ლანჩხუთის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“, ყოფილი გამგებელი კახა ასკურავა სოციალურ ქსელში [სავარაუდოდ, საკუთარი სახლიდან] ვიდეოს ავრცელებს, სადაც ჩანს დიდი რაოდენობით ფაროსანა.
„აი, ასეთი რეალობაა, ფაროსანას პირველად გამოჩენიდან 9 წლის თავზე. ეს ვიდეო ერთ ოთახში და ერთი დღის ბოლოსაა გადაღებული, თორემ მსგავსი მდგომარეობაა ყოველდღე, თუ გარეთ მზე გამოანათებს, ეგრევე! ამ დგომარეობამდე მიგვიყვანა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების უპასუხისმგებლობამ, გულგრილობამ, ღრმა და ყოვლისმომცველმა კორუფციამ ამ სფეროშიც. აქ რომ ათიათასობით მოსახლე, ცხრა წელია, ასეთ დღეში ვართ, კონკრეტული ჩინოვნიკები მდიდრდებიან კონკრეტულად ამ პროგრამის ფარგლებში. რომ დათვალო, ამ ცხრა წლის მანძილზე რამდენი თანხები იქნება გამოყოფილი ფაროსანასთან წინააღმდეგ ბრძოლაში და მერე მოცემული რეალობას შეადარო, შეიძლება გული გაგისკდეს კაცს, ისე შეურაცყოფილად იგრძნო თავი, თუ როგორ კიდიათ ხალხი“ _ წერს ოპოზიციონერი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.
იგი ასევე წერს: „არც ხალხი ვარგა, თორე ამას რომ მოხვეტავ და კაბინეტებში შეუყრი იმ ნაძირალა-კორუმპირებულ ჩინოვნიკებს და მერე პანღურის ცემით გამოყრი გარეთ, სხვა ხელისუფლებები და ჩინოვნიკები ვეღარ გაბედავენ [ასე] მოექცნენ ხალხს!“
„გურია თუდეის“ ლანჩხუთის სოფლებიდან უკავშირდებიან და მომრავლებული ფაროსანას შესახებ უყვებიან. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ შეწამვლა მიმდინარეობს. მოსახლეობას მისდის კიდეც შეწამვლის გამაფრთხილებელი შეტყობინებები, ასევე ინფორმირება მეგაფონითაც ხდება. თუმცა ზოგიერი მოსახლე წერს, რომ „შეწამვლამ ფაროსანა ვერა და ფუტკარი კი გაუნადგურა“. ოპოზიციაში ამბობენ, რომ წელს შეწამვლა დაგვიანდა და ეჭვქვეშ აყენებენ შესაწამლი სითხის ხარისხსაც. ასევე მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება 9 წლის წინ გამოჩენილ მავნებელს ჯეროვნად ვერ გაუმკლავდა.


