ურეკში ზღვის დინებამ 4 ადამიანი წაიღო, მაშველებმა ოთხივე მათგანი წყლიდან ამოიყვანეს, თუმცა ერთის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 21 წლის ბიჭია.
ადგილიდან ვიდეო „გურიის მოამბემ“ გაავრცელა. კადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთი დაზარალებული თავიდანვე კრიტიკულ მდგომარეობაში იყო და მას ადგილზე დახმარებას მაშველები უწევდნენ.
ვიდეოში ასევე ისმის ხმა, რომ ფოთიდან წასულ სასწრაფო დახმარებას დააგვიანდა და მედიკოსების ბრიგადას ახალგაზრდა გარდაცვლილი დახვდა.
გადარჩენილი სამი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კონკრეტული დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა არსებული ინფორმაცით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ასევე გავრცელებული ინფორმაციით, ისინი მარნეულიდან არიან, ექსკურსით იყვნენ ჩამოსულები და წყალში შესვლა გადაწყვიტეს, რაც სამწუხაროდ, ტრაგედიით დასრულდა.
„გურია თუდეი“ მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგედიის გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.
გურიაში დღეს დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით ვრცელდება დაბა ურეკში მერის წარმომადგენლის, დავით რობაქიძის კომენტარი:
“როგორც შევიტყვეთ, გარდაცვლილია ახალგაზრდა ბიჭი. ჩვენი ინფორმაციით, ისინი აჭარაში მარნეულიდან იყვნენ ჩასულები. ოთხნი იყვნენ ერთად შესული წყალში, სამწუხაროდ, ერთი დაიღუპა. ზღვის სეზონი უკვე დაწყებულია, შედიან ზღვაში მოქალაქეები, გვყავს დამსვენებლებიც და სამაშველოც მობილიზებულია. მაშველებმა გამოიყვანეს ზღვიდან ის სამი ახალგაზრდა და ერთი დაიღუპა, არის ვარაუდი, რომ შიშისგან გული გაუსკდა“ _ უთხრა მან „კვირის პალიტრას“.
მისივე თქმით, დღეს ზღვა ძალიან წყნარი იყო: „არც ღელავდა, არც არაფერი და გამიკვირდა ეს ამბავი რომ გავიგე, ეს ტრაგედია არ უნდა მომხდარიყო. ფაქტი მოხდა მეგობრობის სანაპიროზე. სავარაუდოდ, არ იცოდა ცურვა და არის ვარაუდი, რომ გული აქვს გახეთქილი შიშისგან. ზუსტად რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, ამას ექსპერტიზა დაადგენს. თვითონ ის ადგილი, სადაც ეს ტრაგედია მოხდა, არის საბანაო ადგილი. ჩვეულებრივი სანაპირო ზოლია. ყველგან მობილიზებული არიან მაშველები, დაახლოებით ცხრა კოშკურაა და ასევე ცალკე არიან მოძრავი მაშველები, კატერები, სკუტერები, კვადროები, ყველაფერი მობილიზებულია ყველანაირად. 1-ელი რიცხვიდან უკვე აკონტროლებენ მაქსიმალურად სიტუაციას. არის ხალხმრავლობაც, დამსვენებლებიც არიან და არიან ტურისტებიც, ექსკურსიების ხალხიც”, – აცხადებს დავით რობაქიძე.




