[„გურია თუდეის“ არქივიდან] ცაში დაფერფლილი ბედნიერება… „ჩვენ მხოლოდ დასახიჩრებულ გვამებს დავტიროდით“ – ლანჩხუთელი მენაღარიშვილების ტრაგედიიდან 40 წელი გავიდა

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | საბჭოთა თვითმფრინავი და მენაღარიშვილები

იმ საბედისწერო დღეს ლანჩხუთელი მენაღარიშვილების ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა, ხოლო პატარა ქალაქს წლების მანძილზე ახსენებდა დედის გამგმინავი გოდება, რომ მისი ოჯახის თავს 1985 წლის 11 ოქტომბერს დიდი უბედურება დატრიალდა…

„გურია თუდეი“ ტრაგედიიდან 40 წლის შემდეგ, რედაქციის არქივიდან გთავაზობთ სტატიას _ „ცაში დაფერფლილი ბედნიერება“.

მაშინაც ოქტომბერი იდგა… მთელი საქართველო შეძრა ტრაგედიამ, რომელმაც მენაღარიშვილების ორი ოჯახი გაანადგურა, ერთი _ ფიზიკურად, მეორე კი ამ ტრაგედიით აცხოვრა.

ლანჩხუთელთათვის კარგად ნაცნობი და ძალიან კარგი ადამიანი ია ხალვაში ემოციურად იხსენებს უმძიმეს ამბავს, რომელმაც მის ცხოვრებას დიდი დაღი დაასვა.

მან მოახერხა, ამ ტრაგედიით ეცხოვრა, მენაღარიშვილების ოჯახი შეენარჩუნებინა, გაეღო დიდი მსხვერპლი და შეძლო შეუძლებელი _ ცხოვრებისკენ მოაბრუნა მსოფლიოში, ალბათ, ყველაზე უბედური დედა, რომელმაც ერთ დღეს ორი შვილი მეუღლეებით და ერთადერთი შვილიშვილი დაკარგა.

ჩვენ უცვლელად გთავაზობთ ამ მაგარი ქალბატონის მონათხრობს, რომელსაც უემოციოდ ვერ წაიკითხავთ:

„რაიონში ორი ცნობადი ოჯახის დამოყვრებას (მკრეხელობაში არ ჩამომართმევთ ჩვენი მშობლების მიერ განვლილი ცხოვრებიდან გამომდინარე) საზოგადოება ოვაციებით შეხვდა…

უნდა გამართულიყო ზეიმი სიყვარულის, ტრადიციების და ერთობის…

ბედნიერება… სიტყვა, რომელიც უბედურებით შემეცვალა ღვთისა თუ ბუნების ძალით…

ცაში დაიფერფლა ჩემი ბედნიერება…

იქვე… ანგელოზებად აიტაცა ცამ… ჩვენ მხოლოდ დასახიჩრებულ გვამებს დავტიროდით…

ბევრჯერ გამიგია სანუგეშებლად სიტყვები _ შენი რა ბრალი იყოო… ბრალი არა… მიზეზი იყო ჩვენი „ბედნიერება“, რისთვისაც საკმარისზე მეტი მსხვერპლი გავიღე, პატარა ზურიკო მენაღარიშვილი არ მოვუშალე განადგურებულ ოჯახს, სადაც  შვილად აღიზარდა…

იქვე დამთავრდა ჩემი მე…

იმის შემდეგ ჩემი ორეული ცოცხლობს მხოლოდ შვილების და შვილიშვილების სიცოცხლით…

და როცა მივიწევ მარადისობისაკენ, უფალს შევთხოვ, შემინდოს და მომიტევოს შეცოდებანი ჩემი და გამიძლიეროს ჩემი შვილები თავიანთი ოჯახებით…

და აწ… უფალო…

იყოს ნება შენი…

აქვე, მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ქალბატონ ეთერ რუსიას ჩემს შვილზე გაწეული უანგარო ამაგისათვის…

რას ჩივი?