ლანჩხუთში ოპოზიციონერი კანდიდატებიდან ყველაზე მეტი – 354 ხმა ჯუმბერ ბლაგიძემ აიღო, დანარჩენებმა ჯამში 1505 ხმა მოაგროვეს, 1233 ბიულეტენი გაბათილდა

|

Loading

ფოტოკოლაჟი | ოპოზიციონერი კანდიდატებიდან ჯუმბერ ბლაგიძემ (მარცხნივ) ყველაზე მეტი ხმა (354) აიღო, კახა ურუშაძემ ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენა (43,66%)

ლანჩხუთში ყველა მაჟორიტარული უბანი „ქართული ოცნების“ კანდიდატმა მოიგო, ოპოზიციას შანსი მხოლოდ ორ თემში ჰქონდა _ მამათსა და ჯურუყვეთში, ხოლო ყველაზე მეტი ხმა სუფსის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ჯუმბერ ბლაგიძემ აიღო.

ჩვენ უკვე ვწერდით მმართველი პარტიის კანდიდატების მიერ ნაჩვენები შედეგების შესახებ [წაიკითხეთ: ლანჩხუთის ყველა მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა… ექს-გამგებელი საკრებულოში ვერ მოხვდა, კიდევ ერთი ყოფილი გამგებლის ძმას კი – ცოტა დააკლდა]

ქვემოთ მოგიყვებით იმის შესახებ, თუ სად რა შანსი ჰქონდა ოპოზიციას და რატომ მოხდა, რომ ბევრგან ბათილი ბიულეტენების რაოდენობამ არა ერთი, არამედ რამდენიმე ოპოზიციონერის ჯამურად მიღებულ ხმებსაც გადააჭარბა.

ქალაქის 1-ელ მაჟორიტარულ ოლქში, 100 ბიულეტენი გაბათილდა, „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ლიდერმა, გოჩა ჯანაშიამ 79 ხმა მიიღო, ექს-გამგებელმა გია გოთუამ („კონსერვატორები საქართველოსთვის“) – 54. მეორე მაჟორიტარულ ოლქში ორი უბანი იყო, ერთგან „გახარია საქართველოსთვის“ კანდიდატის, ვალიკო მგელაძის მიღებულ ხმებზე (66) თითქმის სამჯერ მეტი ბიულეტენი (194) გაბათილდა, ხოლო მეორე საარჩევნო უბანზე ოპოზიციონერს 35 ხმა ჰქონდა და 61 გაბათილდა.

აქვე ერთი საინტერესო ფაქტიც _ 980-დან 194 გაბათილებული ბიულეტენი (19,79%) ნიშნავს, რომ თითქმის ყველა მეხუთე ბიულეტენი გაფუჭდა. მოგვიანებით, საარჩევნო კომისიამ, ეს ციფრი 183-მდე დაიყვანა, მაგრამ მაინც ძალიან მაღალი მაჩვენებელია და ლანჩხუთის მაჟორიტარულ არჩევნებში სარეკორდოა.

აცანაში ჯუნა ჩხაიძემ 89 ხმა მიიღო და 26 ბიულეტენზე ვერ დადგინდა პოზიცია, რამაც „გახარია საქართველოსთვის“ კანდიდატი აღაშფოთა და სოციალურ ქსელში წერილიც გამოაქვეყნა [წაიკითხეთ: „ვინც თითქოს ვერ მიცანით და გამბედაობა არ გეყოთ, შორიდან მაინც გეთქვათ გამარჯობა და ვისაც გეგონათ, რომ 600-ლარიანი სამსახურისთვის მივიღე ეს გადაწყვეტილება…“]

აკეთის ორ უბანზე სულ 46 ბიულეტენი გაბათილდა, ბესიკ მორჩილაძემ („კონსერვატორები საქართველოსთვის“) 15 ხმა მიიღო, დამოუკიდებელმა კანდიდატმა, თეიმურაზ გოგუაძემ – 69.

გვიმბალაურში ასევე „კონსერვატორების“ წარმომადგენელმა, დათო ხოფერიამ 50 ხმა მიიღო, დამოუკიდებელმა შალვა ჩხაიძემ – 34. აქ 45 ბიულეტენზე ვერ დადგინდა პოზიცია.

ასეთი 77 ბიულეტები იყო ლესაში და 48 – მაჩხვარეთში, სადაც ოპოზიციონერი კანდიდატები საერთოდ არ ყოფილან, ისევე, როგორც ნიგვზიანში (95 ბიულეტენი). ნინოშვილშიც მხოლოდ სახელისუფლო კანდიდატი „იბრძოდა“ და იქ 36 ბიულეტენის ხმა მიიჩნიეს გაურკვევლად.

მამათში „გირჩის“ კანდიდატმა, კახა ურუშაძემ 203 ხმა მიიღო და გასამარჯვებლად 60 ხმა დააკლდა, აქ 43 ბიულეტენი გაბათილდა. ერთ დროს, საკრებულოში „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარემ გვარიანად ანერვილა ყოფილი თანაპარტიელები _ 43,66% მიიღო, რაც „გირჩის“ და საერთოდ, ოპოზიციონერი კანდიდატების საუკეთესო შედეგია.

ასევე კონკურენცია იყო ჯურუყვეთის თემში, სადაც ელდარ ბენდელიანმა („ძლიერი საქართველო – ლელო“) 237 ხმა მიიღო (49 ბიულეტენი გაბათილდა). პოლიციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა ოპოზიციონერი კანდიდატებიდან მეორე, ხოლო წარმდგენი პარტიიდან საუკეთესო შედეგი აჩვენა (36,35%).

ყველაზე მეტი ხმა ოპოზიციიდან ჯუმბერ ბლაგიძემ მიიღო (354), თუმცა მისი შედეგი (27,68%) მესამეა ოპოზიციონერებს შორის, ხოლო თავისი პარტიიდან („გახარია საქართველოსთვის“) _ საუკეთესო. სუფსაში გაბათილებულ 79 ხმაზე ნაკლები (76) მიიღო კიდევ ერთმა ოპოზიციონერმა, ემზარ გოგუაძემ, რომელმაც, სხვათაშორის, პარტიიდან „კონსერვატორები საქართველოსთვის“ საუკეთესო შედეგი მიიღო (5,94%).

20%-ზე მეტი კიდევ ერთმა ოპოზიციონერმა კანდიდატმა მიიღო _ ჩოჩხათის თემში (გაბათილდა 95 ბიულეტენი) ფრიდონ ფუტკარაძეს („ძლიერი საქართველო – ლელო“) 240-მა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი (23,5%). მიღებული ხმების რაოდენობით მისი შედეგი მეორეა ოპოზიციონერებში.

ღრმაღელის თემში 59 ბიულეტები გაბათილდა, 1 ხმით მეტი მიიღო „კონსერვატორების“ კანდიდატმა, დავით როყვამ, ხოლო შუხუთში გივი იმნაიშვილმა („გახარია საქართველოსთვის“) 97 ხმა მიიღო, ხოლო 69 ბიულეტენზე ამომრჩევლის ნების გამოხატვა ვერ დადგინდა. გაბათილებულ ბიულეტენებზე (37) 2-ჯერ მეტი ხმა (75) მიიღო ჩიბათში ნინო პატარაიამ („გახარია საქართვლოსთვის“), ხოლო ნიგოითის თემში 86 ბიულეტენი გაუქმდა, ოპოზიციონერმა მაკა მშვიდობაძემ („გახარია საქართველოსთვის“) – 95 ხმა მიიღო.

შეჯამებისთვის _ 13 750 ბიულეტენიდან გაბათილდა 1233 ბიულეტენი, რაც 8,96%, ხოლო 17 მაჟორიტარულ ოლქში 16-მა ოპოზიციონერმა და ერთმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა მიიღო 1928 ხმა, რაც არჩევნებზე მოსული ამომრჩევლის 14,02%-ია, ხოლო თუ ბათილ ბიულეტენებს გამოვაკლებთ, ეს მონაცემი 15,40%-მდე აიწევს. მხოლოდ 16 ოპოზიციონერის შედეგი კი 1859 ხმაა, რაც მოსული ამომრჩევლის 13,52%-ია.

მართალია, მაჟორიტარული არჩევნები ვერ მოიგეს, მაგრამ ზემოხსენებული 16 ოპოზიციონერი კანდიდატიდან 2 საკრებულოში პარტიული სიით მოხვდება _ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ პირველი ნომრები: გოჩა ჯანაშია და ჯუმბერ ბლაგიძე.

რას ჩივი?