ლანჩხუთში საზეიმოდ გაიხსნა ჩეხი კომპოზიტორისა და პიანისტის, კარლ ჩერნის IV კონკურსი, რომლის დამაარსებელი და სულისჩამდგმელია ცნობილი ქართველი პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი.
საქართველოს ხელოვნების აკადემიასთან ერთად ორგანიზატორები არიან ლანჩხუთის სახელოვნებო სკოლათა გაერთიანება და მარიკა ორაგველიძის სამუსიკო სკოლა, რომელიც კონკურსის მასპინძელიცაა.
რატომ გადაწყდა ლანჩხუთში ასეთი მასშტაბური კონკურსის ჩატარება _ ამის შესახებ, გასულ წელს, „გურია თუდეისთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში მსოფლიოში ცნობილმა ქართველმა პიანისტმა ისაუბრა:
„თუ პირველ კონკურსში ჩვენ გვყავდა 8 სამუსიკო სკოლა და 50-მდე მონაწილე, წელს უკვე ეს ციფრები 3-ჯერაა გაზრდილი, რაც ასევე მიუთითებს, რომ კონკურსი შედგა და მისი ჩატარება მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ დედა გურული მყავს, სამწუხაროდ, არაფერი ვიცოდი ლანჩხუთის სამუსიკო ცხოვრების შესახებ. დაახლოებით 5-6 წლის წინ, როცა სამუსიკო სკოლის 60 წლის იუბილე იყო, მაშინ მომიპატიჟეს. ქალბატონებმა _ ლია ურუშაძემ და მაია ჩავლეიშვილმა მომატარეს მთელი ქალაქი, გამაცნეს ლანჩხუთი. მათში დავინახე ის შესაძლებლობა, რომ თავს გაართმევდნენ კონკურსს და იმედები 100%-ით გამიმართლდა. სწორედ მაშინ გადავწყვიტეთ, რომ კარლ ჩერნის კონკურსი ლანჩხუთში ჩაგვეტარებინა და იმდენად მაღალ დონეზე კეთდება ყველაფერი, რომ ყოველწლიუარდ წინ მივიწევთ“ _ გვითხრა ვალერიან შიუკაშვილმა და დაგვპირდა როგორც კი ლანჩხუთის კულტურის სახლის რეაბილიტაცია მოხდება, საერთაშორისო კონკურსის სახეს მიიღებს.
წაიკითხეთ სრულად: „ლანჩხუთში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი ჩატარდება…“ _ ექსკლუზიური ინტერვიუ ვალერიან შიუკაშვილთან
პირველ დღეს ქართული კლასიკური სიმღერის კონცერტი გაიმართა. მოწონებამ ყველანაირ მოლოდონს გადააჭარბა, ასეთი გახსნა კიდევ როდის იქნება, არავინ იცის და ვინც გუშინ სამუსიკო სკოლას არ სტუმრობდა, ბევრი დაკარგა. ნაწილობრივ ამ დანაკლის ჩვენს სოციალურ პლატფორმებზე გამოქვეყნებული ვიდეოებით შეივსებთ.
დღევანდელმა დღემ გამოაჩინა, რომ მუსიკის მოყვარულებს მართლაც ლამაზი და შთამბეჭდავი საღამოები ელოდებათ.
გახსნის ცერემონიაზე, დამსწრეებმა მოისმინეს ვიოლინოს, ჩელოსა და როიალის საოცარი ჟღერადობა, შესრულდა სიმღერებიც, რომლებმაც განსაკუთრებული განწყობა შექმნა და მსმენელის აპლოდისმენტი დაიმსახურა. ქართველმა პიანისტებმა წარმოაჩინეს მუსიკის ძალა და სილამაზე, რითაც კონკურსის დაწყებას ღირსეული დასაბამი მისცეს.
თამარ ლიჩელმა, ვალერიან შიუკაშვილმა, ლიზი რამიშვილმა, გიორგი ხაინდრავამ და გოჩა დათუსანმა დაუვიწყარი კონცერტი შემოგვთავაზეს..
ხვალიდან უკვე კონკურსანტების შერჩევა-შეფასება მოხდება. საღამოს 7 საათზე კი, საფორტეფიანო მუსიკის საღამოს შემოგვთავაზებს ლევ დავიდოვი, რომელიც ავსტრიიდან ლანჩხუთში სპეციალურად ამ კონკურსისთვის ჩამოვიდა…






