გურიაში დიდთოვლობამ სერიოზული პრობლემები შექმნა. შექმნილ ვითარებას აქტიურად აშუქებს „რადიო თავისუფლება“. გამოცემა ამჯერად მოტოსპორტსმენ გიორგი გახელაძეზე წერს, რომელიც მეგობრებთან ერთად, სპეციალური აღჭურვილობითა და ოთხი თოვლმავლით, თბილისიდან გურიაში 25 თებერვალს, ღამით ჩავიდა.
გიორგი გამოცემასთან ყვება, რომ ხუთი საათი დასჭირდათ იმისთვის, რომ სოფელ ნინოშვილიდან მონასტერში ჩარჩენილი ბერი გამოეყვანათ და ამავე სოფელში, კიდევ ერთი ოჯახისთვის საკვები და მედიკამენტები მიეწოდებინათ.
ამბობს, რომ გზის ნაწილი მაღალი გამავლობის მანქანით გაიარეს, დაახლოებით ხუთი კილომეტრის გავლა კი მხოლოდ თოვლმავლებით შეძლეს.
როგორც გიორგი გახელაძე ჰყვება, სოფელ ნინოშვილში, შემთხვევით მიადგნენ იმ სახლსაც, სადაც რამდენიმე დღის წინ, 106 წლის ქალი გარდაიცვალა:
„გუშინ უკვე მეხუთე დღე იყო მისი გარდაცვალებიდან. ოჯახი გამოუვალ მდგომარეობაში იყო. ვერც ფეხით გადაადგილდებიან, ვერც მიცვალებულს კრძალავენ. დახმარება სჭირდებათ, მიცვალებულის გაყვანა უნდათ, მაგრამ ჩვენ ფიზიკურად ვერ დავეხმარებოდით, არ ვიცი, ალბათ ვერტმფრენია საჭირო“ _ უთხრა მან გამოცემას.
სრულად სტატია წაიკითხეთ ბმულზე: https://shorturl.at/TOK7l