გურიაში, რესტორან „ფიროსმანში“ დაჭრეს ახალგაზრდა კაცი, რომელიც ჩხუბში მონაწილე პირების გაშველებას ცდილობდა _ შსს-მ ობიექტის მეპატრონე დააკავა

|

Loading

რესტორანი „ფიროსმანი“, ოზურგეთი

გურიის მთავარ ქალაქში წუხელ სისხლიანი ინციდენტი მოხდა. გვიან ღამით ოზურგეთში, რესტორან „ფოროსმანში“ ახალგაზრდა კაცი დაჭრეს.

ინფორმაციას “TV პირველი” ავრცელებს, რომლის ინფორმაციით, რესტორანში სუფრასთან კონფლიქტი მოხდა, დაჭრილი კი დაპირისპირებულების გაშველებას ცდილობდა.

მძიმე დანაშაულის ბრალდებით, პოლიციამ რესტორნის მფლობელი, გ.გ. დააკავა. გამოცემის წყაროს თქმით, იგი 23 წლისაა და დაზარალებულს, თანხმლებ პირთან ერთად, იმის გამო გაუსწორდა, რომ მან ჩხუბში გაშველება სცადა.

შსს-მ დაადასტურა, რომ ერთი პირი დააკავა, თუმცა მეორე პირთან დაკავშირებით არაფერს ამბობს. რაც შეეხება დაზარალებულს, კლინიკა “მედალფას” დირექტორის, დავით მდინარაძის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და რეანიმაციულ გამყოფილებაში იმყოფება.

მოგვიანებით, შსს-მ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით გულმკერდის არეში დაზიანება მიაყენა მოქალაქეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაშავებული მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით საავადმყოფოში მოათავსეს. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“ _აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.