„გურია თუდეი“ წერდა, რომ ქობულეთის სოფელ ხუცუბანში ავტოვარიამ 18 წლის ულამაზესი ლანჩხუთელი გოგონას, ანანო ხურციძის სიცოცხლე შეიწირა. შემთხვევის დროს მძიმედ დაშავდა მისი მეუღლე _ 22 წლის ანდრია ბაუჟაძე, რომელიც 6 თვე კლინიკაში უშედეგოდ ებრძოდა სიკვდილს.
სამწუხაროდ, ექიმების ბევრი მცდელობის მიუხედავად, ახალგაზრდის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. რამდენიმე თვიანი ბრძოლის შემდეგ, 4 აპრილს ანდრია კლინიკაში გარდაიცვალა. ამის შესახებ ambebi.ge წერს. გამოცემა საზოგადოებას ახსენებს ქობულეთის სოფელ ხუცუბანში დატრიალებულ საშინელ ტრაგედიას. 2024 წლის 14 ოქტომბერს უმძიმესი ავტოავარია მოხდა. მანქანა ხეს შეეჯახა და სამწუხაროდ, ადგილზე დაიღუპა ანდრიას ულამაზესი მეუღლე, 18 წლის ანანო ხურციძე, ხოლო უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ანდრია, კლინიკაში გადაიყვანეს.
ანდრია ბათუმში, კლინიკაში იყო მოთავსებული, სადაც მას თავზე ურთულესი ოპერაციები გაუკეთდა. მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკულად მძიმე იყო და ის ამ დრომდე აპარატზე ჰყავდათ შეერთებული. არადა ცოტა ხნით ადრე შეუღლდნენ ისინი, ამ ლამაზ წყვილს ბედნიერებას ულოცავდნენ. ახალგაზრდებს ბედნიერად უნდა ეცხოვრათ, ანანო 6 თვის ფეხმძიმე იყო, წყვილი გოგონას დაბადებისთვის ემზადებოდა, მაგრამ მომხდარმა ავარიამ ორი ოჯახის ცხოვრება მთლიანად შეცვალა. ახალგაზრდა ბიჭი 8 აპრილს მიაბარეს მიწას და მისი საყვარელი მეუღლის გვერდით დაკრძალეს.
„ანდრიანო ძალიან მოწესრიგებული, წყნარი, ჭკვიანი ბავშვი იყო, შენიშვნას რომ არ იმსახურებდა. სკოლა რომ დაამთავრა, უკვე შეყვარებული იყო ანანოზე. სიყვარულისგან თვალები უციმციმებდა. ბანკეტზე მის გვერდით იყო ის ულამაზესი გოგონა. ახალი შეუღლებულები იყვნენ, ეს თავზარდამცემი ტრაგედია რომ დატრიალდა. 5 თვის ორსული იყო ანანო, წყვილი გოგონას ელოდებოდა და ეს იყო საშინელება. გოგონა ადგილზე დაიღუპა. ბავშვი ამოუყვანეს ფეხმძიმე გოგონას, სამწუხაროდ ნაყოფი ვერ გადარჩებოდა და როცა დაკრძალეს, ნაყოფი გულზე ესვენა“ _ ამბობს გამოცემასთან საუბარში ანდრიანოს მასწავლებელი ია ბაჯელიძე.

„ახალი შეუღლებულები იყვნენ, ეს თავზარდამცემი ტრაგედია რომ დატრიალდა“
ბიჭი მაშინ კლინიკაში გადაიყვანეს და ამ დრომდე იქ იწვა. ანანოს ცხედარი ჯერ ექსპერტიზაზე გადაასვენეს და იქიდან მისი მშობლების სახლში, ლანჩხუთში და იქ დაკრძალეს. „6 თვეზე მეტია გასული ამ ამბიდან და ამ დრომდე აპარატზე იყო ანდრიანო შეერთებული. ვერ ლაპარაკობდა, ასე იყო მიჯაჭვული საწოლზე ამდენი ხანი დედისერთა ბიჭი და ეს ანგელოზი ბავშვი დადნა ფაქტობრივად. ძალიან დიდი ტრაგედიაა, როცა დედას, რომელსაც გარდაეცვალა ერთადერთი შვილი, სანუგეშოს ვერაფერს ეუბნები. იმ შემზარავი ავარიის დროს მანქანაში იჯდა ანდრიანოს დედა მაიკოც, ის გადარჩა, არანაირი დაზიანება არ მიუღია, ამ ავარიის შემდეგ შოკში იყო. მაიკო უკრაინაში მუშაობდა და იმ საბედისწერო დღეს ჩამოვიდა უკრაინიდან. ახალმოყვანილი რძალი და შვილი მანქანით შეხვდნენ სარფის საბაჟოზე, ჩაისვეს მაიკო მანქანაში და სამივე ერთად წამოვიდნენ. გზად გამოიარეს გელაურში, სადაც ცხოვრობს ანდრიანოს დეიდა და იქიდან მოდიოდნენ სახლში, როცა ეს საშინელი ტრაგედია მოხდა. ანანო თავდაპირველად დაკრძალეს ლანჩხუთში, მაგრამ მერე გადმოასვენეს გელაურში და ახლა ანდრიანო მისი მეუღლის და შვილის გვერდით დაიკრძალა. რომ იქორწინა ამ ლამაზმა წყვილმა პატარა სუფრა ჰქონდათ, ქორწილი არ ჰქონიათ. ანდრიანოს დედამ იმ დღეს გაიცნო პირადად თავისი ულამაზესი რძალი და სულ მალე ასეთი ტრაგედია მოხდა. საშინელი ტრაგედიაა, რომელმაც ძალიან შეგვძრა“ _ ამბობს მასწავლებელი.
სრულად სტატია წაიკითხეთ ბმულზე: https://shorturl.at/4TVTs
„გურია თუდეი“ მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგედიის გამო და თანაუგრძნობს ანანო ხურციძის და ანდრია ბაუჟაძის ოჯახებს.