სოფელ შრომის ერთ-ერთ უბანში გადაღებული ფოტო, სადაც მხოლოდ რკინის მესრის ზედა ნაწილი ჩანს თოვლის მასაში, ვირუსულად გავრცელდა სოციალურ ქსელებში.
“ამ ჭიშკარს შიგნით ცხოვრობს 89 წლის ქალბატონი, ამ უბანში არის ჩვილბავშვიანი ოჯახები, ხანდაზმულები, ადამიანები ჯანმრთელობის პრობლემებით. უკვე რამდენი დღეა არა აქვთ შუქი, იქმნება პრობლემები საკვებზეც, კერძოდ, პურზე, ღმერთის იმედზეა დატოვებული ხალხი, ტექნიკა არ არის, რომ ამ თოვლს მოერიოს”, – ასე აღწერს ამ ადგილას მცხოვრებლების მდგომარეობას ლალი ხომერიკი, რომელიც თავადაც ოზურგეთში ცხოვრობს. 89 წლის ქალი, რომელსაც ის ახსენებს, მისი დედაა, რომელთანაც კომუნიკაცია ტელეფონით აქვს და ცდილობს რაც შეიძლება მოკლედ ელაპარაკოს, რათა შუქის მოსვლამდე ტელეფონის ელემენტმა გაძლოს.
“შრომა დიდი სოფელია, ამ უბანში, ზედაუბანში დაახლოებით 30 ოჯახი ცხოვრობს, სრულიად მოწყვეტილები არიან გარესამყაროს. მედიკამენტებიც გამოელიათ, საკვებიც, გიჟს ვგავარ, ვერანაირად ვერ ვეხმარები აქედან. ნახევარი საათი უნდა დაახლოებით, აქედან მანქანით რომ წახვიდე, მაგრამ გზა არ არის გაწმენდილი და როგორ უნდა წავიდე, ფეხით ხომ ვერ წავალ. ორ მეტრამდე თოვლიაო. სასწრაფოც კი ვერ მიდის, ძალიან ბევრი ვრეკე ყველა ინსტანციაში, მაგრამ ტექნიკა არ აქვთ. ამ ტექნიკაზე ადრე უნდა ეზრუნათ, გურია მთაგორიანია და ეგ ტექნიკა სულ საჭიროა. ხომ შეიძლება ადრე დაეწყოთ ამ გზების გაწმენდა, სანამ 50 სანტიმეტრი იყო თოვლი, ახლა რანაირად მივლენ იქ, წარმოდგენა არ მაქვს. სოფელში შესასვლელიც კი არ არის გაწმენდილი, სახლების წინ გაწმენდაზე კი არ არის ლაპარაკი.

სოფელ შრომაში 23 თებერვალს გადაღებული ფოტო
ტელეფონებს მანქანის აკუმულატორებზე ტენიდნენ და ახლა ეგეც დაუჯდათ. სამი დღის წინ უჩვეულოდ მაღალი წნევა ქონდა, გავგიჟდი, ავაწრიალე ყველა, ბოლოს რაღაც სპეციალური მანქანა ავიდა, მადლობელი ვარ ნამდვილად მაგისი, აუტანეს წამალი და გაუწიეს დახმარება, მაგრამ ვერ წამოიყვანეს და დატოვეს ისევ იქ.
ტექნიკა ვერ მიდის, დაგვიბრუნდა, გაგვიფუჭდაო, მეუბნებიან მერიაში – როცა საახალწლო ნაძვის ხეზე, მის ატრიბუტებზე, კონცერტებზე და ასაფეთქებლებზე იხარჯება ნახევარ მილიონზე მეტი, ტექნიკა არ უნდა ქონდეთ ასეთი ლანდშაფტის მქონე რეგიონში?” – ეუბნება რადიო თავისუფლებას ლალი ხომერიკი.
მისი თქმით, შრომის მსგავსი პრობლემები გურიაში ათობით სხვა სოფელს აქვს – ტექნიკა, რომელსაც მუნიციპალიტეტი გზების გასაწმენდად ამუშავებს, ოზურგეთის ცენტრს და მის სიახლოვეს არსებულ სოფლებსაც კი ვერ ყოფნის.
“რაღაცას გაწმენდენ, ეგრევე დადებენ მუნიციპალიტეტის ფეისბუკის გვერდზე, ფაქტიურად სოფლები არის ჩაკარგული თოვლში. ასეა თხინვალა, კოჭკათი, ორმეთი, ნატანებში გაზიც კი შეწყდა, ვერც კი ჩამოთვლი, იმდენი სოფელი ითხოვს შველას. ლანჩხუთში, მაგალითად, ეგეც გურიაა, დეიდაჩემის დედამთილი გარდაიცვალა, 105 წლის ადამიანი, არც კი იციან, როგორ დაკრძალონ, ნინოშვილია ეგეთი სოფელი და სამძიმარზეც კი ვერ მიდიან მეზობლები. სად დაკრძალონ, სად უნდა წაიყვანონ, არაფერი არ იციან. ასევე ნატანებშიც ჩვენი მეზობლის ახლობელი გარდაიცვალა, იქაც პრობლემაა დაკრძალვაზე”, – ეუბნება გამოცემას ლალი ხომერიკი.
ფოტოები, რომლებიც მას აქვს საკუთარი სოფლიდან მეზობლების გამოგზავნილი, 23 თებერვალს არის გადაღებული, 24 თებერვალს, ინტერნეტკავშირი გაწყდა და მათთან მხოლოდ ტელეფონით შეუძლია საუბარი. ერთ-ერთ ბოლო დარეკვაზე უთხრეს, რომ თოვლმა დაშალა მათი მეზობლის სახლი, სადაც საბედნიეროდ არავინ ცხოვრობდა და ნგრევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.