ლამარა პატარაია – 90! _ ლანჩხუთელთა უსაყვარლეს ქალბატონზე სოციალურ ქსელში მისი შვილიშვილი, წარმატებული ახალგაზრდა ექიმი-კარდიოლოგი ლადო კვაჭაძე წერს:
„ასეთი ადამიანები განასახიერებენ პროფესიული ღირსების, ერთგულებისა და სახელმწიფოებრივი სამსახურის საუკეთესო მაგალითს.
პროფესიით ბუღალტერი, შინაგანად კი სიმშვიდისა და პასუხისმგებლობის განსახიერება. დაიბადა 1935 წლის 15 აგვისტოს, ლანჩხუთში, ვადაჭკორიას ქუჩაზე. თავისი მუყაითობითა და გამორჩეული ინტელექტით, 1950-იან წლებში ჩაერთო საქმიანობის სფეროში, რომელმაც მთელი მისი ცხოვრება განსაზღვრა – ფინანსებსა და საბანკო სისტემაში.
1955 წლის 5 აგვისტოს, სულ ახალგაზრდა ასაკში, დაიწყო მუშაობა ბანკში მთავარი ბუღალტრის ასისტენტად. იმ პერიოდში ბანკს ხელმძღვანელობდა ინტელიგენტი და განათლებული ვანო ტუღუში, რომლის მმართველობის დროსაც აღიზარდა არაერთი ეკონომისტი და ფინანსისტი – მათ შორის ლამარაც.
ბანკის მიერ მინიჭებული პასუხისმგებლობები არ აშინებდა, პირიქით – სტიმულად ექცა: წარჩინებით დაამთავრა საფინანსო-ეკონომიური ინსტიტუტი და 1963 წელს, უკვე თავად გახდა მთავარი ბუღალტერი – იმ პოსტზე, რომელსაც მისი მასწავლებელი ჩიტო წილოსანი იკავებდა.
სწორედ ბანკში გაიცნო თავისი ცხოვრების მეგზური, იუზა კვაჭაძე – ეკონომისტი, რომლის გვერდითაც 60 წელზე მეტხანს იზიარებდა ოჯახურ და პროფესიულ წვლილს.
მისი კარიერა არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ ციფრებითა და ანგარიშგებით. ის გახლდათ ნავთობბაზის მთავარი ბუღალტერი, იყო დასავლეთ საქართველოს წიაღისეულის სამმართველოს მთავარი ფინანსისტი და ბოლოს – ისევ და ისევ ბანკის მთავარ ბუღალტრად დაბრუნდა. მისი პროფესიონალიზმი იმდენად მაღალი იყო, რომ საქართველოს სახალხო ბანკის მმართველის უშუალო ბრძანებით მიანდეს აღნიშნული თანამდებობა.
თავისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი მიუძღვნა საქართველოს „სახალხო ბანკის“ (ამჟამინდელი „ლიბერთის“) ლანჩხუთის ფილიალის ჩამოყალიბებასა და განვითარებას. მრავალწლიანი მოღვაწეობის განმავლობაში იკავებდა უმნიშვნელოვანეს პოზიციას და მისი უშუალო პროფესიონალიზმით ხელი შეუწყო ბანკის საქმიანობის ხარისხობრივ ზრდას, კლიენტთა მომსახურების დონის გაუმჯობესებასა და ინსტიტუციური კულტურის ჩამოყალიბებას. 50 წელზე მეტი ხნის მუშაობის პერიოდში ლამარა პატარაიას ხელში აღიზარდა არაერთი თაობა. მისი მოწაფეები დღესაც ინარჩუნებენ ადგილს თანამედროვე საბანკო სისტემაში.
დასაფასებელია ის ღირსება და სიჩუმით ატანილი უსამართლობაც – როცა საპენსიო ასაკის მიუხედავად, შრომისუნარიანად დარჩენილი პროფესიონალი იძულებით გადაყენეს თანამდებობიდან. თუმცა ამასაც გაუმკლავდა და რაც მთავარია, ღირსება არასდროს დაუკარგავს.
იგი წლების განმავლობაში იყო ლანჩხუთის სასამართლოს ნაფიცი მსაჯული, მიღებული აქვს შრომის ორდენი საბანკო სისტემაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
ღირსეული ქართველი ქალის მაგალითი, რომელსაც ბევრისთვის შთამაგონებელი გზა დაუტოვებია და ვისთვისაც სამსახური უბრალოდ პროფესია კი არა, მისი ცხოვრების მისია იყო“ _ წერს ლადო „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.
„გურია თუდეი“ ულოცავს ქალბატონ ლამარას იუბილეს, ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს.




