„ამ ჯარიმებმა გაგვაძლიერა, ჩემი საბანკო ანგარიშები რომ ნახონ, მიხვდებიან, რომ დამთავრებული არიან…“ _ ლადო აფხაზავა

|

Loading

ლადო აფხაზავა (შუაში) ბათუმში აქციაზე

ლანჩხუთელი მასწავლებლისა და სამოქალაქო აქტივისტის, ლადო აფხაზავას ანგარიშზე იმ თანხაზე გაცილებით მეტი შეგროვდა, ვიდრე სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმა _ 5 ათასი ლარია. ამის შესახებ მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი სოციალურ ქსელში წერს.

„ჯერ მხოლოდ 6764-ზე მეტი მასწავლებლისგან ჩემს ანგარიშზე ჩარიცხული ლარნახევრებით მოგროვდა ჯარიმის გადასახდელზე გაცილებით მეტი თანხა, რომ აღარაფერი ვთქვა ყოფილი მოსწავლეების, ახლობლებისა და სრულიად უცხო ადამიანებისგან ჩარიცხულ თანხებზე“ _ წერს აფხაზავა და აღნიშნავს, რომ ზედმეტი თანხით მასთან დაჯარიმებულ სხვა პირებს დაეხმარება.

მან 10 თებერვალს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, პროცესზე მოსამართლეს უთხრა, რომ ჯარიმის გადახდის საშუალება არ აქვს და შენიშვნით შემოიფარგლოს. „ვიღაცას იქნებ ჰგონია, რომ დიდი შემოსავლები მაქვს. ასე რომ იყოს, ერთ სკოლაში ვიმუშავები და სამ სკოლაში გადარბენაზე არ ვიქნებოდი. ვერ გადავიხდი [5 ათას ლარს] და არ მინდა კოლეგები შევაწუხო, ასამდე მასწავლებლის შეწუხება მეუხერხულება“ _ უთხრა მასწავლებელმა მოსამართლე ციცინო მოსიძეს.

სასამართლოზე ლადო აფხაზავამ ასევე თქვა, რომ ველოსიპედი მოპარეს და ერთი სკოლიდან მეორემდე ხშირად ფეხით უწევს მისვლა. მეორე დღეს მას ველოსიპედი თბილისიდან საჩუქრად გამოუგზავნეს და ითქვა ისიც, რომ გერმანიაში მყოფმა ლანჩხუთელმაც შეუძინა.

დღეს დილით ეკატერინა მონიავამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 5800-მა მასწავლებელმა ჩაურიცხა დაჯარიმებულ კოლეგას თანხა. „თითომ 1,5 ლარი. ვინ მოერევა ასეთ საქართველოს?“ _ დაწერა მონიავამ.

ლანჩხუთელმა მასწავლებელმა სასამართლო პროცესის შემდეგ თქვა, რომ ლარნახევრებითაც აგროვდება თანხა და როცა ანგარიშზე თანხები ერიცხება და ხედავს აღნიშნული ოდენობის ჩარიცხვას, ხვდება, რომ კოლეგები ურიცხავენ სიმბოლურ თანხას, რომელიც ჯამში უკვე აღემატება 10 ათას ლარს.

„საოცრება ხდება ჩემ თავს. არ ვიცი, საიდან ამხელა სოლიდარობა, ძლივს შევძელი და მარტო დავითვალე რამდენი ლარნახევარი იყო ჩარიცხული, რადგან ვიცოდი, რომ ვინც ლარნახევარს ჩარიცხავდა, ყველა პედაგოგი იქნებოდა. ჯარიმებმა უფრო გაგვაძლიერა. ამ სასამართლო პროცესმა უფრო გაგვაერთიანა და უფრო დაგვარწმუნა იმაში, რომ როგორც ჩვენ ვფიქრობთ და ვაპროტესტებთ, თურმე ჩვენსავით ათასობით, ათიათასობით ადამიანი ფიქრობს. ამით მივხვდი, რომ ძალიან ბევრნი ვართ. დაღუპულია „ქართული ოცნება“, დამთავრებულია ამის შემდეგ. ჩემი საბანკო ანგარიშები რომ ნახონ, მაშინვე მიხვდებიან, რომ დამთავრებული არიან,“ – ამბობს ლადო აფხაზავა „ბათუმელებთან“ საუბარში.

ლანჩხუთელი მასწავლებელმა 8 პირთან ერთად, 26 იანვარს, „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივარზე უარის გამო, აქცია მოსამართლის სახლთან გამართა, რის გამოც შსს-მ ყველა მათგანს სამართლდარღვევის ოქმი შეუდგინა, ხოლო 10 თებერვალს მოსამართლემ ცხრავე პირი 5-5 ათასი ლარით დააჯარიმა.

რას ჩივი?