„გაფრინდა ჩემი თომაც… განმიახლდა ნიკოლოზი… გადახვევენ ერთმანეთს ხელს…“ _ წერს სოციალურ ქსელში „გურიას“ ყოფილი კაპიტანი ერეკლე კილაძე.
მისი ძმა ნიკა კილაძე, ასევე „გურიას“ ფეხბურთელი, 2014 წლის 8 ოქტომბერს, თბილისში ავარიაში მოხვდა და სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
ერეკლეს ბიძაშვილისშვილია თომა პაჭკორია, 22 წლის ახალაზრდა გუშინ ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. თომა უახლოეს მომავალში დაოჯახებას გეგმავდა, როგორც ლანჩხუთელი ზურა ჩხაიძე, ვისაც გუშინ ქორწილი უნდა ჰქონოდა და რამდენიმე დღის წინ ბათუმში, ისიც ავარიამ იმსხვერპლა.
„ღირსება, წესიერება, პატიოსნება, სიმშვიდე, ყველაზე ტკბილი და თბილი, ყველაზე და ყველაფერზე მწარე და მტკივნეულიც… ჩემი თილისმა. დაღად დამედე გულზე, ჩემო ერთადერთო, შეუცვლელო და მუდამ ცოცხალო ძმაო! ჩემი ძმა ხარ! ძალიან, ძალიან, ძალიან, ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ! სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ! მგელივით ბიჭი ხარ და ღმერთმა ცათა სასუფეველი დაგიმკვიდროს, ჩემო თომა, ჩემო ყველაზე ტკბილო, მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ! მთელი საქართველო მწერს და მირეკავს, ჩემო ძმაო, არავის არ გვჯერა! მიყვარხარ!“ _ წერს თომას ძმა, ლუკა პაჭკორია.

საშინელი ავარიის ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება
როგორც მეგობრები ამბობენ, თომა სამსახურში მიდიოდა დილით, ფოთში, ქარხანაში მუშაობდა. თითქმის მისული იყო სამსახურამდე, მეშვიდე კილომეტრში მოხდა უმძიმესი ავარია. მისი მანქანის უკანა ნაწილი ევაკუატორს შეეჯახა და მანქანა შუაზე გაიხსნა. თომა ადგილზე გარდაიცვალა.
“საშინელება ტრიალებს, როგორ უნდა შევხედოთ მის დედას თვალებში, არ ვიცით. 22 წლის უკარგესი შვილი დაკარგა. თომა მალე დაოჯახებას აპირებდა, როგორც ვიცი. შეყვარებული ჰყავდა. უპატიოსნესი, ძალიან თბილი ბავშვი იყო. ზოგადად, ეგ მონაკვეთი, სადაც ავარია მოხდა, საშინელი ადგილია. უამრავი ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება მანდ. რა გახდა ამ გზაზე კამერების დაყენება? რამდენი ადამიანი უნდა ემსხვერპლოს ავარიას” – ამბობენ დაღუპულის ახლობლები ambebi.ge-სთან საუბრისას.
„გურია თუდეი“ მწუხარებას გამოთქვამს თომა პაჭკორიას გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს ოჯახსა და ახლობლებს.


