„გურია თუდეი“ ინფორმაცია დადასტურდა – ალექსანდრე სარიშვილი მერობის კანდიდატად მესამედ დაასახელეს. ვინ არიან „ქართული ოცნების“ ახალი სახეები გურიაში?

|

Loading

მარცხნიდან: ავთანდილ თალაკვაძე, ალექსანდრე სარიშვილი, დავით შარაშიძე

რასაც გუშინწინ „გურია თუდეი“ წერდა [ექსკლუზივი: ლანჩხუთის მერობის კანდიდატად „ქართული ოცნება“ ალექსანდრე სარიშვილს მესამედ დაასახელებს! https://shorturl.at/ykm2s], დღეს „ქართულმა ოცნებამ“ დაადასტურა _ ალექსანდრე სარიშვილი მერობისთვის კენჭს მესამედ იყრის. იგი ლანჩხუთის პირველი პირი 2017 წლიდან არის, 8 წელი მერის პოსტზე კი, გურიის მასშტაბით სარეკორდოა. ამასთან, მას აქვს მაღალი შანსი, ეს ვადა 12 წლამდე გაზარდოს.

გურიაში მოქმედი მერებიდან 41 წლის სარიშვილი ერთადერთია, რომელზეც აქცენტი სახელისუფლებო პარტიამ გააკეთა. ოზურგეთსა და ჩოხატაურში ხელისუფლებამ შესაბამისად, ავთანდილ თალაკვაძეს და დავით შარაშიძეს თითო ვადა აკმარა. მთავარ ქალაქში „ოცნების“ კანდიდატი ლექტორი პაატა კუნჭულია იქნება, ხოლო ჩოხატაურში _ მოქმედი მერის მოადგილე მინდია ჟღერია.

ალექსანდრე სარიშვილი დაიბადა 1984 წლის 21 ივნისს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკათში. მამა _ ბადრი სარიშვილი პროფესიით აგრონომია, დედა _ მედეა (მარინა) ვადაჭკორია – ბუღალტერი.

სკოლა ჩოჩხათში დაამთავრა, შემდეგ კი სწავლა ბათუმში, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტზე გააგრძელა. იყო სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი.

2006 წელს, მუშაობა ბერძნულ კომპანია „პონტოსტარში“ დაიწყო, სავაჭრო აგენტად. ერთწლიანი მუშაობის შემდეგ, ბუღალტერია შეისწავლა და კერძო ბიზნესი წამოიწყო.

2011 წელს, ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ, გურიაში დაბრუნდა  და მისი თქმით, თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა „ქართული ოცნების“ (რომელსაც პარტიის სახე მაშინ ჯერ კიდევ არ ჰქონდა) ადგილობრივი ორგანიზაცია.

2013 წელს დაინიშნა ჩოჩხათის რწმუნებულად. 2014 წელს, 75%_ით აირჩიეს ჩოჩხათის თემის მაჟორიტარად და ლანჩხუთის საკრებულოში ხელმძღვანელობდა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას. 2017 და 2021 წლებში აირჩიეს ლანჩხუთის მერად. ორივე არჩევნები დიდი უპირატესობით მოიგო და ქვეყნის მასშტაბით, ერთ-ერთი საუკეთესო პროცენტული მაჩვენებელი ჰქონდა.

ცნობილია, რომ ლანჩხუთის მერობისთვის ასევე იბრძოლებს დავით ჩხაიძე („გახარია საქართველოსთვის“), ხოლო „ლელო _ ძლიერი საქართველოს“ კანდიდატი ჯერ შერჩეული არ ჰყავს. 8 მთავარი ოპოზიციური პარტია კი, 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.

რას ჩივი?