გასულ ხუთშაბათს (14 სექტემბერს), სოფელ შუხუთში დატრიალებული ტრაგედიის (სატვირთო ავტომობილის მძღოლი დაიღუპა) ერთ-ერთ მიზეზად ის გადაჭარბებული ტვირთი სახელდება, რის გადატანასაც გზის მშენებელი კომპანიების მესვეურები მძღოლებს აიძულებენ, თან მიზერული ანაზღაურების სანაცვლოდ. გადატვირთული მანქანის დამორჩილება კი რთულია და ზოგჯერ შეუძლებელიც. შუხუთის ტრაგედიაშიც ამას თავისი წვლილი აქვს შეტანილი.
ლანჩხუთის მერობის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ კახა ასკურავა მძღოლის დაღუპვას პირდაპირ ამ ფაქტს უკავშირებს: „ეს იმის ბრალია, ყველა ტვირთმზიდი გადატვირთული რომ დადის, ხოლო იმ ზედმეტი ინერტული მასალის ფული „ბოსების“ ჯიბეებში ილექება, საცოდავი მძღოლი კი მსხვერპლია! არავინ არაა ამის მომკითხავი და კიდევ შეიძლება მსგავის ტრაგედია დატრილადეს“.
ჯერ კიდევ ამ ტრაგედიამდე საუბრობდა ლანჩხუთის ყოფილი გამგებელი ამ პრობლემის შესახებ. იგი ადგილობრივ ხელისუფლებასა და პოლიციას კორუფციულ გარიგებებში სდებდა ბრალს. როგორც ასკურავა აცხადებდა, მანქანები იმაზე მეტ ტვირთს ეზიდებიან, რაც დასაშვებ ნორმას აღემატება და იმ ერთეული ადამიანის გამდიდრებას ემსახურება, ვინც ამ კორუფციულ სქემაშია ჩართული. სწორედ ამით ხსნის ასკურავა იმ ფაქტს, რომ საპატრულო პოლიციას მძიმეწონიანი მანქანების მძღოლებთან შეკითხვები არ უჩნდება, არის თუ არა გადასატანი მასალები იმ წონის, რასაც სპეციალურ ქვითრებში მიუთითებენ.
კახა ასკურავა, ლანჩხუთის საკრებულოს წევრი:
„ისეთი საშური საქმის გაკეთებას, როგორიცაა ავტობანის მშენებლობა, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების კორუფციული ინტერესები სერიოზული დარტყმის ქვეშ აყენებს მოსახლეობის თვალში. მაღალი ტონაჟობის მანქანების ცენტრალურ მაგისტრალზე და მით უმეტეს, ქალაქის შიდა გზებზე გატარება, მოსახლეობის საფუძვლიან პროტესტს იწვევს. ინერტული მასალი დანიშნულების ადგილზე მისატანად არსებობს ე.წ შავი გზა (თუ არ არსებობს, ეს ცალკე პრობლემაა), რომელზეც უნდა გადაადგილდებოდეს დატვირთული მანქანები და მათ არანაირი შეხება არ უნდა ჰქონდეთ ცენტრალურ მაგისტრალთან.

ამ შემთხვევის დროს, 41 წლის მძღოლი დაიღუპა | ფოტო „გურია თუდეი“
ეს რომ ასე უნდა ხდებოდეს, ყველა საქმეში მეტ-ნაკლებად ჩახედული ადამიანი დაგიდასტურებთ, მაგრამ, თუ რატომ არ ხდება, ამას აქვს კონკრეტული მიზეზები – ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები კონკრეტულ კორუფციულ გარიგებებში არიან შესულები (მათ შორის არაფორმალური მმართველები რეგიონში) როგორც მომწოდებლებთან, ასევე შემსრულებლებთან და მათ სრული თავისუფლება აქვთ მიცემული მოქმედებებში. აბსოლუტურად ყველა მანქანა, რომელიც ეზიდება ინერტულ მასალას კარიერებიდან, არის გადატვირთული. ანუ მასზე დაყრილი ინერტული მასალის ტონაჟობა ბევრად აღემატება დასაშვებ ზღვარს. რატომ არ რეაგირებს ამაზე საპატრულო პოლიცია, რომლებიც ჩვეულებრივ ტრაილერებს მსგავს დარღვევაზე სოლიდურ ჯარიმებს უწერენ?! სად მიდის ის თანხები, რომელიც ქაღალდზე მითითებულ ტონაჟობას ზემოთ აყრია მზიდებს და ჩემი ინფორმაციით, ეს სხვაობა დაახლოებით 4-5 ტონას უდრის?!
აქ საუბარია ძალიან დიდ ფულზე, რომელსაც ზარალობს სახელმწიფო ბიუჯეტი და რომელ კორუფციულ სქემასაც, კონკრეტული ადამიანები ლობირებენ საკუთარი გამდიდრების ხარჯზე! მოვუწოდებ შესაბამის სამსახურებს დაინტერესდეს ჩემს მიერ მიწოდებული ინფორმაციით და გადაამოწმოს მისი ნამდვილობა, ეს ძალიან მარტივია – გავაჩეროთ ინერტული მასალით დატვირთული ტვირთმზიდი და ავწონოთ, მერე შევადაროთ იმ რაოდენობას, რომელსაც ქვითარში უთითებენ!
სხვათა შორის, პირად საუბარში ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმაც კი დაადასტურა გადატვირთვის შედეგად გაფუჭებული ტვირთმზიდების მიერ ცენტრალურ მაგისტრალზე შექმნილი პრობლემა – მოვკვდით მაგათი გახეთქილი საბურავების გადაყრით, რომელსაც სადაც გამოვცლიან, იქვე ყრიანო…“
ზემომოყვანილი სოციალურ ქსელში ასკურავამ ორი თვის წინ გააჟღერა, თუმცა არც რეაგირება ყოფილა და არც ფაქტების უარყოფა უცდია ვინმეს…
მართალია, ასკურავა ოპოზიციონერია და მის განცხადებებს პოლიტიკური ნიშანიც ახლავს, თუმცა ეს არ უნდა ამშვიდებდეს ხელისუფლებას და არც ის, რომ „ნაცების“ დროს უარესებიც ხდებოდა. თუნდაც „პოლიტიკურად“ დაყენებულ რეალურ ფაქტებს ხელისუფლებამ ყურადღება უნდა მიაქციოს! რად უნდა ამას „ნაციონალობა“ ან სხვა პარტიულობა _ ფაქტია, ავტომობილები გადატვირთულია და პატრული საეჭვოდ დუმს. ამას ყველა ხედავს!
ფაქტია, ზედმეტი ტვირთი აზიანებს საბურავს, ასეთ შემთხვევაში კი მატულობს რისკები. პლუს ამას, ასეთი ავტომობილის დამორჩილება ძნელია და ასეთი რამ შეემთხვა საწყალ მძღოლსაც, რომლის უბედურებამ თვითმხილველები შეძრა.
სხვათა შორის, ამ „ბიზნესს“ რომ ვიღაც მფარველობს, იმ აქციებზეც გამოჩნდა, რომელიც მოსახლეობამ გამართა გზების დაზიანების გამო. მაგალითად ლანჩხუთში, ბოლო დროს დაგებულ ასფალტებზეც კი უკვე ორმოებია გაჩენილი, ასე თუ გაგრძელდა, საკანალიზაციო მილებიც დასკდება. არაფერს ვამბობთ მტვერსა და ხმაურზე.
მოსახლეობასთან და გაურკვეველი ფირმის წარმომადგენელს შორის ასეთი საუბარი შედგა:
_ დღეს პირველად არის ჩემი მანქანები აქ. გაგვატარეთ და მეტს აღარ შემოვალთ.
_ შენ რა გენაღვლება, აქ ჩვენს სულს ვერ ვითქვამთ. ხედავ, „ზნაკი“ რომ არის, იგი იქანე გასაშრობად კი არაა.
_ გასაგებია, ბატონო, მაგრამ მე სხვა ალტერნატიული გზა მითხარი, სად არის?!
_ მაი არაა ჩვენი საქმე. წეღან არ იძახდი, რამდენიმე დღეა აქ დავიდვარო. ახლა შეცვალე „პლასტინკა“ და პირველად ვარო.
„ახლა აგენი გადამრევენ, რავა ყველაი პირველად ხართ დღეს. ასე თუა, აი გზაი რაფერ მოაკვლიეთ“ _ გაცხარდნენ გურულები.
მიუხედავად იმისა, რომ ლანჩხუთის გამგებელმა თავიდანვე დაიჭირა მოსახლეობის მხარი, მაინც ვერას გახდნენ _ ან ღამიით მიიპარებიან, ან ვიღაცებს „გამონახავენ“ და ასე აღწევენ მიზანს. ერთ ხანს საშვები დაუშვეს, მხოლოდ მათ ჰქონდათ გადაადგილების უფლება, თუმცა გურულებს ასე რას მოატყუებ _ გინდა საშვიანმა მანქანამ გააფუჭოს გზა და მტვერი დააყენოს და გინდა _ უსაშვომ! ასეთი აქციები თითქმის ყველგან გაიმართა _ ლანჩხუთში, ჩოჩხათში, შუხუთში…