ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცულია ცნობები ლანჩხუთელი ლოტბარის ნოე ურუშაძის, ასევე მის მიერ პეტრე კილაძის დუქანში გამართული კონცერტების შესახებ:
1920 წელს ლანჩხუთში ჩამოდის ორგანიზატორი და ლოტბარი, ქართული საოპერო ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი _ ფილიმონ იასეს ძე ქორიძე. მის მოწაფეთა შორის თავისი გამორჩეული ნიჭით დიდ ადგილს იჭერს ბატონი ნოე ივანეს ძე ურუშაძე, შემდგომში თავად დიდი ლოტბარი.
ნოე ურუშაძე დაიბადა ლანჩხუთში 1894 წელს. პირველდაწყებითი განათლება (ორკლასიანი სასწავლებელი) აქვე მიიღო.
1919 წლამდე იგი მოღვაწეობდა ქალაქ სოხუმში ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში მოკრიმანჭულედ. შემდეგ ბრუნდება ლანჩხუთში ოჯახთან ერთად. სწორედ ამ პერიოდს ეკუთვნის მისი, როგორც ლოტბარის მოღვაწეობა მოზარდთა შორის. ბატონი ნოე მუშაობდა ძირითადად ვაჟთა და ქალთა პროგიმნაზიაში. ხმების შესარჩევად საკუთარი ვიოლინოთი დადიოდა, ლანჩხუთის არცერთი სკოლა უყურადღებოდ არ რჩებოდა. მალევე ჩამოაყალიბა 20-25 კაციანი აკადემიური გუნდი.
პეტრე კილაძის დუქანში (ქალაქის მაშინდელ ცენტრში) არსებულ თეატრის სცენაზე იმართებოდა ნოე ურუშაძის კონცერტები, რომლებიც იყო როგორც ფასიანი, ისე საქველმოქმედო. გუნდის წევრები ასრულებდნენ კლასიკური სტილის სიმღერებს, რომლის მუდმივი თანმხლები ლოტბარის ხელში აჟღერებული ვიოლინო გახლდათ. მხოლოდ შიგადაშიგ ერთვებოდა ხალხური სიმღერები მეჩონგურე ქალთა ანსამბლის შესრულებით. ამ სახელოვანი გუნდის წევრთაგან გამოირჩევა აკადემიკოს შალვა ცინცაძის და-ძმები: გერონტი, იოსები, ვერა(ექიმი) და ლუდმილა (პედაგოგი). ცინცაძეები საშუალო სკოლის ბოლო კლასებიდან უკვე მღეროდნენ. ისინი ამ გუნდს ამშვენებდნენ თბილისში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგაც. გუნდის მიერ გამართულ ყოველ კონცერტზე ჩამოდიოდნენ მონაწილეობის მისაღებად.
გუნდში ასევე მღეროდნენ: გიორგი (გოცია) სინოს ძე ურუშაძე (ბარიტონი),თამარ ჩხაიძე (სერგო ჩხაიძის და),ტატიანა ჩხაიძე, ელენე ურუშაძე (სერგო ჩხაიძის მეუღლე),ნაირა დავლადიმერ ურუშაძეები (პრ. აპ. ურუშაძის ძმისშვილები),რუბიკა კვეტაიშვილი, ვალენტი წილოსანი, გიორგი წილოსანი (ჟორა წილოსანის ბიძა),იასონ ურუშაძე-ბეითალი, ილიკო სევასტის ძე ჩხაიძე, ვენე (ვენედიქტე) კვირკველია (ცნობილი მეტყევე),პიკიშა კვირკველია (ექიმი-ნევროპათოლოგი), ადვოკატ შალვა ცომაიას მეუღლე და ასევე მისი ქალიშვილი ეთერ ცომაია (ექიმ-თერაპევტი), ვერიჩქა სანბური (მუსიკის მასწავლებელი, ექიმ ვალოდია სანბურის და), რამინ კონსტანტინეს ძე იმნაძე შესანიშნავი ტენორით, გვიმბალაურიდან. ხალხი სოფლის ცენტრიდან საღამოობით ისმენდა მის ძლიერ, ლამაზ ხმას, რომლის დავიწყებაც შეუძლებელი იყო.
გუნდის რეპერტუარში შედიოდა ისეთი სიმღერები, როგორიცაა: „დიდება“, „მახსოვს პირველად სასწავლებელში“, „სამშობლო“, „ტყემ მოისხა ფოთოლი“ და სხვ.
გუნდი აგრეთვე მონაწილეობდა საქველმოქმედო მიზნით გამართულ ალეგრობაში. ალეგროები და საზაფხულო კონცერტები იმართებოდა ღია ცის ქვეშ.
ნოე ურუშაძეს ცოლად ჰყავდა აბაშელი ქალი ივლიტე დადას ასული გვანჩავა, რომელიც გუნდის წევრებისთვის დიდი გემოვნებით კერავდა ჩოხა-ახალუხს, თეთრ ყაბალახებს და ქართულ კაბებს ჩიხტიკოპებით. მათ ჰყავდათ ოთხი შვილი: ქეთევანი, ნინა, ვალიკო და გიგლა. თითქმის ყველას უმაღლესი განათლება ჰქონდათ მიღებული.
1921 წელს, ნოე ურუშაძე მეგობრებთან ერთად ქორწილიდან მომავალი ტრაგიკულად დაიღუპა. ბატონი ნოე ცნობილი იყო, როგორც ღვთისმოსავი, ნიჭიერი, თავისუფალი აზროვნების მქონე პიროვნება. მისმა ტრაგიკულმა ბედმა შვილების ცხოვრებაზე დიდი გავლენა იქონია.
რეპრესიების ტალღა თავს დაატყდა მის ვაჟებს – უფროსი შვილი ვალიკო 1932 წელს დააპატიმრეს და გადაასახლეს, საიდანაც აღარ დაბრუნებულა. მეორე ვაჟმა, გიგლამ ათი წელი დაჰყო პატიმრობაში. იგი დაბრუნდა გადასახლებიდან. მის პატიოსან, თავმდაბალ პიროვნებაში ყოველთვის ისახებოდა მისი ოჯახის ტრაგიკული ბედი…


