„გურია თუდეი“ „კიდო ერხელ“ გილოცავთ შობა _ ახალ წელს და თქვენი ჩანაფიქრების ასრულებას გისურვებთ.
ამ შესვენებაზე ერთი მაგარი ამბავი გავიგეთ _ თურმე ჩვენზე ლექსებსაც წერენ. არა, ვერ მოგატყუებთ, ეს მთლად „თუდეის“ დამსახურება არაა და უფრო მეტად გასული წლის მთავარ სტუმარს, დათო გოგიჩაიშვილს უნდა ვუმადლოდეთ.
მოკლედ, „გოგიჩასთან“ ინტერვიუს გამოქვეყნება ერთი იყო და „აბდალმენმა“ (ფსევდონიმია ერთ კაი ნიჭიერი გურული კაცის და ჯერ არაფრისდიდებით არ სურს გამხელა) უმალ „რითმები ააწყო“:
ინტერვიუ წავიკითხე,
დღეს „გურია თუდეიში“,
ეს გოგიჩა რა ყოფილა,
ამტყდარია ვაი-ვიში,
რესპონდენტად დათანხმება,
ვიცით მისი რა ძნელია,
მაგრამ „გურია თუდეი“,
გურულია, ძირძველია.
ინგლისი ომში ვიწვიეთ,
ამერიკელნი ჯირითში,
იაპონია დავიპყრეთ
და გადავცვალეთ ძიმითში.
გვიყვარს სტუმარი, სმა-ჭამა,
იუმორი და ხალისი,
„ლანჩხუთი პოსტიც“ გამოდის,
და „ოზურგეთი ტაიმსიც“.

ჩვენს ერთგულ მკითხველს ემახსოვრება, რომ გაზეთში წლის ინტერვიუს გამოქვეყნება ცნობილი შოუმენის დაბადების დღეს დაემთხვა. თურმე ამ ჩვენ „აბდალმენს“ (ალბათ, აბდალ კაცს გულისხმობს, მარა მასთან ამ სიტყვას არანაირი კავშირი არ აქვს, გურულობის გარდა) „გოგიჩასთვის“ საიუბილეოც დაუწერია:
წუხელ გოგიჩა დაბადებულა,
დაურქმევიათ თურმე დავითი,
და მის შესახებ ვერ გაარკვიეს,
რა სიმართლეა და რაა მითი.
წუხელ გოგიჩა დაბადებულა,
აღელვებულა თურმე რიონი
და ჩვენთვის დადგა ახალი ერა,
ვით რუსთველის და გალაქტიონის.
წუხელ გოგიჩა დაბადებულა,
ყველა ვულოცავთ, ზეიმობს ერი,
სამყარო გაგოგიჩავებულა,
მისთვის ლექსებს ვწერთ,
და მისთვის ვმღერით!
სხვაფერ რაფერ იქნებოდა, ამ ჩვენს ნიჭიერ კაცს გადარეულ გურულსა და იმ ფოტოზე არ ეთქვა სათქმელი, რომელზეც გურულის ძეგლი ცას აწვდენილ კორპუსებზეა მიმონტაჟებული და ეს ფოტო ფეისბუქიდან ყველამ კარგად იცით…
ლანჩხუთი აყვავებულა,
აშენებულა გურია,
ძეგლიც კი გადარეულა,
აჩქარებია გულია,
ცას აწვდენილა კორპუსნი,
ბაღები გამწვანებულა,
უკან გოგიჩას ოფისი,
აწვეტილ-ამაღლებულა,
ლანჩხუთს ვიზიტით სწვევია,
თვით პროფესორი მაღრაძე
და ახლა პენტ-ჰაუზში,
წამოწოლილა პარმაღზე.
ლანჩხუთი დამშვენებულა,
აყვავებულა გურია,
სუყველა ბედნიერია,
ქალიც, კაცი და მურია…
ერთიც „გურია თუდეის“ და ლანჩხუთის მედიას მიუძღვნა „აბდალმენმა“ „ექსკლუზიურად“:
გურიაში სიაბდლეზე,
მეტად ფასობს რამე, განა?
როცა ვერ გაგირკვევია,
ხო გქვია თუ, გქვია არა.
უკეთესი კრეატივიც,
მოგვდებია ვით ვირუსი.
ლანჩხუთს რაღაში სჭირდება,
დამატებითი პლიუსი?
გვიყვარს კაი კრიმანჭული,
ჩვენთვის ღამეც კი დღეია,
გურიისთვის ხომ ყოველთვის,
გუშხამი და თუდეია!
P.S. იმედია, გაგრძელება (აუცილებლად) იქნება…






