„ვიცი, რომ არ იცით, თორემ ასე ხომ არ მიაგდებდით საკუთარი წარმოშობის ადგილს?“ _ ჭანჭათელები თანასოფლელ მინისტრს მიმართავენ

|

Loading

ჭანჭათში დიდთოვლობისას ჩამოშლილი სახლი

გურიაში დიდთოვლობამ დიდი პრობლემები შექმნა. ერთ-ერთი თემი, სადაც რთული მდგომარეობაა, აკეთია. მასში შემავალ სოფელ ჭანჭათიდან განათლების მინისტრ ალექსანდრე წულაძეს მიმართავენ:

„ბატონო მინისტრო, ალბათ არ იცით, რომ ჩვენი სოფლის მკვიდრი, არაჩვეულებრივი პედაგოგი გარდაიცვალა, რომელიც სტიქიის გამო, ხელით, ენით აუწერელი სირთულით გადმოასვენეს სხვა სოფლიდან – ჭანჭათში. ხოლო ჭირისუფლები დღემდე ვერ ახერხებენ მოსვლას. რადგან გზები ჯერ კიდევ არ არის გაწმენდილი და სოფელი მოწყვეტილია ყველაფერს.

ჩვენო თანასოფლელო, ბატონო მინისტრო, ალბათ არც ის იცით, სახლი რომ დაინგრა, სადაც მარტოხელა კაცი ცხოვრობდა და ეხლა, ეს კაცი ორი ღამეა მანქანაში ათევს.

ამ სახლში მარტოხელა კაცი ცხოვრობდა

არც ის გეცოდინებათ, სახლებში ჩარჩენილ ადამიანებს საკვების და წამლების რესურსი რომ უთავდებათ…

არც ის იცით ალბათ, გაზი, დენი და წყალი რომ არის გათიშული…

ვიცი, რომ არ იცით… თორემ, ასე ხომ არ მიაგდებდით საკუთარი წარმოშობის ადგილს?“ _ აღნიშნულია მიმართვაში.

ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჭანჭათში ცნობილი პედაგოგი გარდაიცვალა და ნაგომარიდან ვერ ხერხდებოდა მისი 14 წლის შვილის მიყვანა სახლში. განახლებული ინფორმაცია წაიკითხეთ ბმულზე: https://shorturl.at/YIJoC

რას ჩივი?