ზუსტად 10 წლის წინ, 2016 წლის 26 აპრილს, საქართველოს ქალთა ეროვნულმა ჩემპიონატმა აიღო სტარტი და პროფესიონალურ ფეხბურთში „ლანჩხუთმა“ პირველი ნაბიჯები გადადგა.
სადებიუტო შეხვედრაში, გურულმა ციცებმა ლაგოდეხის „ჰერეთი“ დიდი ანგარიშით, 3:0 დაამარცხეს. პირველი გოლი თინათინ ჯიჯიეშვილის ანგარიშზეა. ასევე გაიტანეს მაშინდელმა და დღევანდელმა კაპიტნებმა: ია ალელიშვილმა და ნინო ჩხარტიშვილმა.
გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო კახა ურუშაძე, ხოლო „ლანჩხუთის“ სასტარტო შემადგენლობა პირველ შეხვედრაში ასეთი გახლდათ: თათია გაბუნია, ნინო გუჯაბიძე, მარიამ გოგეშვილი, ნინო ჩხარტიშვილი, თინათინ ჯიჯიეშვილი, ია ალელიშვილი, თამუნა თავდიშვილი, მარიამ რომანჩუკი, ქრისტინა ხუხუნაიშვილი, სოფო ნარსია, მარიამ კალანდაძე.
აქედან, გურულ კლუბში ისევ თამაშობს ორივე ნინო (ჩხარტიშვილი და გუჯაბიძე) და ნარსია, გაბუნია ამ სეზონის წინ გადავიდა „ნიკე-ლუსოში“, ხოლო კალანდაძე წინა სეზონის მიმდინარეობისას, ბერძნულ კლუბში ჩაირიცხა.
ხუთივე ფეხბურთელი, რომელმაც პირველ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და დღესაც თამაშობს, ეროვნული ნაკრების წევრია.
„ლანჩხუთი“ საქართველოში ყველაზე ტიტულოვანი გუნდია _ გასული 10 ჩემპიონატიდან ის 9-ჯერ იყო პრიზიორი: 4-ჯერ ქვეყნის ჩემპიონი გახდა, ამენჯერვე _ ვიცე-ჩემპიონი, ხოლო ერთხელ მესამე ადგილს დაეუფლა. გუნდი საქართველოს თასის 2-გზის მფლობელიცაა.
პირველ ჩემპიონატში, გურულებმა პირველი ჩემპიონი ქუთაისის „მართვე“ სტუმრად 3:1 დაამარცხეს. „ლანჩხუთს“ ჩემპიონატში +3 ქულა რომ აეღო, უნიკალურ შედეგს დააფიქსირებდა _ ათივე ჩემპიპონატის პრიზიორი იქნებოდა.
სხვათა შორის, „ლანჩხუთი“ და „მართვე“ _ საქართველოში ის ორი გუნდია, რომელიც პირველი ჩემპიონატიდან მთავარ ლიგაში ასპარეზობს და სახელი არ შეუცვლია. გურულების უპირატესობაა ტიტულების გარდა ისიცაა, რომ ქუთათურებისგან განსხვავებით, ლიგაში დასარჩენად არასდროს უბრძოლიათ,
„ლანჩხუთი“ პირველი ქართული საფეხბურთო კლუბი (არა მხოლოდ ქალთა შორის) გახდა, რომელმაც ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის _ ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე ითამაშა.
მისი ფეხბურთელები და მწვრთნელები ხშირად ხდებიან სეზონის საუკეთესოები სხვადასხვა ნომინაციაში, ირიცხებიან ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების შემადგენლობაში, ზოგიერთ შემთხვევაში, ქვეყნის მთავარ გუნდში „ლანჩხუთის“ 10-ზე მეტი მოთამაშე გამოუძახიათ.
ლანჩხუთში ქალთა საფეხბურთო კლუბის შექმნის იდეა მის პირველ პრეზიდენტს, დურმიშხან ჩხაიძეს მაშინ გაუჩნდა, როცა იგი ადგილობრივ საფეხბურთო სკოლას ხელმძღვანელობდა და ბიჭების გუნდებთან ერთად, ექსპერიმენტული ქალთა სარაგბო-საფეხბურთო გუნდი დააფუძნა.
მოგვიანებით, მისი სახლი კლუბის საბაზო ადგილი და საწყის წლებში, სხვა ქალაქებიდან ჩამოყვანილი ფეხბურთელების საცხოვრებელი გახდა.
„ციცების“ დიდ მოამაგეს, თავის დროზე, მოტივაცია ლანჩხუთში ქალთა ფეხბურთის დიდმა გულშემატკივარმა, ავთანდილ ორმოცაძემ გაუჩინა, რომელიც სკოლებში დადიოდა და იმ დროისთვის არსებული სტიგმის გამო (აქაოდა, ფეხბურთი რა ქალის საქმეაო), შეურაცხყოფების ატანა უხდებოდა. ამის მიუხედავად, იგი სიცოცხლის ბოლომდე ქალთა ფეხბურთის დიდ გულშემატკივრად დარჩა.




