ლანჩხუთის მერიის კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ – ჟიურიმ ყველაზე მაღალი შეფასება რევაზ კუპატაძეს დაუწერა

|

Loading

კონკურსის ჟიური ნამუშევრებს აფასებს

ლანჩხუთის მერიის ტრადიციული შემოქმედებითი კონკურსის _ „მთიები“ 2025 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. კონკურსის თემაც გახლდათ _ ,,ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ…“

მხატვრულ კითხვაში (პოეზია) პირველი ადგილი ნიკოლოზ თადუმაძემ დაიკავა. მან 140 ქულა მიიღო. მეორე ადგილზე საბა მამულაიშვილი გავიდა 135 ქულით, ხოლო მესამე ადგილი წილად ხვდა დავით ჩეჩელაშვილს (133 ქულა).

ნიკოლოზ თადუმაძემ 140 ქულა მოაგროვა და პოეზიაში ყველას აჯობა

სამი გამარჯვებული გამოვლინდა პროზაშიც _ მიხეილ ბერიძე 138 ქულით უკონკურენტო იყო, მეორე ადგილზე 100 ქულით ნიკოლოზ ჭანტურია გავიდა, მან 4 ქულით აჯობა მესამეადგილოსან ეთერ თავდგირიძეს.

ფერწერაში ასევე უკონკურენტო იყო რევაზ კუპატაძის ნამუშევარი, რომელმაც მთელ კონკურსში ყველაზე მეტი _ 149 ქულა მოაგროვა. მეორე ადგილზე გავიდა მარიამ მეგრელიშვილის ნახატი (127 ქულა), მას მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩა ლილე ფირცხალაიშვილი, რომელიც საპრიზო სამეულში შევიდა.

მხოლოდ ერთი ქანდაკება იყო წარმოდგენილი და საბა ჩხაიძის ნამუშევარმა 144 ქულა და დიდი მოწონება დაიმსახურა.

გამარჯვებულების 14 აპრილს, „დედაენის“ დღეს, ლანჩხუთის კულტურის სახლში საზეიმოდ დააჯილდოებენ. პირველადგილოსნები 300-300 ლარს მიიღებენ, მეორეზე გასულებს 200-200 ლარი, ხოლო მესამედგილოსნებს 100-100 ლარი გადაეცემათ.

რევაზ კუპატაძის ნამუშევარმა ყველაზე მაღალი შეფასება – 149 ქულა დაიმსახურა

სულ კონკურსში 38-მა ახალგაზრდამ (14-დან 29 წლამდე) მიიღო მონაწილეობა, ჟიური კი 15 წევრისგან შედგებოდა, რომელსაც ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი ხელმძღვანელობდა. ჟიურის წევრები იყვნენ _ მერის პირველი მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძე (ჯგუფის უფროსის მოადგილე), კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი პაატა ურუშაძე, განყოფილების უფროსი ია ჩხაიძე, საკრებულოს წევრი ნინო მშვიდობაძე, მერიის პრესშეფი მაკა სულაბერიძე, კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი გოდერძი ქურიძე, ამავე გაერთიანების ორგანიზატირი სოფიო ჩხაიძე, სახელოვნებო სკოლათა გაერთიანების ხელმძღვანელი ლია ურუშაძე, ვილი ბარამიძის სახელობის სამხატვრო სკოლის დირექტორი რევაზ ხოფერია, ამავე სკოლის მასწავლებელი მანანა ფირცხალაიშვილი, მესამე საჯარო სკოლის პედაგოგი ლია სარჯველაძე, სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის მასწავლებელი თინიკო სარჯველაძე, გაზეთ „ჰო და არას“ რედაქტორი ნონა გიგინეიშვილი და გაზეთ „გურია თუდეის“ რედაქტორი მამუკა ქანთარია.

ლანჩხუთში შემოქმედებითი კონკურსი „მთიები“ 2021 წელს მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ია ჩხაიძის ინიციატივით დაარსდა და პატრონაჟს მერიასთან ერთად სწორედ ზემოხსენებული სამსახური უწევს.

რას ჩივი?