ლანჩხუთში ავტობანის 8 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა: „ეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის ნიშნავს ნაკლებ ხმაურს და მეტ უსაფრთხოებას“… როდის დასრულდება სამტრედია-სუფსის მაგისტრალი?

|

Loading

ლანჩხუთი-ლესის მონაკვეთი გაიხსნა | 17.12.2025 წ.

როგორც იქნა, ავტობანის ლანჩხუთი-ლესის მონაკვეთი გაიხსნა. „გურია თუდეი“ ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ წერდა: „ლანჩხუთი-ლესის 8 კმ.-იანი 4 ზოლიანი მონაკვეთი რამდენიმე დღეში გაიხსნება“ _ როდის დასრულდება ლანჩხუთის მონაკვეთზე ავტობანის მშენებლობა?

თუმცა ასეთი დაპირებები წლებია გვესმის, ბოლოს სამი წლის წინ იყო ნათქვამი, რომ 2024-ში უნდა დასრულებულიყო მშენებლობა, მაგრამ მხოლოდ ერთი კვირის წინ გაჟღერებული შესრულდა. თანაც 2022-ში დაპირებული ჯერ სრულად ვერა, რადგან ლესა-ხაჯალიის მონაკვეთი ისევ გასაკეთებელია.

„საქართველოს აქვს უნიკალური, სტრატეგიული მდებარეობა, ჩვენ ტრადიციულად ვიყავით ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყანა და გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფუნქცია და ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, მაქსიმალურად აღვუდგინოთ ჩვენს ქვეყანას ეს ტრადიციული, ისტორიული ფუნქცია, ამისთვის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობას განსაკუთრებული როლი და მნიშვნელობა აქვს“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალის ახალი 8-კილომეტრიანი მონაკვეთის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ალექსანდრე სარიშვილი ესალმება ირაკლი კობახიძეს | ლანჩხუთში გზის გახსნას გურიის გუბერნატორი გიორგი ღურჯუმელიძე, „ქართული ოცნების“ დელეგატი ვასილ ჩიგოგიძე და სამივე მუნიციპალიტეტის მერი დაესწრნენ

მან ხაზი გაუსვა პარტნიორების როლს მსგავსი პროექტების განხორციელებაში და ევროპის საინვესტიციო ბანკს მადლობა გადაუხადა. ლანჩხუთში გზის გახსნის ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

„წელს ჩვენ უკვე გავხსენით რიკოთის უმნიშვნელოვანესი ნაწილი – რიკოთის შემოვლითი გზა. დღევანდელი 8-კილომეტრიანი მონაკვეთი არის სამტრედია-გრიგოლეთის 12-კილომეტრიანი გზის შემადგენელი ნაწილი. სამუშაოები აქტიურად გაგრძელდება და უახლოეს მომავალში დასრულდება მთლიანად ამ მონაკვეთის მშენებლობა. დღეისათვის ქვეყანაში უკვე აშენებულია 383 კილომეტრი მაგისტრალური გზა. სულ 68 კილომეტრი ჩქაროსნული ავტომაგისტრალი იყო აშენებული 2012 წლამდე საქართველოში. 2012 წლის შემდეგ აშენდა 315 კილომეტრი ჩქაროსნული ავტომაგისტრალი. ისიც გასათვალისწინებელია, რომ აქ საქმე გვაქვს ბევრად უფრო რთულ მონაკვეთებთან, რომელთა მშენებლობა უწევს ჩვენს ხელისუფლებას და კონკრეტულად, ინფრასტრუქტურის სამინისტროს. ეს ციფრები საუკეთესოდ აჩვენებს სხვაობას და აჩვენებს ჩვენს დამოკიდებულებას საქმისადმი. უახლოეს მომავალში დასრულდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მთლიანი დერეფნის მშენებლობა. ეს მოიცავს მთლიან მონაკვეთს, დაწყებული წითელი ხიდიდან, დამთავრებული სარფამდე. ჩვენ გვაქვს კონკრეტულად გაწერილი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს უახლოესი წლების განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ყველა მონაკვეთის მშენებლობის დასრულებას, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ახალგახსნილი მონაკვეთი იწყება ლანჩხუთში და მთავრდება სოფელ ლესაში. შესაბამისად, ავტობანით მოძრავი ავტოტრანსპორტი სოფელ ჯაპანადან სოფელ ლესამდე (და პირიქით) ისე იმოძრავებს, რომ აღარ გაივლის ქალაქ ლანჩხუთს.

ეს უარყოფითად აისახებდა ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავალზე. მუნიციპალიტეტში, სადაც დასაქმება ისედაც პრობლემატურია, რამდენიმე ათეული ადამიანი დარჩება უსამსახუროდ _ საუბარია მხოლოდ გზისპირა „დრაივებსა“ და მაღაზიებში დასაქმებულებზე. რა თქმა უნდა, შემოსავალს დაკარგავს გზისპირას მცხოვრები მოსახლეობის ის ნაწილი, ვინც საკუთარ ეზოებთან ხილსა და ბოსტნეულს ჰყიდდა.

თუმცა ავტობანის გახსნა ქალაქისა და მიმდებარე სოფლების ცენტრალურ ქუჩებს განტვირთავს, რაც მეტ უსაფრთხოებას ნიშნავს, ხოლო მგზავრებისთვის – შემცირებულ დროსა და მეტ კომფორტს.

სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობა თავის დროზე ოთხ მონაკვეთად (ლოტად) დაიწყო და მაქსიმუმ 5 წლის წინ უნდა დასრულებულიყო. დღეის მდგომარეობით გახსნილია მხოლოდ ჯაპანა-ლანჩხუთისა (მე-2 ლოტი) და ხაჯალია-სუფსის (მეოთხე ლოტი) მონაკვეთები. როგორც ვთქვით, სამუშაოები დარჩენილია მე-3 ლოტის ნაწილზე (გახსნილია ლანჩხუთი-ლესის, დასასრულებელია ლესა-ხაჯალიას მონაკვეთი), ასევე დაუსრულებელია სამტრედია-ჯაპანის მონაკვეთი (1-ლი ლოტი). სწორედ სამტრედია-ჯაპანის მშენებარე მონაკვეთზე 2023 წლის თებერვალში რიონზე გადასასვლელი ხიდი ჩაინგრა. თითქმის 3 წლის შემდეგ, საქმეზე გამოძიება დაიწყო.

რას ჩივი?