სულ მალე მისი ავტობიოგრაფიული წიგნი გამოვა, რომელშიც დიდი ადგილი მშობლიურ „გურიას“ დაეთმობა. ჩვენი კლუბის სახელოვანი მოთამაშე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, თბილისის „დინამოსა“ და ჰოლანდიური „ვიტესის“ ექს-პრეზიდენტი, წლების მანძილზე „გურიას“ დამხმარე და დღემდე მისი დიდი გულშემატკივარი მერაბ ჟორდანია სწორედ ლანჩხუთში გატარებულ წლებს და აქამდე უთქმელ ისტორიებს იხსენებს.
_ ქართული ფეხბურთის მრავალწლიან ისტორიაში განსაკუთრებით კი საბჭოთა ეპოქაში, ბევრი ისეთი მატჩი ჩატარებულა, რომლებსაც სპორტულის გარდა უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა. ყველა ეს შეხვედრა დღეს ისტორიის კუთვნილებაა და საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული გულშემატკივრები ამ თამაშების შესახებ ყოველთვის განსაკუთრებული ემოციით საუბრობდნენ.
ეს ძირითადად ხდებოდა მაშინ, როდესაც თბილისის „დინამო“ ამგვარ თამაშებში მოსკოვურ გუნდებს უპირისპირდებოდა და საქმე ეხებოდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში ან თასის გათამაშების ფინალში გამარჯვებას.
პირადად მე ამ შეხვედრებს არ მოვსწრებივარ, მაგრამ მამა – ლევან ჟორდანია ხშირად მიყვებოდა ამის შესახებ, რადგან თვითონ გახლდათ რამდენიმე ასეთი მატჩის მონაწილე, მათ შორის, 1959 წლის თასის გათამაშების თამაშისა სადაც მოსკოვის „ტორპედო“ თბილისის „დინამოს” დაუპირისპირდა და მხოლოდ მსაჯის დიდი ძალისხმევის შედეგად მოახერხა მოწინააღმდეგემ ჩვენების დამარცხება.
უფრო ხშირად კი ამ შეხვედრების შესახებ ვისმენდი ლეგენდარული ვერის ანუ „კიროვის პარკის“ გულშემატკივრებისგან (ქართლოს სვანიძე – ბელადო, ლევან ჭაჭიაშვილი – პაპა, ზაზა ბოკერია – დოქტორი, გოგი დემეტრაძე, მიშა დაფხვიაშვილი, ვალერი კობახიძე, გიგლა და ბახვა ჯაყელები), რომლებიც ისე დაბეჯითებით ჰყვებოდნენ არა მარტო ამ საფეხბურთო, არამედ სხვა თემებთან დაკავშირებულ ამბებს, რომ დედამიწაზე მცხოვრებ არცერთ ადამიანს მათი მონათხრობი არ დააეჭვებდა, რამეთუ ვისაც მათთან ურთიერთობა ჰქონია, დამეთანხმება, რომ ამ ადამიანების ერუდიციასა და გადმოცემის უბადლო უნარს ყველა აღტაცებაში მოჰყავდა.
მათი მონათხრობიდან ვიცი, რომ ამ მატჩებზე ხშირად გავლენას ახდენდა მსაჯი, რომელიც საკავშირო ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელების დავალებას ასრულებდა, ფედერაციის წარმომადგენლებს კი უფრო მაღალი ეშელონებიდან მართავდნენ და ეს ძირითადად ხდებოდა მაშინ, როდესაც სტალინი და ბერია იყვნენ ხელისუფლებაში (როგორც ამას კიროვის – ვერის პარკელები გადმოგვცემდნენ), რამეთუ საბჭოთა ლიდერებს მიაჩნდათ, რომ მოსკოვის გუნდების გამარჯვება ხელს შეუწყობდა წესრიგს იმპერიაში. წესრიგი იმპერიაში კი მათთვის გაცილებით მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ქართველი ხალხის სიხარული.
ჩემი უსაყვარლესი უფროსი მეგობრების „კიროვის პარკელების“ ამ ფორმულირებით გადმოცემული ეს მოსაზრება ქართული გუნდებისა და ქართველი ფეხბურთელების ჩაგვრის შესახებ მე, პირადად მაინც გაზვიადებული მგონია, დასტურად კი მინდა მოვიყვანო ის ფაქტი, რომ ათი წლის განმავლობაში საბჭოთა ნაკრების კაპიტნები, ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელები – მურთაზ ხურცილავა და ალექსანდრე ჩივაძე იყვნენ და ჩემს პოზიციას მათი მოსაზრებებიც ამყარებს.
მინდა გავიხსენო და გიამბოთ ორი ღირსშესანიშნავი მატჩის შესახებ, რომლებსაც ჩემი აზრით განსაკუთრებული პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა. სამწუხაროა, რომ ამ თამაშების პერიპეტიებზე არავის არასოდეს უსაუბრია, თუმცა მიმაჩნია, რომ ამ შეხვედრების შესახებ არა მხოლოდ ფეხბურთის ქომაგმა არამედ სრულიად საქართველოს მოსახლეობამ უნდა იცოდეს.
პირადად მე, ამ ორივე მატჩთან უშუალო შეხება მქონდა, მათგან პირველში მოქმედი ფეხბურთელი ვიყავი – ეს იყო ლანჩხუთის „გურიასა“ და მოსკოვის „ცსკა“-ს დაპირისპირება, მეორე კი იყო საქართველოსა და რუსეთის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდების თამაში – მაშინ კი მე უკვე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახლდით.
და მაინც შეიძლება გადაჭარბებული ნათქვამი გამომივიდეს, მაგრამ თუკი თეატრალური თვალსაზრისით შევაფასებთ ორივე შემთხვევაში მე, ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი ვიყავი.
ლანჩხუთის „გურიასა“ და მოსკოვის ცსკა-ს მატჩის მონაწილე ქართველი ფეხბურთელები და კლუბის იმდროინდელი ხელმძღვანელობა სულ მცირე იმას მაინც იმსახურებენ, რომ მათმა შვილებმა და ფეხბურთის ნამდვილმა ქომაგებმა იცოდნენ და ახსოვდეთ, რა შეძლო მაშინ საქართველოს ერთი პატარა ქალაქის (რომლის მოსახლეობა იმ დროს 10 000-ს შეადგენდა) – ლანჩხუთის საფეხბურთო გუნდმა და როგორ დაასამარა დიდი მოსკოვის და კიდევ უფრო დიდი საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს ლეგენდარული გუნდის, ცსკა-ს უძლეველობის მითი.
შეხვედრა ლანჩხუთში 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების შემდეგ ზუსტად ერთ თვეში უნდა გამართულიყო და აქ ყველაზე მთავარი ფაქტორი იყო ის, რომ ჩვენი მეტოქე მოსკოვის „ცსკა“ გახლდათ, რომელიც იყო საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს გუნდი და სრულად ასოცირდებოდა იმ ჯართან, რომელიც თბილისში 1989 წლის 9 აპრილის ღამეს იმ ავადსახსენებელი მოვლენების შემოქმედი იყო. თუმცა ერთიც უნდა ითქვას „ცსკა“-ში მოთამაშე ფეხბურთელებს, რასაკვირველია 9 აპრილის მოვლენებთან არანაირი კავშირი არ შეიძლება ჰქონოდათ, თუმცა ფაქტია, იმ დროს საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს თუ სრულიად საქართველოს არა, მიაჩნდა, რომ 9 აპრილის შემდეგ პირველი პასუხი სწორედ საფეხბურთო მინდორზე უნდა დაფიქსირებულიყო.
…
ლანჩხუთის იმდროინდელი პარტიული ხელმძღვანელობა იმავდროულად გუნდის მმართველ რგოლს წარმოადგენდა და მას რაიკომის მეორე მდივანი ანუ ლანჩხუთის ერთ-ერთი პირველი პირი ალბერტ ლომაძე თავკაცობდა. ის ქართული ფეხბურთის ლეგენდარული მეცენატის, ევგრაფი შევარდნაძის (ედუარდ შევარდნაძის უფროსი ძმის) მიერ ფანატიზმით შექმნილ შეუდარებელ და დღესაც კი წარმოუდგენლად გამართულ სტრუქტურას შესანიშნავად და ღირსეულად უძღვებოდა. გუნდში ყველა მომუშავე მასზე დაკისრებულ მოვალეობას პირნათლად ასრულებდა.
მე, ვისაც აგერ უკვე 35 წელია არა მარტო საქართველოში, არამედ წამყვან ევროპულ ქვეყნებში (ინგლისი, ნიდერლანდები, ავსტრია, მალტა) პროფესიონალური კლუბების მართვასთან მაქვს საქმე, დღევანდელი გადასახედიდანაც კი ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მინდა აღვნიშნო, რომ იმდროინდელი ლანჩხუთის „გურია“ ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში წარმოადგენდა სერიოზულ და პროფესიონალურ დონეზე გამართულ კლუბს. შედარებისთვის იმდროინდელი რაიკომის პირველი მდივანი იმავე ფუნქციებს ითავსებდა, რომლებსაც მე ვასრულებდი, როდესაც თბილისის „დინამოსა“ და ნიდერლანდების „ვიტესის“ პრეზიდენტი ვიყავი.
ვიდრე მატჩისწინა სამზადისის შესახებ დავიწყებ თხრობას, საინტერესო იქნება გითხრათ, თუ როგორ მოვხვდით „გურიაში“ ის ფეხბურთელები, რომელთა ოსტატობა და კლასი თავისუფლად აკმაყოფილებდა იმდროინდელი უკრაინის, რუსეთისა და, რასაკვირველია, თბილისის „დინამოს“ დონეს და ჩამოგითვლით ფეხბურთელების გვარებსა და რესპუბლიკებს, რომლებსაც თითოეული მათგანი წარმოადგენდა:
ვიქტორ ხლუსი – უკრაინა, კიევის „დინამო“, მიხეილ ოლიფერენკო – კიევის „დინამო“. ორივე მათგანი თამაშობდა იმ პერიოდში, როდესაც გუნდმა 1986 წელს მეორედ მოიპოვა ევროპის თასების თასი, დაამარცხა რა ფინალში მადრიდის „ატლეტიკო“ გამანადგურებელი ანგარიშით 3:0. ტყუპი ძმები კუზნეცოვები – რუსეთი, ლენინგრადის „ზენიტი“. მამუკა აბუსერიძე, ავთანდილ ქანთარია, ბადრი დანელია, გოჩა ტყებუჩავა, მერაბ თევზაძე, დათო ცომაია, ოთარ კორღალიძე, გია გურული, მიხეილ მესხი, ლევან ბარათაშვილი, ბესო ფრიდონაშვილი, კახი გოგიჩაიშვილი, გრიგოლ ცაავა, გოჩა გოგრიჭიანი, ამირან ანდღულაძე, ნუკრი კაკილაშვილი, მერაბ ჟორდანია.
როდესაც ვსაუბრობთ პროფესიონალ კლუბსა და იმაზე, თუ როგორ მოხვდნენ ეს ფეხბურთელები ლანჩხუთში, დღევანდელი საფეხბურთო ტერმინით ამ ყველაფერს ტრანსფერი ეწოდება. იქ ისეთი საოცარი პირობები შეიქმნა, რომ ამგვარ შემოთავაზებებზე მოთამაშეთა უმეტესობამ უარი ვერ თქვა.
მე კი უბრალოდ ვალი მქონდა მოსახდელი ჩემი წინაპრების, კერძოდ კი, ბაბუაჩემის _ პაჭუ ჟორდანიას ხსოვნის წინაშე, რომელიც ცნობილ ნოე ჟორდანიასთან ერთად წარმოშობით ლანჩხუთელი იყო. როდესაც ზაფხულის არდადეგებზე ჩემი წინაპრების სახლს ვსტუმრობდი, მახსოვს, როგორ ოცნებობდნენ ბაბუაჩემი და მისი მეგობრები – ევგრაფი შევარდნაძე და ვალოდია წულაძე (ლანჩხუთის კოლორიტი, რომელიც მოღვაწეობდა სხვადასხვა თეატრების რეჟისორად და დირექტორად. სცენაზე 200-ზე მეტი როლი აქვს შესრულებული, ის ასევე არაერთ ქართულ მხატვრულ ფილმშია გადაღებული) იმ დღეზე, როდესაც ლანჩხუთის „გურიას“ საფეხბურთო მაისურს მოვირგებდი, ისინი ხომ ამ გუნდის თავგადაკლული გულშემატკივრები იყვნენ. ყოველგვარი ამპარტავნების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ეს ვალი პირნათლად მოვიხადე, რაც იმაში გამოიხატა, რომ მათი ოცნება „გურიას“ უმაღლესი ლიგის საგზური მოეპოვებინა, ასრულდა. მე კი „გურიაში“ გატარებული იმ ორი სეზონის განმავლობაში, ვთამაშობდი რა ნახევარდამცველის პოზიციაზე, გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გავხდი და პირველ სეზონში 21, ხოლო მეორეში 25 გოლი გავიტანე.
აღვნიშნე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ იქ მართლაც განსაკუთრებული პირობები იყო. თქვენთვის კიდევ უფრო ცხადი რომ გახდეს, რამდენიმე ფაქტს გაგიზიარებთ: 80-იან წლებში ექიმის, პროფესორისა და ზოგადად უმაღლესი თანამდებობის პირის ხელფასი თვეში 250-300 მანეთს შეადგენდა. ჩვენ კი თვეში, გაგიკვირდებათ და, 4000 მანეთს ვიღებდით. სტრუქტურა ასეთი იყო ჩვენი ხელფასი 500-დან 1000 მანეთამდე მერყეობდა, ამ თანხას ემატებოდა 1000 მანეთი, რომელსაც ერთ-ერთი ჩაის ფაბრიკის დირექტორი თავად გადმოგვცემდა (და ამ სახელფასო დანამატს,გურულები „დაპლატას“ უწოდებდნენ).
კიდევ იყო თითოეულ მოგებულ თამაშზე 500 მანეთი და ეს თანხა ხანდახან იზრდებოდა კიდეც, „გურია“ მაშინ თვეში სულ მცირე ხუთ თამაშს იგებდა. მოკლედ, ჩვენი ყოველთვიური ანაზღაურება 4000-5000 მანეთი იყო და როდესაც 1988 წელს თასის გათამაშებაზე კიევის „დინამოს“ შევხვდით (სხვათა შორის, ლანჩხუთში მოვუგეთ 2:1), მაშინ ამ გუნდის ფეხბურთელების უმეტესობა ევროპის ვიცე-ჩემპიონი იყო (ფინალი _ ჰოლანდია-სსრკ 2:0): ბლოხინი – 1975 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელი, ბესონოვი, დემიანენკო, რაცი, ბელანოვი – 1986 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელი, ზავაროვი, მიხაილიჩენკო… და როდესაც მათ ჩვენი ხელფასებისა და ბონუსების შესახებ შეიტყვეს, არ დაიჯერეს, რადგან ისინი იმ დროისთვის კიევის „დინამოს“ შემადგენლობაში იყვნენ რა საბჭოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონები, იმავდროულად ირიცხებოდნენ საბჭოთა კავშირის ნაკრებში და ამ ორი ფაქტორიდან გამომდინარე ითვლებოდნენ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებად, თუმცა თანხას ჩვენზე ორჯერ ნაკლებს იღებდნენ.
ამ ყველაფერს დაემატა ის, რომ ლანჩხუთში ქართული ფეხბურთის ლეგენდარული ქომაგისა და მეცენატის (მასზე კიდევ ბევრის თქმა შეიძლება), ბატონი ევგრაფი შევარდნაძის თაოსნობით, არ გაგიკვირდეთ და გეტყვით, აშენდა სტადიონი, რომელიც 30 000 მაყურებელს იტევდა. იმ დროს კი ლანჩხუთის მოსახლეობა მხოლოდ და მხოლოდ 10 000 იყო. დღესაც არა მგონია, მსგავსი პრეცენდენტი მსოფლიოში ძალიან ბევრი არსებობდეს.
ასევე წაიკითხეთ: „წარმოიდგინეთ, 9 აპრილიდან 1 თვეში ვხვდებოდით გუნდს, რომელიც იმ სისხლიანი ღამის შემოქმედ საბჭოთა არმიასთან ასოცირდებოდა“ https://shorturl.at/ohyNE