გურული კლუბების „შავი პარასკევი“ _ „გურიამ“ ფოთში წააგო, მისი კონკურენტი „მერცხალმა“ ვერ შეაჩერა

|

Loading

ფოტოკოლაჟი | სტადიონი „ფაზისი“, დავით გოგიჩაიშვილი, ვანო შარვაძე

ზედიზედ მეორე თამაშია, ვერ მოიგო „გურიამ“. თუმცა 3 ქულას ვინ ამბობს (წინა ტურში 2:2 „არაგველებთან“), ამჯერად, გათამაშების ლიდერებმა ფოთში, იქაურ „კოლხეთი-2“-თან 2:3 წააგეს. ამ გუნდების პირველი შეხვედრა ლანჩხუთში ფრედ, 0:0 დასრულდა და ყველაზე მეტი – 5 ქულა დააკარგვინეს კოლხებმა მესამე ლიგაზე მეოცნებე მეზობლებს.

ორ შეხვედრაში გაშვებული 5 გოლი ზედა ლიგაში დაწინაურების მოსურნე გუნდისთვის მეტისმეტია. „გურიას“ პირველ 8 ტურში მხოლოდ 1 გოლი ჰქონდა გაშვებული და დანარჩენი 13 გოლი ბოლო 8 ტურზე მოდის…

არადა, ანგარიში ვანო შარვაძემ მე-10 წუთზე გახსნა, მაგრამ პირველივე ტაიმში ფოთელებმა სამით უპასუხეს. მათგან ორი გოლი 44-ე და 45-ე წუთებზე გავიდა.

მეორე ტაიმის მე-10 წუთზეც გაიტანეს გურულებმა _ თავი დავით გოგიჩაიშვილმა გამოიჩინა, რომელმაც თავის ყოფილი გუნდი დაამწუხრა.

თუმცა მეტის გაკეთება ლანჩხუთელებმა ვეღარ შეძლეს და 2:3 დამარცხდნენ.

მასპინძელთა სასტარტოში ორი ლანჩხუთელი იყო: ჭაბუკთა ნაკრების შუახაზელი შოთა გვარჯალაძე და მცველი გიორგი კვირკველია. მისი მამა დავით კვირკველიაა – საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშე ამჟამად ფოთელთა მთავარ გუნდს წვრთნის.

გურულთა წაფორხილებით ისარგებლა „იბერია-2010“-მა – „გურიას“ ქულებით დაეწია და მოგებათა რაოდენობის უპირატესობით პირველ ადგილზეც აინაცვლა. ვერ მოიგო „ალგეთმა“, თორემ ლანჩხუთელები სულაც მესამეზე ჩამოქვეითდებოდნენ.

სამეულისთვის მინიმუმ 5 გუნდი იბრძოლებს

სამაგიეროდ, ოზურგეთში გაიმარჯვა „სქურმა“ და „გურიას“ თითქმის წამოეწია. იქით „მერცხალს“ დაუახლოვდნენ აუტსაიდერები. შესაბამისად, მისი მოგება ორივე გურული გუნდისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა. თითქმის 80 წუთი საყაიმო ანგარიში იყო (გუნდებმა გოლები პენალტებით გაცვალეს), მაგრამ ბოლო 10 წუთში 2 გაუშვეს _ შეცვლაზე შესულმა ბექა კაკაჩიამ რამდენიმე წამში და ბოლო დამატებულ წუთზე დუბლი შეასრულა.

მომდევნო ტური 28 აგვისტოს გაიმართება _ „მერცხალი“ აბაშაში კონკურენტ „ზანას“ ესტუმრება, ხოლო „გურია“ შინ მიიღებს ასევე სამეულში მოხვედრის მოცილე „ივერიას“, რომელმაც დღევანდლამდე ერთადერთი მარცხი აგემეს გურულებს. 9 აპრილს, ხაშურში მასპინძლებმა 1:0 მოიგეს.

სხვათა შორის, საწყის 2 ტურშიც 1 ქულა აიღეს გურულებმა, რასაც შემდეგ 13-მატჩიანი წაუგებელი სერია მიაყოლეს (10 მოგება, 3 ფრე), რომელიც დღეს ფოთში დასრულდა…

22.08.2025 | ოზურგეთი. ცენტრალური | მერცხალი 1:3 სქური

0:1 გაფრინდაშვილი (35 პენ.), 1:1 კოტრიკაძე (65 პენ.), 1:2, 1:3 კაკაჩია (78, 90+3)

მერცხალი: რამიშვილი, სურგულაძე, კოტრიკაძე, ჭანუყვაძე, ცერცვაძე (68. ჯაფარიძე), ალიევი (61. მაშანიშვილი), ბოლქვაძე (63. მუჯირი), გოგელია, კაშია, ჩხაიძე, მაჭავარიანი

22.08.2025 | ფოთი. ფაზისი | კოლხეთი-2 3:2 გურია

0:1 შარვაძე (10), 1:1, 2:1 კამარგო (18, 44), 3:1 კაპანაძე (45+1), 3:2 გოგიჩაიშვილი (55)

გურია: ხვედელიძე, ვარდიაშვილი, ჯღამაია, ხაჭაპურიძე, შანიძე, გოგიჩაიშვილი , შარვაძე, შალიკაშვილი, ბახია (88. ჩხაიძე),  შარაშენიძე, წილოსანი (46. ზაქარაშვილი)

რას ჩივი?