„ლანჩხუთი“ ევროსარბიელს თავაწეული ტოვებს. ეს მიუხედავად იმისა, რომ დღეს რუმინულ „ფარულ კონსტანტასთან“ 1:4 დამარცხდა. ბუქმეიქერები გურულების მოგებას 15,0 კოეფიციენტს ანიჭებდნენ, რაც პირდაპირ ნიშნავს, რომ გუნდებს შორის ძალები არათანაბარი იყო შეფასებული და ტოტალიზატორები 15-მაგ მოგებას სთავაზობდნენ, ვინც ფსონს ჩვენს „ციცებზე“ დადებდა.
თუმცა არც ასე ხელწამოსაკრავი აღმოჩნდა გიორგი ჩხაიძის გუნდი, რომელმაც 57 წუთის მანძილზე და რეალურად კი, 77 წუთამდეც გვარიანად ანერვიულა რუმინეთის ჩემპიონიც და საბუქმეიქერო კანტორებიც.
მატჩის დამთავრებამდე 13 წუთით ადრე, „ფარულმა“ მესამე გაიტანა და წყვილის ფავორიტმა იქ გადაწყვიტა მატჩის ბედი, ორ წუთში გატანილი გოლი უბრალოდ ფორმალობა და სტატისტიკის ამბავი იყო.
მანამდე 20 წუთით ადრე კი რუმინელებმა გაათანაბრეს, რასაც სამწუხაროდ 6 წუთში „ლანჩხუთის“ კარში მეორე გოლი მოჰყვა. ეს გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა…
3:1-ზე მთავარმა მწვრთნელმა ორმაგი ცვლილებით მატჩის გადარჩენა სცადა, „ლანჩხუთი“ ვა-ბანკზეც წავიდა და კი გითხარით, უფრო ძლიერმა რუმინელებმა აქეთ გაგვიტანეს…
არადა, ყველაფერი „ციცებისთვის“ იდეალურად და „დუნიის მორიგი გადარევისკენ“ მიდიოდა _ გურულებმა რუმინელებს ტოლი არაფერში დაუდეს და პირველი ტაიმის ბოლოსკენ ეთერ სულაშვილმა სულაც ანგარიში გახსნა.

პირველი ტაიმის შემდეგ… | „ფარულ კონსტანტას“ ფეისბუქ-გვერდი
1:0 და მორიგი სენსაცია, უკვე გითხარით, 57-ე წუთამდე გაგრძელდა…
33 წუთი დაგვაკლდა მორიგ სასწაულამდე…
თავს მხოლოდ იმით არ ვიმშვიდებთ, რომ „ლანჩხუთი“ საქართველოდან ყველაზე დიდხანს შემორჩა ევროსარბიელს…
არც იმით ვკმაყოფილდებით, რომ 2020 წელს გურულებმა საქართველოდან პირველებმა გააღწიეს ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე და ეს ვერც შემდეგ მოახერხეს სხვებმა…
„ლანჩხუთი“ უფრო ძლიერი დაბრუნდება, ჩვენს ქვეყანაში ქალთა ფეხბურთიც წინ წაიწევს, „ციცებიც“ წარსულ მაგალითებზე ისწავლიან და კიდევ ბევრჯერ დავწერთ _ „ლანჩხუთლებმა გადარიეს მთელი დუნია!“
30.08.2025 | შიაულიაი, ცენტრალური სტადიონი | ლანჩხუთი 1:4 ფარულ კონსტანტა
1:0 სულაშვილი (39), 1:1 ისტრატე (57), 1:2 სტანჩუ (63), 1:3 გნალი (77), 1:4 პინზარიუ (79).
ლანჩხუთი: გაბუნია, ჩხარტიშვილი, მურილო, რასელი, წულაია (73. ჭიჭინაძე), ტელესი, კამარგო, სმიტი (21. ბოლქვაძე), წიქარიძე (73. ონიევუენი), მატვეევა, სულაშვილი


