„გურია თუდეის“ ინფორმაციით, ლანჩხუთის ახალი საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე „ქართული ოცნების“ კულუარებში ორ კანდიდატურას განიხილავენ _ ბესიკ ტაბიძეს, ვისაც უკავია ეს თანამდებობა და მის ამჟამდინდელ მოადგილეს, ვერიკო კვირკველიას. თუ ვისზე გააკეთებს მმართველი პარტია არჩევანს, ეს საბოლოოდ, შესაძლოა, ახალი საკრებულოს შეკრებამდეც არ იყოს გადაწყვეტილი.
რაც შეეხება მოადგილის თანამდებობებს _ გიორგი ჩახვაძე შეინარჩუნებს პოსტს. იგი კულუარებში საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატადაც განიხილებოდა, მაგრამ ბოლო ინფორმაციებში მასზე საუბარი აღარაა. თუმცა ეს არაფერს გამორიცხავს. ვაკანტურია პირველი მოადგილის პოზიცია _ ემზარ თევდორაძე, რომელიც მოქმედ საკრებულოში იკავებს ამ პოზიციას, 4 ოქტომბრის არჩევნებში არ მონაწილეობდა.
როგორც „გურია თუდეის“ ეუბნებიან, მისი მეუღლე _ მაია ლომთაძე, რომელიც აცანის მოსახლეობამ მაჟორიტარად აირჩია, საკრებულოში ერთ-ერთ კომისიას უხელმძღვანელებს. შესაძლოა, ეს იყოს საპროცედური საკითხთა და ეთიკის კომისია, რომელსაც ახლა გოგი ხელაძე თავკაცობს და არსებული ინფორმაციით, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ უპირებენ გადაყვანას. ასევე განიხილება იგივე პოსტზე სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე გიორგი იმნაიშვილის დაწინაურებაც.

ლანჩხუთის საკრებულოში „ქართული ოცნებიდან“ პირველ თავმჯდომარეს და ახლა კომისიის ხელმძღვანელ გიორგი ხელაძეს დიდი ალბათობით, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ დააწინაურებენ
ჩვენი ინფორმაციით, თანამდებობებს შენარჩუნებენ საფინანსო-საბიუჯკეტო კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე მახათაძე, სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე კარლო (კახა) კვიტაიშვილი და ეკონომიკის, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზაზა წულაძე.
იმავე ინფორმაციის თანახმად, „ქართული ოცნების“ ფრაქციას საკრებულოში ისევ ია მოქია უხელმძღვანელებს, ეს იმ შემთხვევაში, თუ სუფსის მაჟორიტარი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე არ გახდება, რის შესახებაც კულუარებში აქტიურად მიდის საუბარი.
როგორც იცით, ახალ საკრებულოში 3 ოპოზიციონერია _ მოქმედი საკრებულოს წევრები: „ძლიერი საქართველო – ლელოს“ წარმომადგენელი გოჩა ჯანაშია და ჯუმბერ ბლაგიძე პარტიიდან „გახარია საქართველოსთვის“, ასევე თორნიკე მითაიშვილი _ „გირჩის“ ადგილობრივი ლიდერი პირველად გახდა საკანონმდებლო ორგანოს წევრი. ჩვენი ინფორმაციით, დიდი ალბათობით, ისინი ფრაქციას შექმნიან.


