ლანჩხუთელი ნათია ორმოცაძის თარგმანი ლუდმილა ულიცკაიას „დანიელ შტაინი, თარჯიმანი“ წარდგენილი იყო თბილისის წიგნის ფესტივალზე. ბევრისთვის უცნობი ნიჭიერი მთარგმნელის შესახებ სოციალურ ქსელში საკრებულოს წევრი ირმა მგელაძე წერს:
„ჩვენი პატარა ქალაქის საამაყო შემოქმედმა, შესანიშნავი ოჯახის შვილმა, ნიჭიერმა ნათია ორმოცაძემ ლანჩხუთში დაამთავრა მეორე საშუალო სკოლა, სწავლა გააგრძელა სულხან-საბას სახელობის ინსტიტუტში. შემდეგ დაამთავრა სასულიერო აკადემია, არის ერთ-ერთი საუკეთესო მთარგმნელი რუსულიდან ქართულად და პირიქით. მუშაობდა „ლიბერალში“, 2019-დან დღემდე კი „პუბლიკას“ თანამშრომელია. არის პროგრესულად მოაზროვნე, ძალიან მუსიკალური, ერთი სიტყვით, მრავალმხრივ ნიჭიერი და უზადოდ სიმართლის მოყვარული.
იგი ლანჩხუთში საკმაოდ ცნობილი დედ-მამის შვილია. დედა _ ლია მდინარაძე იყო უცხო ენის (ფრანგული) პედაგოგი, უკეთილშობილესი, პრინციპული ქალბატონი, ოჯახის ბურჯი და შვილებსა და მეუღლეზე უსაზღვროდ შეყვარებული.
მამა _ იური ორმოცაძე გახლდათ მეფრინველეობის ფერმის დირექტორი, ასევე უკეთილშობილესი პიროვნება და ძლიერი ხელმძღვანელი.

ლანჩხუთელებისთვის კარგად ცნობილი ადამიანები: ლია მდინარაძე და იური ორმოცაძე
ამ ოჯახის ურთიერდამოკიდებულება ნამდვილად მისაბაძი და სამაგალითო იყო. ასეთ დიდ სიყვარულში, იდილიაში გაიზარდა ოთხი და-ძმა _ ია, ნათია, ნინუცა და გია, თითოეული ღირსეული ქართველია.
ჩვენი კლასი (ნათია მოგვიანებით გადმოვიდა) განებივრებულია ბევრი წარმატებული და ღირსეული პიროვნებით, ძალიან მიხარია და მსიამოვნებს მათზე წერა. ნათია არის ერთ-ერთი ნამდვილად საამაყო პროფესიონალი, წარმატებული მთარგმნელი, რომელსაც აუცილებლად უნდა იცნობდეს ჩვენი პატარა რაიონი.
ნათი, გილოცავ შენი თარგმანის აღიარებას, კიდევ ბევრი სიხარული და წარმატება გქონოდეს შენი ცხოვრების ლამაზ გზაზე. გვიყვარხარ და გვეამაყები“ _ წერს ირმა მგელაძე.