ბათუმში, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ 2 ბავშვი წყლით სავსე დაუცველ თხრილში ჩავარდა და დაიღუპა

|

Loading

ფოტო ტრაგედიის ადგილიდან | „რადიო თავისუფლება“

რამდენიმე საათის წინ, ბათუმში ტრაგედია დატრიალდა _ არსებული ინფორმაციით, 3 და 6 წლის ბავშვები ე.წ. „ოცნების ქალაქში“ არსებულ წყლით სავსე დაუცველ თხრილში ჩავარდნენ და სამწუხაროდ, ექიმებმა მათი გადარჩენა ვერ შეძლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, თხრილი, რომელშიც ბავშვები ჩავარდნენ, კუსტარულად იყო გაკეთებული და მასში კანალიზაცია ჩაედინებოდა. ბავშვები მეზობლები იყვნენ და მათ მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ. სავარაუდოდ, მათი ნახვა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც თხრილთან ფეხსაცმელები აღმოაჩინეს.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბავშვები ჯართს ეძებდნენ, თუმცა მათი ასაკის გათვალისწინებით, ეს ნაკლებად სარწმუნოა.

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ ტრაგედიის ადგილზე რაიმე სახის მშენებლობა არ მიმდინარეობდა, ხოლო სადაც „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთათვის ბინები უნდა აშენდეს, იქ სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა.

ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მოქალაქეებს შორის შელაპარაკება მოხდა. მოსახლეობა ითხოვს პასუხს კითხვაზე _ რატომ იყო დაუცველი ტერიტორია, სადაც წყლით სავსე თხრილი იყო?

შსს-მ ბათუმში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო.

„გურია თუდეი“ მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგედიის გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილი ბავშვების ოჯახებს.

რას ჩივი?