ლანჩხუთის ცხოვრების ემოციური ფრაგმენტები წიგნად აიკინძა _ სოფიო ჩხაიძის თბილი ისტორიების კრებული და პატივსაცემი სტუმრები თანდილას ვენახებში

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | ინდიელი და ქართველი ქირურგი-ტრანსპლანტატორები „თანდილას მარანში“ და სოფიო ჩხაიძის წიგნის ყდა

ლანჩხუთის ცხოვრების ის ძვირფასი ფრაგმენტები, რომლებსაც სოფიო ჩხაიძე გურული იუმორით, სითბოთი, სიცოცხლითა და გულწრფელობით წლების განმავლობაში გვიზიარებდა, ახლა ერთ წიგნადაა შეკრული.

ჩვენს უნიჭიერეს თანაქალაქელს სიურპრიზი ლანჩხუთის კულტურის ცენტრის ფოლკლორის კაბინეტის გამგე მაია ჭანტურიამ მოუწყო და წიგნად აწყობილი თბილი ისტორიების ამბავი ბოლოსკენ გააგებინა.

ეს მხოლოდ მოგონებების კრებული არ არის _ ეს არის ადამიანების, ურთიერთობების, ბავშვობის, სოფლისა და ქალაქის სურნელით გაჯერებული სამყარო, სადაც თითოეული ისტორია ღიმილსაც გგვრის და გულსაც გითბობს.

ავტორის განსაკუთრებული თხრობის მანერა, გურული სისხარტე და უშუალობა თავსგადახდენილ რეალურ ისტორიებს ისეთ სიცოცხლეს სძენს, რომ ერთხელ დაწყებულ კითხვას ვეღარ სწყდები, ხოლო დასრულების შემდეგ მისი ემოცია დიდხანს მიგყვება.

ეს წიგნი ლანჩხუთის სიყვარულით დაწერილი გულწრფელი აღსარებაა, რომელიც მკითხველს საკუთარ მოგონებებსაც აუცილებლად გაახსენებს.

სტუმრები ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმსა და „თანდილას ვენახებში“, მარჯვენა ფოტოზე, მარცხნივ _ ქირურგი-ტრანსპლანტოლოგი კახა ქაშიბაძე, მარჯვნივ _ მისი ინდოელი კოლეგა სანჯაი გოჯა

დღეს, სოფოს განსაკუთრებული სტუმრებიც ჰყავდა _ ცნობილი ექიმი, ტრანსპლანტოლოგი, ონკოქირურგი და თორაკოქირურგი კახა ქაშიბაძე, რომელმაც ცოტა ხნის წინ, ღვიძლის გადანერგვის ურთულესი და უნიკალური ოპერაცია ჩაუტარა და მისი ინდოელი კოლეგა, რომელმაც პირველმა ჩაატარა საქართველოში ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია _ საოცარია, რომ სანჯაი გოჯამ პროფესორ ქაშიბაძესთა ერთად, 15 წლის წინ, ასევე ლანჩხუთელ ახალგაზრდას გადაუნერგა ღვიძლი.

საერთო ჯამში ინდოელ ქირურგ-ტრანსპლანტოლოგს ათასზე მეტი ოპერაცია აქვს ჩატარებული და ღვიძლის ტრანსპლანტაციის გარდა სპეციალიზებულია ღვიძლის, სანაღვლე გზებისა და კუჭქვეშა ჯირკვლის ქირურგიაში. ინდოეთში პირველმა ჩაატარა რობოტული ჰეპატექტომია.

სტუმრები კულტურის სახლს, ფოლკლორის კაბინეტსა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმს სტუმრობდნენ, ჯიხეთის მონასტერი მოილოცეს და აგარაკში საკმიელას ვენახებიც დაათვალიერეს.

„წიგნიც გამოვიდა, კახაც ჩამოვიდა. მადლობა, კახა ექიმო, თქვენც და თქვენს უმაგრეს სტუმარსაც. მაია ჭანტურია და გოდუნა ქურიძე, ოქროები ხართ ჩემი გახარებისთვის. ცხელი დღე იყო ტემპერატურითაც და ემოციებითაც _ დაწერა გუშინ საღამოს სოციალურ ქსელში სოფიო ჩხაიძემ.

მან ასევე მადლობა გადაუხადა ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომლებს, „ჰო და არას“ რედაქტორ ნონა გიგინეიშვილს _ წიგნის გამოცემაში მხარდაჭერისთვის და მოკრიმანჭულესა და კაი ვენახების პატრონ ავთო თურქიას, რომელმაც სტუმრებს „თანდილას მარანში“ უმასპინძლა.

ვინც ვერ მოგნიშნეთ,  ჩემს გულში ხართო _ დასძინა „ფრანგმენტების“ გულიანმა ავტორმა.