„გივი ექიმმა თავად იზრუნა საავადმყოფოს ეზოში ფართის გამოყოფაზე და კოლეგებთან ერთად ფიზიკურადაც შრომობდა ეკლესიის კედლების ამოსაყვანად“ _ დღეს გივი ჭანტურიას 80 წელი შეუსრულდებოდა

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | გივი ჭანტურია, საავადმყოფო და წმ. პანტელეიმონის სახელობის ეკლესია

დღეს ლანჩხუთელთა უსაყვარლესი ექიმის, გივი ჭანტურიას დაბადების დღეა _ მას 80 წელი შეუსრულდებოდა. 7 წლის წინ, 2016 წელს დაგვტოვა.

ბატონი გივი დიდხანს და უნარიანად ხელმძღვანელობდა ლანჩხუთის ცენტრალურ საავდმყოფოს. მისი დიდი წვლილია, რომ საავადმყოფოს ეზოში დღეს წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ეკლესია დგას.

აი, როგორი სიტყვებით გააცილა უკანასკნელ გზაზე „მასწავლებელთა მასწავლებელმა“, მაყვალა გვარჯალაძემ ღვაწლმოსილი მედიკოსი:

„ახლა, ჰუმანიზმით სავსე მისი ლამაზი სული მარადიული საუფლოსაკენ მიემგზავრება. მან აქ, მზისქვეშეთშიც კარგი კაცის სახელი დატოვა და იქაც, ზეციური საუფლოსაკენ ღირსეული ადამიანის სახელი მიაქვს. როდესაც ჩემი ძმისშვილი, 21 წლის ლადო გვარჯალაძე იმქვეყნად ნაადრევად წავიდა, მშობლებს ქეთევან და ბორის გვარჯალაძეებს ძალიან გაუჭირდათ. შვილის ხსოვნის უკვდავსაყოფად მისი ოცნების შესრულებას შეუდგნენ. ლადოს ოცნება იყო რაიონის სავადმყოფოს ეზოში სამლოცველო აეშენებინა. ბატონი გივი მაშინ რაიონის მთავარი ექიმი ბრძანდებოდა. მან თავად იზრუნა საავადმყოფოს ეზოში სამლოცველოსათვის საჭირო ფართის გამოყოფაზე. ეს იყო მისი კეთილი ნება. როცა აჭარა-გურიის ეპარქიის მაშინდელი ეპისკოპოსი მეუფე იობი ლანჩხუთში ჩამობრძანდა, რათა ეკლესიის ასაშენებელი ადგილი ეკურთხებინა, მას საავადმყოფოს მთელი სამედიცინო პერსონალი შეეგება. მეუფე იობმა ბატონ გივის ჯვარი გარდასახა, დალოცა და მადლობა უთხრა იმისათვის, რომ ხელი შეუწყო საღვთო საქმის წამოწყებას. ისიც მახსოვს, გივი ექიმი თავის კოლეგებთან ერთად ფიზიკურად შრომობდა ეკლესიის კედლების ამოსაყვანად“.

კაცობისა და ადამიანობის ეტალონი _ ასე იხსენებენ ახლობლები და სჯერათ, რომ მის მიერ ნაკეთები სიკეთეები და წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ეკლესიის მადლი შეეწევა გივი ექიმს მარადიულ საუფლოში.

რას ჩივი?