინებდა მხოლოდ), მაგრამ მსმენია მისი მოსწავლეებისგან – ჩქარეული რომ გაივლიდა, კედელს ეკვროდნენ დიდი ბიჭებიც კი, რომლებსაც სულ არ ეშინოდათ მისი, უბრალოდ, პატივისცემა ეკვროდა კედლებს ამ პატარა, ტანმორჩილი ქალის ჩავლამდე. სკოლის ყოჩებში ატეხილ კამათსა და შეხლა-შემოხლასაც ჩქარეულისადმი ზერიდი აწესრიგებდა თურმე.
– მე ნინო ჩქარეულის მოსწავლე ვიყავი – ეს ნიშნავდა, რომ მან რუსული კარგად იცოდა.
– მე ნინოს მეგობარი ვიყავი.
– მე ჩქარეულის სკოლა მაქვს გავლილი…
ასეთ ფრაზებს დღესაც გაიგონებთ მის ნამოსწავლარებისგან.
ერთხელ, ნინო ჩქარეულთან ჩემი რუსულის დავალება წავიღე. ვიცოდი დამეხმარებოდა და თან მის მკვეთრად დახრილ რუსულის ასოებს ჩემს რვეულშიც მოათავსებდა. თვითონ რუსულ-ქართულ ლექსიკონს ფურცლავდა. რაღაცას ეძებდა. სიძველისგან გაყვითლებული ფურცლებში მეც ჩავიჭყიტე. გაქექილი წიგნი უსიტყვოდ დამითმო.
მერე მითხრა, ერთი კარგი სიტყვა რაც ქართველებს გვაქვს მანდ ვერ ნახავო. ჭირისუფალი ჰქვია ამ სიტყვას და მხოლოდ ჩვენთან ვადიდებულებთ მას. გეტყვი, რომ შენ და შენი ძმა ჩემი შვილების ჭირისუფლები ხართ. ისეთი სიტყვაა, ლხინსაც რომ უხდება და ჭირსაცო.
დღეს ვიჯექი მისი შვილების გვერდით, ჭირისუფლად. რაც მაშინ ბოლომდე ვერ გავიგე, დღეს ვაჭირისუფლე“ _ წერს სოფიო ფეისბუქის პირად გვერდზე.
მისი დედა, ასევე უსაყვარლესი მასწავლებელი თალიკო კვირკველია ისხენებს გამორჩეულ კოლეგასა და მეგობარს:
„მშობელი სარკე უნდა იყოს შვილისთვისო.. ბადრი კუტალაშვილისა და ნინო ჩქარეულის ოჯახით კარგად ჩანს ამ ფრაზის გამჭვირვალობა.. სოფო როცა გაჩნდა, იმ ღამით ნინო თბილისში გამოიძახეს სამსახური გამო.. როცა დაბრუნდა, ლამაზი მისალოცი შემომიგზავნა, როგორ მინდოდა შენთან ვყოფილიყავი ამ ბედნიერ განსაცდელის ჟამს,შუბლზე ოფლს მოგწმენდდიო, ჩემო თალი, სანთელ-საკმეველი გზას არ დაკარგავსო.. ასე ერთმანეთის შეშველებაა ცხოვრების სიტკბო.. სამწუხაროდ, არ შემარჩინა ღმერთმა ის სიტკბოება.. მადლობა, ნინო, რომ არსებობდი ასეთი გამორჩეული რძალი-მეგობარი და პიროვნება“ _ წერს თალიკო მასწავლებელი.
ჩვენი ძვირფასი კოლეგა, ყოფილი პედაგოგი ეთო ჭყონია ასევე თბილი სიტყვებით ემშვიდობება ამაგდარ მასწავლებელს:
„ჩემი უსაყვარლესი ნინო მასწავლებელი, მეგობრულიც იყო და მკაცრიც, ყველა მოსწავლე უყვარდა, არავის გამოარჩევდა, ბავშვებიც კრძალვით და მოწიწებით ხვდებოდნენ, უსწავლელი არავინ შევიდოდა გაკვეთილზე, ისეთი რიდი და პატივისცემა ჰქონდათ.
წლების შემდეგ მახარებდა მისი შეხვედრა, საათობით ვსაუბრობდით, საინტერესო და თბილი თხრობა ჰქონდა…
წუხდა, ოჯახი რატომ არ შექმენიო, საგანი შეგაყვარე, ენა გასწავლე და ალბათ, ამ ამ თემაზე უფრო მეტად უნდა მესაუბრაო…
ნინო მასწ. უფალმა დაგიმკვიდროს სასუფეველი, შეხვედრამდე…“ _ წერს ეთო.
კიდევ ერთი ყოფილი მოსწავლე ნათელა კილაძე წერს: „ნინო მას, გახსოვთ გეუბნებოდით,რომ თქვენი სიყვარულით გადავწყვიტე პედაგოგობა. მართლაც გამორჩეული იყავით, ყველა ადამიანური ღირსებით შემკული, ძალიან, ძალიან მიყვარხართ. თანავუგრძნობ თქვენს ოჯახს, ჩვენს ბადრი მასწავლებელს, უფალმა დაგიმკვიდროთ ცათა სასუფეველი. ყოველთვის თბილად და ტკბილად მოგიგონებთ“.


