„დავინახე, როგორ დაწვა ხესთან… ხუთი მეტრის იქით, ზუსტად ხის გვერდით ერთი მეტრში თხრილთან მერაბაა. პირქვე ჩამხობილი, იარაღი ხელში შეყინვია“

|

Loading

მერაბ კუპრეიშვილი, არჩილ ხოფერია

ლანჩხუთელი არჩილ ხოფერია ის მეომარია, რომელმაც თავისი ოჯახის მაგალითზე გვაჩვენა, ბოლომდე უშიშრად ბრძოლა და სამშობლოსთვის მაქსიმუმის გაღება რომ შეუძლია. მამა-შვილი ხოფერიები აფხაზეთის ომში გმირულად იბრძოდნენ, არჩილის ძმა _ ჯამბულათმა თავი შესწირა სამშობლოს. არჩილის შვილი _ უმცროსი ჯამბულათიც რუსებთან ბრძოლას შეეწირა… უკრაინაში, სადაც დღეს მისი მამა იბრძვის, მათ შორის საქართველოსთვის…
მოკლედ, გვიმბალაურელ ხოფერიებში სამშობლოსთვის ბრძოლა თაობიდან თაობას გადაეცემა. არჩილ ხოფერია ნიჭიერი კაცია და ძალიან მაგრადაც წერს. ახლა იგი 30 წლის წინანდელ ტამიშის ამბებს იხსენებს, რასაც უემოციოდ ვერ წაიკითხავთ:

„მერაბამ, კუპრეიშვილმა 7 ბოთლი ღვინო მოიტანა, შვიდი 0.7-იანი. ვინ მოგცა? – ვეკითხები. არ იცი, ხალხი პურმარილითაა ჩამოსული მეუბნება? ეხ, ვიცი, ვიცი… დავლევთ თითო ჭიქას…

მერაბა ჩემი ძველი ძმაკაცია სკოლის, უფროსია ერთი წლით, სხვა სკოლაში სწავლობდა, მაგრამ როგორც ხდება, ხან ჩხუბი, მერე ფეხბურთი და დავძმაკაცდით…

_ მერაბ, წესები ხო იცი? _ ვეუბნები.

_ კაი რა, 40 კაცს 7 ბოთლი ღვინო რას გვიზამს?

_ არცერთი წვეთი, _ ვეუბნები… ხვალ ავიღებთ პიტომნიკს და მერე… იმედია, ვინც პურმარილებით ჩამოვიდა, მერე მაინც გამოჩნდებიან…

ერთი კაცია, ამ დღეებში არ მომიკრავს თვალი. სადაა? _ ვკითხულობ, არავინ იცის…

უკვე გააფთრებული ცეცხლია, გვესვრიან ყველა მხრიდან. საშინელი ცეცხლის სიმჭიდროვეა… მთავარი ქარსაფარის ბოლო თხრილია, არც ისე ღრმა, მაგრამ მათგან 50-60 მეტრში თავის შეფარება შეიძლება… საიდანაც ზეწოლას გავაძლიერებთ და ბოლო ნახტომისთვის მოვემზადებით.

სადღაც ორასი მეტრი მაინცაა გასარბენი. მწკრივს გადავხედე, წამოვდექი და ზალიკოც (მდინარაძე _ რედ.) უკან ამომიდგა… წავედით… იწვის, მგონი, ყველაფერი, ყველაფრიდან ისვრიან… ვისვრი… მწკრივი დაირღვა, ვიღაცები არ ადგნენ, ვიღაცები ჩაწვნენ, ვიღაცები უტევენ…

ვისვრი განუწყვეტლივ… უკვე მეორე მივაერთე… ეს ქარსაფარიც რომ არ მოახლოვდა, არადა, თითქოს სულ ორასი მეტრია… მივაღწიეთ და მთელი პირველი მწკრივი, მგონი, ერთად აღმოჩნდა თხრილში…

ზალიკო? უკან მოვიხედე, ზედ თხრილის პირას, ერთ მეტრში მუხლებზე დგას, სისხლი სდის პირიდან, წყნარად მიყურებს თვალებში და ნელა გვერდზე წვება… მივცოცდი. გათავდა…

ისევ თხრილში გადავგორდი.

_ მერაბ! _ ვყვირივარ. მარცხენა თვალის კუთხით დავინახე როგორ დაწვა ხესთან…

მოკლეს, მგონი…

ხუთი მეტრის იქით, ზუსტად ხის გვერდით ერთი მეტრში თხრილთან მერაბაა.

პირქვე ჩამხობილი, იარაღი ხელში შეყინვია…

და მთელი ომის განმავლობაში პირველად ვკარგავ კონტროლს თავზე…

მარცხენა თვალის კუთხით დავინახე როგორ დაწვა ხესთან…

მაიმუნსაშენი მტკიცე ბეტონის ღობითა შემოსაზღვრული, მაგრამ აქ ჩემ პირდაპირ მცირე კედელია, სპგ აქვთ ჩაყენებული, საიდანაც უკვე გვესროლეს, მაგრამ აგვაცილეს…

აი, აქ უნდა შევუვარდეთ…

ძირითადად ჩემებია მაინც… იქით სიგრძეზეც არ ვიცი, ვინ არიან, მაგრამ დაახლოებით ვხვდები… მეტყვიამფრქვევის ხმამ და ახალი გვარდიელის თვალებმა შემაჩერა…

_ არ გინდა, არჩილ! _ ამ ხმამ მთელი კაკაფონია გადაფარა. გავჩერდი…

ხალხს დავღუპავდი…

ჩემთვის მტკიცედ გადავწყვიტე: ან აქ მოვკვდები ან აი, იმ ნაპრალში გავივლი…

რაცია უნდათ… ბორჯომელი მოხოხდა… ვის ვეკითხები? დათოა, ჩვენი მეთაური, გიგამ დანიშნა პირველი ეშელონის უფროსად… შევხედე, პირველად ვხედავდი, ულვაშა ჯმუხი კაცია ულვაშებით, ალბათ. 40 წლის, შეიძლება მეტისაც…

გამიკვირდა. ისე… ცოტა ხანში ისევ ვთხოვ რაციას, ჩემი მოსზრება უნდა ვუთხრა შტაბს… ვინ გაძლევს? და აქ გვიხდება კონფლიქტი მე და დათოს… ხდება ხოლმე… რაციაა, დააბრუნეს…

არც მანამდე მინახია საარტილერიო მემიზნე, არც იმ დღეს, ნუ, მე ვიქნები მაგათი „კორექტიროვშიკი“, სხვა გზა არაა… თუმცა არის ერთი რამ, 50 მეტრი დაშორება არაფერია, ჩათვალე, ჩვენვე გვესვრიან, მაგრამ რაცაა. ესაა, უნდა გავრისკო. საარტილერიო ზეწოლა, ჩვენი პრესინგი და ეგებ ის სამი ტანკი დაიძრას და შევუვარდებით… თხრილში 35 კაცამდე ვართ, შეიძლება ცოტა მეტი, ყველა ნაცნობია, თითქმის ბორჯომი, გლდანი, გელოვანისები…

ურტყამენ ჩვენები, მაგრამ უფრო სიღრმეში. ვუწევ კორექტირებას, მაგრამ არაფერი… სადმე ახლოს ხო უნდა დავარდეს… ერთმა კი ბუთქა ეზოში, ისე.

ძნელია იმათთვისაც, არც მე არ მაქვს ამის გამოცდილება, კორექტურის, ბოლო-ბოლო, „რაკეტჩიკი“ ვარ…

რამდენიმე სათი გავიდა, ვითხოვ ტანკებს… არაფერი…

მამაჩემი გამოჩნდა რაციასთან…

_ ეგებ, ტანკები წამოვიდეს, მიდი, რამე ქენი.. _ იქ ვის იცნობს მამა, ვინ დაუჯერებს, მარა მაინც.

მერე მამაჩემმა მითხრა, რაც ხდებოდა უკან. ისედაც ვიცოდი… სადღაც შუადღისკენ, როცა გააფთრებული ბრძოლა მიდიოდა, ერთი შეხვედრია, 80 კაცი ვართო, პურმარილი გვაქ, წამოო… ასეც ხდებოდა.

ნუ, იქ ნაკრები ხალხი იყო, ძირითადად ქულების დასაწერად ჩამოსულები…

თუ ტანკები არ დაიძვრებიან, უნდა შემოვუარო მარცხნიდან და ფლანგიდან დავარტყამთ. სულ ერთი კილომეტრი იქნება გასავლელი. ვინც კვალში დარჩება, შეუტევს, ასე გადავწყვიტე.

ოი, საოცრებავ, გრუხუნი ისმის… ტანკები… ორი ტანკი, ორი ბეემპე… როგორც კი გაგვისწორდებიან, წინ…

ისევ გავისწორე ბერეტი და მარჯვნიდან ვიღაცებმა შეუტიეს, წინ ილინია, ლევანა გლდანელი, იქიდან შორია ფლანგი, 150 მეტრი მაინც იქნება. მთელ ჯერს ნაპრალში ვუშვებ და წავედით, აღარაც გამისვრია მეტი… შემასწრო ილინმა… შევვარდით ჩვენც…

ზედ კართან ერთი ბეემპე აგვიფეთქეს… მეორე შიგნით შემოვარდა და სიღრმისკენ წავიდა.. ტანკებმა გაიარეს…

„ბეემპეებს” დესანტი არ ახლდათ… მამაცი ბიჭები… შინაგანი ჯარის ქვეითი… მანქანები იყო… სამწუხაროდ, ნომრები გადამავიწყდა…   უმამაცესი ბიჭები…                         

გზის გადაღმა გავრბივარ და აბაშელი არ მხვდება, კობა ჯანგველაძე? მარტოა, გააფთრებული ისვრის… პატარა ჯგუფია, მაგრამ მამაცების…

_ აქედან შეიძლება მობრუნდნენ და ახლავე ჩემებს მოგაშველებ, აბა შენ იცი, ზევით აიწიე და ეს პოზიცია დაიკავე, ოღონდ ტყეში არ შეყვე…

უკან მოვბრუნდი და ეგრევე ორი ჭურვი მოხვდა ადმინისტრაციული შენობის კედელს… კონტრშეტევაა, ვფიქრობ. ორი დაიჭრა იქაც, გობრონიძე მკლავში და სარალიძე თავში… ჩემებიც ყველა მოვიდა. მთლიანად დავიკავეთ პერიმეტრი, „პიტომნიკის“~” თავი და ბოლო, დავალება შესრულდა…

იმ დღეს გავიმარჯვეთ…

P.S.  ბრძოლა დამთავრდა, გაივსო „პიტომნიკი“… ბიჭებს გარეთ, კედელთან ვაწყობ…  ყველაა, იმ ერთის გარდა ისევ… გვარებს ვასახელებ… ტუღუში, ქანთარია, სირბილაძე, ყოლბაია და კიდევ ორი თუ სამი კაცი… ვერ ვიხსენებ… მადლობას ვუხდი საქართველოს სახელით…

ცაგერასკენ წავედით, აქ ჩვენი საქმე მორჩა… ცაგერში ის, ვინც არ იყო, გამოჩნდა…

_ სად იყავი? _ ვეკითხები.

ბოდიალობს… კედელზე მივაგდე… უკან დავიხიე.

დგას გაფითრებული და… მამაჩემი გადამიდგა წინ:

_ არ გინდა, არა! კიდევ მკვდრები გვინდა?

_ ან გამოისყიდი, ან მოკვდები _ ვეუბნები. დაბრუნდი მწკრივში…

შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა გვანახა, რომ მაინც  ვერაფერი ვერ გაიგო…“

ასევე წაიკითხეთ: “თხრილის პირას, მუხლებზე დგას, სისხლი სდის, წყნარად მიყურებს და ნელა გვერდზე წვება. მივცოცდი… გათავდა…“ _  ლანჩხუთელი უიარაღო გმირის ბოლო წამები (იხ. ბმული https://shorturl.at/CRUrH)

რას ჩივი?