ლანჩხუთს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სტუმრობდა _ იქნებ ზოგმა არც იცით, რომ ამ საინტერესო და განსხვავებული პოლიტიკური პარტიის მთავარ იდეოლოგსა და ლიდერს ასევე გამორჩეული სახელი აქვს _ ზურაბ გირჩი!
ამ პარტიას ლანჩხუთშიც მაგარი პროპაგანდისტი ჰყავს _ გამგებლის ექს-მოადგილე ვახტანგ ზენაიშვილი, ვისაც არც წერა-კითხვა ეშლება და ზოგადად, პოლიტიკასა და მის ხლართებში ფრიად გამოცდილია.
მათი ძირითადი პოლიტიკური იდეოლოგია კლასიკური ლიბერალიზმია. ეს არის პოლიტიკური იდეოლოგია და ფილოსოფიური შეხედულება, რომელიც მხარს უჭერს სამოქალაქო და პოლიტიკურ წარმომადგენლობით დემოკრატიას და კონსტიტუციური რესპუბლიკას; ასევე ხაზს უსვამს ეკონომიკურ თავისუფლებას. ჯაფარიძეს, ზენაიშვილს და სხვა “გირჩელებს“ სჯერათ, რომ თავისუფლება უმთავრესი ღირებულებაა და ადამიანს ღიად და თავისუფლად უნდა შეეძლოს თავი მიაკუთვნოს ნებისმიერ რელიგიურ კონფესიას, გამოთქვას აზრი საჯაროდ (საკუთარი ხარჯით), არ გახდეს ძალადობის მსხვერპლი განსხვავებული მოსაზრების, რელიგიური კუთვნილების, ეთნიკური წარმომავლობის, სექსუალური ორიენტაციის, ქონებრივი მდგომარეობის ან ნებისმიერი უმრავლესობისგან განსხვავებული ნიშან-თვისების გამო.
ბოლო მათი მოთხოვნის გამო, როგორც ხშირ შემთხვევაში, ბევრს ეცინება _ „გირჩელები“ ფიქრობენ, რომ პარლამენტის წევრს ირჩევს ხალხი, ხალხისგან აქვს მას ლეგიტიმაცია და არ შეიძლება დეპუტატობის კანდიდატს დაუწესდეს ისეთი აბსურდული და დამამცირებელი მოთხოვნა, როგორიცაა „შარდის სიწმინდის“ შემოწმება: ადამიანები თვითონ წყვეტენ, ვინ იმსახურებს პარლამენტში ყოფნას და ვინ -არაო.
ლანჩხუთში ბევრი მხარდამჭერი არ მოსულა, თუმცა თავად შეხვედრა არ იყო მასებზე გათვლილი, რამეთუ არ ყოფილა მიკროფონით გამოსვლებიც. უბრალოდ, წყნარად ერთმანეთში ისაუბრეს, ადგილობრივებმა კითხვები დასვეს და პასუხებიც რომ დამაჯერებელი მიიღეს, „გირჩელების“ უსაზღვრო განათლების გათვალისწინებით, მოსალოდნელიც იყო. სტუმრებმა რეზინის სამაჯურები დაარიგეს, რომელზეც წარწერაა დატანებული _ „გირჩი პარლამენტში“.

„გურია თუდეის“ პირველი გვერდი #74 (524) 26 ივნისი, 2020 წ.
თუ ეს გუნდი მთავარ საკანონმდებლო ორგანოში შევიდა, დიდი შანსია მათ შორის იყოს ვახტანგ ზენაიშვილიც, რომელიც „გირჩის“ გვერდზეც ლიდერებს შორისაა და იქვე მისი ნააზრევი ხშირად იბეჭდება. მოკლედ, ჩვენებური „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერია, რა!
სათაურად გამოტანილი „კა(ი)ფია“ შეხვედრაზე მისულ ერთ-ერთ მხარდამჭერს ეკუთვნის _ ხუმრობით სოსო კვაჭაძის ასევე სახუმარო „კოსოიზმი“ რომ თავისებურად გადააკეთა. ეს ჩუმად თქვა და მთავარ „გირჩელს“ არ გაუგონია, „კოსოიზმზე“ კი თქვა _ არა, გირჩის მურაბა არ ვარგაო (ჯაფარიძე ზურაბა და გირჩის მურაბა იქაც იყო _ რედ.). არადა, თურმე ბრონხების სამკურნალო წამალია.
ჩვენ ფოტოკოლაჟი და ანონსი გუშინ საღამოს გაზეთის ფეისბუქგვერდზე დავდეთ, რასაც უმალ მოჰყვა ვახტანგ ზენაიშვილის რეპლიკა: „ხუმრობის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ადეკვატურის. პლანი=გირჩს, სტერეოტიპია და ამ პოლიტიკური ორგანიზაციის შინაარსს არ ასახავს. „გირჩს“ ნარკოტიკების თემა თავისუფლების ჭრილში აინტერესებს. ვინაიდან „გირჩი“ უმსხვერპლო დანაშაულს არ ცნობს, თუ ადამიანი თავისი ქმედებით სხვა ადამიანებს არაფერს უშავებს, არ შეიძლება დამნაშავედ გამოცხადდეს! და ეს არ ეხება მხოლოდ ნარკოტიკების მოხმარებას,სხვაც ბევრი რამეა. ეს დიდი თემაა, ჩვენი თავისუფლების ნაწილია, ჩვენი ცხოვრებიდან, ჩვენი ყოველდღიურობიდან მოძალადე სახელმწიფოს გაძევებას ეხება… ხუმრობა კარგია, შაყირსაც ავიტანთ, მაგრამ ამ ღლიცინით დიდ საქმეს – მეტი თავისუფლებისთვის ბრძოლას ზიანი არ მივაყენოთ და საბჭოთა სტაგნაცია არ გავახანგრძლივოთ“ _ დაგვიკომენტარ-„დაგვტუქსა“ ლანჩხუთის მთავარმა „გირჩელმა“.
P.S. „თლა უფროსმა“ კი ლანჩხუთურ ფოტოებს რეპლიკა დაურთო _ „მაი არაა მას[თ]ე“, რითაც სავარაუდოდ, იმ გურულებს მოეფერა, რომლებმაც ამ ფრაზით ზურაბ ჯაფარიძეს, ალბათ, „გირჩის“ მიზნებიც კი „შეუსწორეს“… გურულებმა ხომ პოლიტიკა ყველაზე მაგრად ვიცით და „გირჩს“ კიდევ ორიგინალობაში არ ჰყავს ბადალი…





