ლანჩხუთელი მეწარმე, „გულიანის“ დამაარსებელი დავით კუპრაძე ამბობს, რომ თავის სოფელ გულიანში დიდთოვლობამ სერიოზული პრობლემები შექმნა.
„ერთი ტრაქტორი გვყავსო და რა ვქნათო, ასეთი პასუხი გაუციათ. სოფელში ვერ ჩავდივარ, შენობები რო გადავარჩინო და სახლი არ ჩამილეწოს, გზა არ არის, 3 დღეა პარალიზებულია სოფლები. მოხუცები და ბავშვები ცხოვრობენ, პრობლემები შეექმნა ხალხს“ _ წერს კუპრაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.
მისი თქმით, უშედეგოდ რეკავს 112-ზე: „ვრეკავ 112-ზე და ვეუბნები, ხალხი პარალიზებულია, რთული ვითარებაა, შუქი არა აქვთ, გაზი არა აქვთ, არაფერი არ არსებობს, 5 დღეა ტელეფონზე ვერავის ვუკავშირდები, არ ვიცი, რა ხდება, გადაისროლეთ ავტობანიდან ტრაქტორები გურიაში, ხალხს შველა უნდა-თქო. ამასობაში ლანჩხუთის პოლიციიდან მირეკავს თანამშრომელი და მეკითხება, სად ხარ და რა გიჭირსო . თბილოში ვარ, სახლში ვერ მივდივარ, გზა არ არის გაწმენდილი, სახლ-კარს დამინგრევს თოვლი-თქო. ლესაში გააჩერე მანქანა და ფეხით წადიო სოფელშიო, მეუბნება პატივცემული. ლესიდან 10 კილომეტრში ვცხოვრობ და 2 მეტრა გაუკვალავ თოვლში ფეხით უნდა ვიარო, თან ჯამრთელობის პრობლემა მაქვს, ცალი ფილტვი დამეხურა და პნევმათორაქსი გადავიტანე. მოკლედ, რთული ვითარებაა ძან!“
ეს დავით კუპრაძის გუშინდელი, გვიან ღამის მონათხრობია, დღეს კი ისევ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სოფელში საჭმელიც გაუთავდათ: „ჩემი ძმაკაცი დავინახე საიტზე და დავურეკე, რაშვებით-თქო. 112-ს დავურეკე, საჭმელი დაგვიმთავრდა, გზა არ არის, ჭიშკამდეც ვერ გავდივარ, გავჭარი ლაფათქით, მოვბრუნდი და სახლში ვერ შევედი, ამოავსო თოვლმა გაჭრილი გზა. და პასუხი 112-იდან _ სასწრაფო გინდა გამოგიგზავნითო? მეცინება, არადა სატირალია _ გზა არ არის და სასწრაფოს უგზავნიან მშიერ ხალხს“.
„გურია თუდეის“ დაუკავშირდნენ ღრმაღელიდანაც. „სამი დღეა, შუქუც არ გვაქვს და არც ტრაქტორი გაუტარებიათ ქუჩაში, ეზოდან ვერ გადმოვდივართ“ _ მოგვწერა იქ მცხოვრებმა.
პოპულარულ ფეისბუქ-ჯგუფში „ციცქნა გურია სიყვარულია“ წერენ: „მეგობრებო, ორმეთში არ არის დენი, გზა გაუკვალავია, ოჯახს ვერ უკავშირდება ხალხი. ამ დროს როგორ უნდა მოვიქცეთ?“
მას ლანჩხუთის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ნინო მშვიდობაძე პასუხობს: „20 ერთეული ტექნიკა გვყავს და ყველა გასულია სოფლებში. საშინელი სტიქიაა. მოუმზადებელიო, ნუ ვიტყვით, თუ შეიძლება, უბრალოდ, ასეთი თოვლი არ ახსოვს მხცოვან ადამიანებსაც. ტექნიკა ვერ ერევა ამოდენა თოვლს. სვანეთიდან დაეხმარეს დამატებით. ყველა ხელმძღვანელი პირი მოსახლეობაშია გასული“.
სალომე ზაქარეიშვილი „ფეისბუქზე“ წერს, რომ წყალწმინდასა და ურეკშიც რთული ვითარებაა: „ვინც არ იცით, რამდენად საშინელი სურათია, შედარებისთვის გეტყვით, რომ არათუ ღრმა და მთიანი სოფლები, არამედ გზაზე და კვალზე, ცენტრალურ მაგისტრალთან მყოფი წყალწმინდა-ურეკიც იგივე მდგომარეობაშია“.
“ცენტრალური გზები გასაგებია, მაგრამ სოფლებმა რა დააშავა. გუშინ მამა ვერ გადავიყვანე სავადმყოფოში, ფეხით ავიდა ექიმი, მიაქციეთ ყურადღება ხალხს, პურს ვერ ყიდულობენ, მაღაზიაში ვერ გადიან, უნდა დაიხოცონ მანდამაინც?” _ სოციალურ ქსელში წერს სოფო ხაბულიანი.
ლანჩხუთის მერიაში აცხადებენ, რომ ტექნიკა მობილიზებულია, მაგრამ რიგ შემთხვევებში რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ვერ ახერხებს დროულად გადაადგილებას. მერიაში ამოქმედებულია ცხელი ხაზი: „საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ: 599 111 437; 591 19 23 66; 577 39 83 22. მოვუწოდებთ მოსახლეობას, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და გაგებით მოეკიდონ შექმნილ სიტუაციას“ _ აღნიშნულია მერიის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.