დღეს, ლიეტუვაში, ნეიტრალურ მოედანზე, „ლანჩხუთი“ რუმინეთის ჩემპიონ „ფარულ კონსტანტას“ ხვდება და თუ მოუგებს, ევროპის თასზე გადაინაცვლებს, რომელშიც პირველი ეტაპიდან ჩაერთვება.
დღევანდელი მატჩიც, როგორც უკრაინულ „ვორსკლასთან“, 13 საათზე დაიწყება შიაულიაის ცენტრალურ სტადიონზე, რომელზეც 4 ათასი მაყურებელი ეტევა.

ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ გათამაშებაში „ლანჩხუთმა“ ჩრდილოეთ ირლანდიის „კლიფტონვილი“ (1:0) დაამარცხა, ხოლო პოლტავას „ვორსკლასთან“ 0:5 წააგო. ორივე გუნდი გურულებთან ფავორიტად მიიჩნეოდა.
დღევანდელ შეხვედრაშიც ბუქმეიქერული კანტორები უპირატესობას მეტოქე გუნდს ანიჭებენ.
გურულების სავარაუდო შემადგება დღევანდელი მატჩისთვის: გაბუნია, ჩხარტიშვილი, მურილო, რასელი, წულაია, ორტისი, კამარგო, სმიტი, წიქარიძე, მატვეევა, სულაშვილი.

„ლანჩხუთი“ რუმინელებთან მატჩისთვის ემზადება | ფოტოებს კლუბის ფეისბუქ-გვერდი ავრცელებს
ლანჩხუთის ქალთა გუნდი ყველაზე მეტჯერ (4-ჯერ) დაეუფლა საქართველოს ჩემპიონის ტიტულს და შესაბამისად, მეოთხედ ასპარეზობს ევროპის ჩემპიონთა ლიგაზე. 2020 წელს გურულებმა სენსაცია მოახდინეს და მთავარი ევროტურნირის ფინალურ ეტაპზე გავიდნენ, რაც არც მანამდე და არც მას შემდეგ, სხვა ქართულმა კლუბმა (მათ შორის, კაცების) ვერ მოახერხა.





