ეს სტრიქონები დიდი ხნის წინ დაიწერა, მაშინ, რასაც „ჩემი“ ერქვა, ყველაფერი მენატრებოდა: ჩემი მშობლები, ჩემი სახლი, ჩემი ეზოს ყვავილები და ჩემი „მუსიკალურიც“…
ყოველთვის მაგონდება ის, რასაც ვხედავ და მესმის, რის სურნელსაც ვგრძნობ…
ჩემი მარინა მასწავლებელი: პირველი მასწავლებელი, მაღალი, სუსტი, მოკლე ვარცხნილობით და გრძელი შავი პალტოთი…
სასწავლო წელი ძალიან საინტერესოდ იწყებოდა. დამისვამდა გვერდით, შემისრულებდა რამდენიმე ნაწარმოებს და მეტყოდა: „რომელი მოგწონს, ეს? თუ ის?“, ან „იქნებ ეს?“ ავირჩევდი იმას, რომელშიც ბევრი სტოკატო იყო, ხასიათი მქონდა ასეთივე ხტუნია და იმიტომ.
აუცილებლად მომითხრობდა. იცით, მოცარტს, ჩაიკოვსკის, ბეთხოვენს მომითხრობდა. მხოლოდ შემდეგ შემისრულებდა. მის შერჩეულ ყველა ნაწარმოებს ვხედავდი, ვხედავდი და მესმოდა!
ამიტომ ჩემი „კუროჩკა“, რომელსაც პირველ კლასში ვასრულებდი, პაწია და ჭრელი ქათამი იყო, კვერცხსაც დებდა. მეც პაწია ვიყავი და მჯეროდა, თუ სტოკატოს მსუბუქად არ ავიღებდი, კვერცხები აუცილებლად გატყდებოდა! სწორედ ასე იყო!!!
და კიდევ ერთი რამ. მამა გაგვაცნო. ის სითბო დღესაც მასხოვს.
ჩემი ნანული მასწავლებელი… „როცა მოგვიხმობს სამშობლო, აგუგუნდება მთა-ბარი…“ აბა, მითხარით, დღეს ვინ მღერის ასე ომახიანად სამშობლოზე? ჩვენ ვმღეროდით! მაშინ, მართალია, სკოლის გუნდი გვერქვა, მაგრამ ჩვენ ერთი ვიყავით: გუნდი, ნანული მასწავლებელი და ცუცქი!
კიდევ ერთი რამ მახსოვს: დიდი ოთახი, რომელიც სავსე იყო ფერადი ნაჭრებით, ძაფებით, ნაკუწებით, შეკერილი და შეუკერავი უამრავი ნივთით. ვბზრიალებდი, ვბზრიალებდი, ვბზრიალებდი… მიღებდა ზომებს გუგული დეიდა და ვარდისფერტიტებიანი სასცენო კაბაც სწრაფად იკერებოდა.
მაშინ ყველა ერთი ვიყავით: გუნდი, ნანული მასწავლებელი, ცუცქი და გუგული დეიდა…
ვიყავით კიდეც ოქროს მედალოსნები!!!
ჩემი ციცო მასწავლებელი მახსოვს: მახსოვს თბილი ხელები, თბილი ხმა და არცერთი გაბრაზება! საკმაოდ კარგი „ანსამბლი“ ვიყავით ქეთევან და ილია იმნაძეები!!!
ჩემი ლუიზა მასწავლებელი: სოლფეჯიო და მე? ეს იგივეა, გიყვარდეს მათემატიკა. აბა, მითხარით, ბევრს გიყვართ მათემატიკა? არც მე მიყვარდა სოლფეჯიო. სამაგიეროდ, ის აივანი მიყვარდა, ცისფერმოაჯირიანი, მზით გამთბარი ვიწრო აივანი, რომელიც რუსულ სკოლას გადაჰყურებდა. სწორედ ეს აივანი უნდა გამერბინა დაგვიანებულს, რომლის ბოლოს სოლფეჯიოს დიდი ოთახი მელოდა ლუიზა მასწავლებელთან და მის „მუსიკალურ ჩაქუჩთან“ ერთად. ცისარტყელას ფერები ჰქონდა ამ ჩაქუჩს და ძალიან სასაცილო ხმას გამოსცემდა, ნამდვილად ჯადოსნური იყო, ალბათ! თუ ლუიზა მასწავლებელი გაბრაზდებოდა, ჩვენს პაწია თითებზე ჩაქუჩი მხიარულ მელოდიად გადადიოდა. არა, არც ლუიზა მასწავლებელი ბრაზდებოდა და არც ჩვენ, პირიქით!!!
ჩემი ქეთევან მასწავლებელი: ქეთევან ხეცურიანი, მეგონა, მარინა მასწავლებელს ვერავინ შემიცვლიდა, მისი საკუთრება ვიყავი. მასავით ვერავინ გამითბობდა გაყინულ ხელებს რეფლექტორზე, ვერავინ გამიმასპინძლდებოდა გემრიელი შოკოლადით, ვერავინ დამიწერდა უშველებელ ორიანს უცოდინარობისთვის დღიურის მთელ სიგრძეზე… და სწორადაც ვფიქრობდი!

„გურია თუდეის“ სპეცნომერი, რომელიც დღევანდელი საიუბილეო საღამოს ყველა დამსწრეს საჩუქრად დაურიგდა
ის სულ სხვა იყო, ჩემი მოსახელე, ლამაზი თითებით და თაფლისფერი ფოფინა თვალებით გუდიაშვილის სერაფიტას ჰგავდა.
ძალიან მიყვარდა და ბავშვურად მიხაროდა, რომ მეც ქეთევანი ვიყავი. ორნი ვიყავით: ქეთევანი და ქეთევანი!
აი, ჩემი მარიკა მასწავლებელი სულაც არ მინდა გავაიგივო მუსიკალურ სკოლასთან. ის და ნოდარი ბიძია! ჩვენთვის უახლოესი ადამიანები! ჩვენი ოჯახის ჭირისა და ლხინის გამზიარებლები! რაიონისთვის _ ულამაზესი წყვილი, ნათელი და სანთელი!
ვულოცავ ჩემს „მუსიკალურს“ საიუბილეო თარიღს, თავისი საქმის დიდ პროფესიონალს, „ფორტე“-თი და „პიანო“-თი ჰარმონიულად შეზავებულ ლამაზ კოლექტივს, ნიჭიერი და ზარმაცი მოსწავლეების ერთნაირად მოსიყვარულეს!
…
ეს ქეთევან ლიპარტელიანის ამაღელვებელი და ემოციური გამოსვლაა დღევანდელი საღამოდან, რომელიც ლანჩხუთის კულტურის სახლში გაიმართა და სამუსიკო სკოლის 60 წლის იუბილეს მიეძღვნა.
გუშინ, იუბილარი სკოლა სამი საათის მანძილზე ისმენდა ბევრ თბილ სიტყვას, მადლობას, მთელი დარბაზი იზიარებდა სიხარულს.
თითქოს საღამო დროში გაიწელა, მაგრამ იმდენად ბევრი იყო სითბო და სიყვარული, ერთ ადამიანსაც არ დაუტოვებია გადაჭედილი დარბაზი.
იუბილარ სკოლას მიულოცეს ყოფილმა მოსწავლეებმა, პედაგოგებმა, გულშემატკივრებმა, რაიონის ხელმძღვანელმა პირებმა და ამ საღამოსთვის სპეციალურად ჩამობრძანებულმა, „მუსიკის აკადემიკოსმა“, ვალერიან შიუკაშვილმა.
ლანჩხუთის სამუსიკო სკოლამ მრავალი ნომერი შემოგვთავაზა, რომლებმაც მოწონება დაიმსახურეს სხვადასხვა კონკურსზე. კოლეგებს ლამაზი ნომრები აჩუქეს ჩოხატაურის და სუფსის სამუსიკო სკოლებმა. სპეციალურად ჩამოვიდნენ სენაკის ფესტივალის ორგანიზატორები…
ლანჩხუთის სამუსიკო სკოლის დამაარსებელი და პირველი დირექტორი მარიკა ორაგველიძე რომ არ მომკვდარა, გუშინ ყველა წუთს მიხვდებოდით, იმდენი ლამაზი სიტყვა ითქვა ლანჩხუთის მუსიკალური სკოლის ამაგდარსა და მოჭირნახულეზე.
თბილი სიტყვები ისმოდა შემდეგი ორი დირექტორის მიმართაც, რა თქმა უნდა, ალალი ქება დაიმსახურა ლანჩხუთში ხელოვნების დიდმა ქომაგმა ლია ურუშაძემ, რომელმაც მოქმედ დირექტორ მაია ჩავლეიშვილთან ერთად გააცოცხლა სკოლის ისტორია…
განსაკუთრებული იყო ყოფილი დირექტორის, მარინე ტუღუშის გამოსვლა, რომელმაც დაამტკიცა, რომ სამუსიკო სკოლა ნამდვილად ერთი ოჯახია და ეს ფორმალობა სულაც არაა! ბევრი გსმენიათ, ყოფილი მოქმედ ხელმძღვანელს ასე ალალად აქებდეს და გულით წარმატებას უსურვებდეს?
საღამოს მშვენება იყო გიორგი გეგიაძის მიერ, ქალიშვილ თამართან ერთად შესრულებული სიმღერა…
სულ ბოლოს, ქალბატონმა მაია ჩავლეიშვილმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც სკოლას იუბილე მიულოცა…
„გურია თუდეი“ უერთდება მილოცვებს და იუბილარს სკოლას, მის დირექტორს, პედაგოგებს, ყოფილ და ახლანდელ მოსწავლეებს დიდ წარმატებებს უსურვებს.
ჩვენმა რედაქციამ იუბილესთვის სპეცნომერი დაბეჭდა, რომელიც მთლიანად სამუსიკო სკოლას ეძღვნება. გაზეთი დარბაზში მყოფ 400-მდე ადამიანს საჩუქრად დაურიგდა, ხოლო გაზეთის მკითხველი კვირის ნომერთან ერთად მიიღებს…
მათე გურული
ასევე წაიკითხეთ:
3 დირექტორი, 80 პედაგოგი, 1100 მოსწავლე… ლანჩხუთის სამუსიკო სასწავლებლის 60 წლის შედეგები






