ლანჩხუთის ქალთა გუნდმა განცხადება გაავრცელა, რომელიც „ნიკე-ლუსოსთან“ სკანდალურ მატჩს ეხება:
„საფეხბურთო დავების და სადისციპლინო კომიტეტმა დაასრულა 20 სექტემბერს „ნიკე-ლუსოს” გულშემატკივრების მხრიდან ჩვენი კლუბის წევრებზე ფიზიკური ანგარიშსწორების საქმიდან ცალკე გამოყოფილი რასიზმის ეპიზოდის განხილვა და დაადგინა რომ:
მატჩის განმავლობაში „ნიკე-ლუსოს” გულშემატკივრები „ლანჩხუთის” ლეგიონერებს შეურაცხყოფას აყენებდნენ რასისტულ ნიადაგზე და სასჯელის ფორმად განუსაზღვრა: მაყურებლების გარეშე 2 მატჩი, 1000 ლარის ჯარიმა და მესამე საშინაო მატჩზე ბანერის წარწერით „არა რასიზმის” გამოყენება.
ვთვლით, რომ კომიტეტმა ობიექტურად შეაფასა მოვლენები და დაადასტურა „ნიკე-ლუსოს” გულშემატკივრების მხრიდან, როგორც მეტოქეზე ფიზიკური ძალადობის, ასევე რასიზმის გამოვლინების ფაქტები, თუმცა მიგვაჩნია, რომ დაკისრებული სასჯელი ლმობიერია და ვერ უზრუნველყოფს სამომავლოდ მსგავსი შემთხვევების პრევენციას.
„მოკლედ, ჩვენი გულშემატკივრების საყურადღებოდ – 8 ნოემბერს ლანჩხუთში, 15:00 საათზე, „ევგრაფი შევარდნაძეზე” ვეთამაშებით „ნიკე-ლუსოს”. მოდით თამაშზე, თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება ისე როგორც არასდროს!“ _ წერია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ „ნიკე-ლუსო“-„ლანჩხუთის“ შეხვედრის დასასრულს ფეხბურთელებს შორის ხელჩართული ჩხუბი გაიმართა. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მოედანზე გარეშე პირები შედიან და აქტიურად მონაწილეობენ არეულობაში. გურული კლუბის განცხადებით, „ნიკე-ლუსოს” თურქმა ქომაგებმა მათ ფეხბურთელებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. გავრცელდა 16 წლის ანანო წიქარიძის განცხადება და ფოტო, სადაც სახეზე ჩანს დაზიანების კვალი.
ასევე წაიკითხეთ:


