ლანჩხუთის საკრებულოს ყოფილი წევრი (ნინოშვილის მაჟორიტარი 2014-21 წლებში), ექიმი დავით ჩხარტიშვილი პასუხობს ოპოზიციონერი ყოფილი კოლეგების _ კახა ასკურავას, გია გოგუაძის, ირმა მგელაძისა და გივი ცინცაძის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის სახელით გავრცელებულ განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ „ალექსანდრე სარიშვილს ჰქონდა შანსი, გამიჯვნოდა რუსულ ხელისუფლებას“ [უარი ეთქვა, მესამედ კენჭისყრაზე] და „ლანჩხუთის მერი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვერ იღებს“. [წაიკითხეთ: „თუ ასე არაა, კეთილი ინებოს ალექსანდრე სარიშვილმა და საჯაროდ უპასუხოს თითოეულ კითხვას“ https://shorturl.at/6cfqJ]
„დავიწყებ იმით, რომ მერის თანამდებობა ნაკლებად არის პოლიტიკური. უფრო სამეურნეო პოზიციაა, ანუ მომეტებულად რაიონის ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ კეთილდღეობაზე ზრუნვა ევალება, ვიდრე პოლიტიკურ ბატალიებში შესვლა და შესაბამისი განცხადებების კეთება“ _ წერს ჩხარტიშვილი სოციალურ ქსელში და იქვე, აგრძელებს:
„მოდი, გულახდილები ვიყოთ და ვთქვათ, როდესმე რაიონში ამ რაოდენობით ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელებულა, რაც ბოლო 7-8 წლის განმავლობაში? რამდენი სოფლისთვის საუკუნის პროექტები გაკეთდა, ისეთ ადგილებში დაიგო გზები, სადაც არასდროს ყოფილა. როდესმე იყო ლანჩხუთის [ქალაქის] ყველა ქუჩა მოასფალტებული? სასმელი წყლის პროექტები, გაბიონები, სანიაღვრე არხები, ხიდები… არ ვამბობ, რომ საკმარისია, მაგრამ ფაქტია, რომ ამ კაცის მოღვაწეობისას ყველაზე მეტია გაკეთებული. თან არ დაგვავიწყდეს ორი ყველაზე საშინელი სტიქია დაემთხვა მის პერიოდს – საშინელი მეწყერი და არნახული დიდთოვლობა. რამდენმა უძილო ღამემ და დღემ გადაიარა მის ზურგზე, ისეთმა დღეებმა, რომლის გათენებაც ზოგჯერ შეიძლება არ უნდოდა. ყველაფერს გაუმკლავდა. ვიცი, მეტყვით, რეაგირებისას შეცდომები ჰქონდაო, შეიძლება, მაგრამ მანახეთ მსოფლიოში მენეჯერი, ვისაც დიდი კატასტროფებისას შეცდომა არ დაუშვია. ვერ მაჩვენებთ. შეცდომას ის უშვებს, ვინც რაღაცას აკეთებს. ყველაზე დიდი შეცდომა და ცოდვა კი უმადურობა და კარგი ადამიანის მარგინალიზაცია მგონია“.
ლანჩხუთის საკრებულოს ყოფილი წევრი მოქმედი მერის ოპოზიციის წარმომადგენლებთან დამოკიდებულებაზეც წერს: „დავუშვათ რაღაც დოზით ევალება [პოლიტიკური განცხადების] ან სიტუაციიდან გამომდინარე ვერ შეძლო გვერდის ავლა. მე არ მახსენდება, გინდ საკრებულოს წევრობისას, გინდ მერის პოზიციაზე (ერთად ეს დაახლოებით 12 წელია) ალექსანდრეს როდესმე უტაქტოდ, უკმეხად, ზიზღის ენით მოეხსენიებინოს მისი პოლიტიკური ოპონენტები, ყოველთვის იყო თავაზიანი, კეთილგანწყობილი, მეგობრული და კოლეგიალური. აქედან გამომდინარე, ასეთი, რბილად რომ ვთქვათ, „მკვახე“ განცხადება და მისი კედელთან მიყენების მცდელობა, უბრალოდ, უხერხულია იმ ადამიანებისგან, ვინც მას წლებია იცნობს. მესმის, წინასაარჩევნო ბრძოლები დაიწყო და მოწინააღმდეგის დისკრედიტაცია ამ ბრძოლის ნაწილია, მაგრამ ალექსანდრესთან მიმართებაში მაინც გადაცდომად მიმაჩნია“ _ აღნიშნავს საკრებულოს ყოფილი წევრი.
მისივე თქმით, „შეიძლება [ალექსანდრე სარიშვილს] სულაც არ სჭირდება ჩემი გამოსარჩლება , მაგრამ რა ვქნა „სხვაგვარად არ ძალმიძს“.


