[ექსკლუზივი] 35 წლის შემდეგ, ოთხეული ისევ ერთად _ „გურიას“ სამწვრთნელო შტაბში გია ჩხაიძე ბრუნდება, მეკარეებთან ირაკლი ხვედელიძე იმუშავებს

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | გია ჩხაიძე მწვრთნელის რანგში და ნაკრების წევრი; ირაკლი ხვედელიძე

„გურია თუდეის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, „გურიაში“ გიალო (გია) ჩხაიძე ბრუნდება. 55 წლის სპეციალისტი თითქმის 20 წელია, სამწვრთნელო საქმიანობას ეწევა, მანამდე კი იყო წარმატებული ფეხბურთელი ტიტულებით დახუნძლული კარიერით.

ლანჩხუთის საფეხბურთო სკოლის აღზრდილი მშობლიური კლუბის შემადგენლობაში დაეუფლა საქართველოს თასს და ორჯერ გახდა ვიცე-ჩემპიონი. ასევე თამაშობდა ქვეყნის წამყვან კლუბებში. ფოთის „კოლხეთის“, „სამტრედიის“, ქუთაისის „ტორპედოს“, თბილისისა და ბათუმის „დინამოებისა“ და „ლოკომიტივის“ შემადგენლობაში არაერთ ტიტულს დაეუფლა. საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ერთი სეზონი ვლადიკავკაზის „ალანიაში“ თამაშობდა, იყო საქართველოს ეროვნულ ნაკრების წევრი. ნათამაში აქვს ევროტურნირებზე, მათ შორის _ ჩემპიონთა ლიგაზე. მის გარდა ლანჩხუთელებიდან დღემდე ეს მხოლოდ დავით კვირკველიამ მოახერხა.

გია ჩხაიძის სამწვრთნელო კარიერა ოზურგეთის „მერცხალში“ დაიწყო, შემდეგ კი წლების განმავლობაში იყო „გურიას“ სამწვრთნელო შტაბის წევრი, კლუბში სამჯერ დაინიშნა მთავარი მწვრთნელის პოსტზე. ბოლოს სფფ-ის გვიმბალაურის აკადემიაში მუშაობდა.

ახალი სეზონიდან იგი„გურიას“ ახალ მთავარ მწვრთნელს, გოჩა ტყებუჩავას დაეხმარება, თემურ ლორიასა და გიგლა იმნაძესთან ერთად. სხვათა შორის, ეს უკანასკნელი გახლდათ მთავარი მწვრთნელი, როცა 1990 წელს კლუბმა პირველი ეროვნული თასი და ვიცე-ჩემპიონობა მოიპოვა, ხოლო ტყებუჩავა, ჩხაიძე და ლორია მაშინ მისი შეგირდები იყვნენ. ტყებუჩავას და ჩხაიძეს ქვეყნის მთავარ ნაკრებშიც აქვთ ნათამაშები.

ასევე საინტერესო ფაქტია, რომ „გურიას“ დღევანდელი მწვრთნელებიდან იმნაძე და ტყებუჩავა საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებს თავკაცობდნენ, ასევე იყვნენ ეროვნული ნაკრების დროებითი მწვრთნელები. იმ პერიოდში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ხელმძღვანელობდა მერაბ ჟორდანია, რომელიც კლუბის დირექტორთა საბჭოს უთავკაცებს.

სხვათა შორის, 1988-89 წლებში, „გურიაში“ ჟორდანიას თანაგუნდელები იყვნენ ტყებუჩავა და ლორია, ხოლო იმნაძე მთავარი მწვრთნელის, მიხეილ ფომენკოს თანაშემწე გახლდათ.

„გურია თუდეის“ კიდევ ერთი ექსკლუზიური ინფორმაციით, „გურიას“ მეკარეებს 34 წლის ირაკლი ხვედელიძე გაწვრთნის, რომელმაც აქტიური საფეხბურთო კარიერა უკვე დაასრულა _ მშობლიური კლუბის გარდა მარტვილის „მერანისა“ და ჩოხატაურის „ბახმაროს“ კარს იცავდა.

აქვე გეტყვით, რომ ხვედელიძე გასულ სეზონშიც მოთამაშე-მწვრთნელად ითვლებოდა და მთავარი ფუნქცია მეკარეების მომზადება უნდა ყოფილიყო, მაგრამ რადგან გუნდს მეკარე დაემტვრა, ისევ კარში ჩადგა და კლუბის წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანა.

მიუხედავად იმისა, რომ აქტიური კარიერა ახლახან დაასრულა, მას მეკარეების მწვრთნელად უკვე ჩემპიონთა ლიგაზეც აქვს ნამუშევარი, როცა გასული წლის შემოდგომაზე, ლანჩხუთის ქალთა გუნდის თავკაცს, გიორგი ჩხაიძეს ეხმარებოდა.

ასევე წაიკითხეთ:

[ექსკლუზივი: „გურიას“ გოჩა ტყებუჩავა გაწვრთნის: „გუნდი უმაღლეს ლიგაში დაბრუნდება“… ვინ იქნებიან მის შტაბში და რა პოზიციაზე იმუშავებს თემურ ლორია]

რას ჩივი?