„მაშინ თქვენც სოროსელები იყავით თუ ღირსეული და მართალი ჟურნალისტები?“ _ გოჩა ჯანაშია ყოფილ კოლეგა/თანამშრომლებს მიმართავს, რომლებიც ხელისუფლებას უჭერენ მხარს

|

Loading

გოჩა ჯანაშია

ლანჩხუთელი ოპოზიციონერი, „ლელოს“ ადგილობრივი ლიდერი გოჩა ჯანაშია, რომელიც ათწლეულების მანძილზე ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდა, მათ შორის იყო „ლანჩხუთი პლუსის“ გამომშვები რედაქტორი და „სარბიელის“ კორესპონდენტი, თავის ყოფილ კოლეგა/თანამშრომლებს მიმართავს, რომლებიც ხელისუფლების მხარდამჭერები არიან და იმ დროს ახსენებს, როცა დასავლელი დონორების დაფინანსებას იღებდნენ:

„უნდა შევახსენო ერთ დროს ჩემს ჟურნალისტ კოლეგებს, რომლებსაც პროფესიონალური ეთიკის ნატამალიც კი არ წარმოუჩენიათ კოლეგის [მზია ამაღლობელის] მიმართ და უფრო მეტიც, იქნებ სოროსელ მონა-ჟურნალისტადაც იხსენიებენ მას, როგორც სხვა ორთოდოქსი ქოცები. გაგახსენებთ „ლანჩხუთი პლუსის“ იმ პერიოდს, როცა „იუსაიდი“ ასპონსორებდა გაზეთს. მაშინ კორუფციასთან ბრძოლის გამო იხდიდნენ დასავლელი დონორები ფულს და გაზეთმაც და ჟურნალისტებმაც თავი ღირსეულად იგრძნეს, მატერიალურად დაფასდა შრომაც და ეფექტურობამაც იმატა. ჰოდა, მაშინ თქვენც სოროსელები იყავით თუ ღირსეული და მართალი ჟურნალისტები, რომლებიც საქმეს უდგებოდით ისე, როგორც ქვეყანას სჭირდებიდა?“ _ წერს ჯანაშია სოციალურ ქსელში.

გოჩა ჯანაშია და სოფო წილოსანი ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან | 4 აგვისტო, 2025 წ.

იგი დღეს მეუღლესთან, ასევე ჟურნალისტ სოფო წილოსანთან ერთად ბათუმში იმყოფებოდა და სხვა კოლეგებთან ერთად, საქალაქო სასამართლოსთან მხარდაჭერა გამოუცხადა მზია ამაღლობელს _ „ბათუმელების“ დამფუძნებელს, ვისაც პოლიციელზე თავდასხვას ედავებიან.

დღეს მზია ამაღლობელის საბოლოო სასამართლო პროცესი გაიმართა  და როგორც ბევრი ვეჭვობდით, განაჩენის გამოცხადება გადაიდო. ანუ მოსამართლემ ვერ გაბედა პროცესზე მყოფი და სასამართლოს შენობასთან მომლოდინე ხალხის წინაშე განაჩენის გამოცხადება, ანაც ეს განაჩენი იქ, “ზემოთ” იყო შესაჯერებელი, მაგრამ მთავარი ეს არ არის. მთავარი ისაა, ქალბატონი მზია როგორც ჟურნალისტი, ასევე, უბრალოდ მოქალაქე პრნციპული და შეუპოვარი ადამიანია და სწორედ ასეთს ვერ იტანს სისტემა.  მზია ყველა დროში გამოირჩეოდა ჟურნალისტის დიდი სტანდარტებით. წინა ხელისუფლების დროსაც არ დაუბლაგვია კალამი, თეთრზ ამბობდა თეთრიაო, შავზე კი შავიაო და მაშინაც ასეთი ცუდი ტიპი იყო სრულიად საქოცეთისთვის? არა, მაშინ “მათიანი” იყო, ახლა კი “სხვისიანია”, იმიტომ, რომ სიმართლე ახლა მწარეა _ წერს ოპოზიციონერი ფეისბუქის პირად გვერდზე.

რას ჩივი?