„ამისთვის ფული ვერასდროს გამონახეს და ფეკალიებში გვახჩობენ… ოქროს საბადო გვაქვს ყველა გაწვიმებაზე, ყელამდე ვართ პატივისცემით“ _ რა პრობლემებია ლანჩხუთის ქუჩებში

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | საკანალიზაციო ჭა ურუშაძის ქუჩაზე [www.gurianews.com]

რამდენიმე დღის წინ, არც თუ ისე ძლიერი წვიმისას, ლანჩხუთში, ურუშაძის ქუჩაზე, მოსახლეობის თქმით, საკანალიზაციო ჭიდან გადმოსულმა ფეკალიებმა, მათი ეზოები დატბორა. ფაქტის ამსახველი ვიდეო „გურია თუდეი“ გვერდზე გამოვაქვეყნეთ.

ნახეთ: „აი, ესაა მათი სიტყვა და საქმე: ფეკალიებში გვახრჩობენ ეს დამპლები“

„შეხედეთ ეზოში რა ხდება, კანალიზაცია ეზოში შემოდის პირდაპირ… ამას ხომ არ ეშველა არაფერი. სანამდე შეიძლება ასე იყოს და დედა უტიროს ჩვენს ეზოებს. აჰა, შეხედეთ, წყალი როგორ მოჩქეფს. სულ ითეკება, შეხედეთ, ქუჩაში რას ჰგავს, რა მოდის, სანამდე შეიძლება ამის ატანა? სანამდე? რად გვინდა კანალიზაცია, თუ დაგვახრჩო? ა, შეხედეთ, ეს შავი საშინელება მოდის, ამას ჰქვია საქმე? ფეკალიებში გვახჩობენ ეს დამპლები, თვითონ არიან, ხელფასებს იღებენ გემრიელად. არაფრის გამკეთებლები, ვერასდროს ფული ამისთვის ვერ გამონახეს. ამათ რაში სჭირდებათ შენი პატრონობა, თავს ყველა მშვენივრად პატრონობს. აი, ესაა ამათი სიტყვა და საქმე. აი, ნახეთ, რა გვიქნეს და რა დღეში ჩაგვაგდეს“ _ ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული და გვაჩვენებს ეზოს, სადაც ნარგავებს ქუჩიდან მომავალ წყალი აქვს შემდგარი.

უკვე წლებია, ურუშაძის ქუჩის მოსახლეობა აღნიშნული პრობლემის შესახებ საუბრობს. მწვავე კომენტარები იწერება გაზეთებში, სოციალურ ქსელში, მაგრამ საკითხის მოგვარება აქამდე არ მომხდარა.

როგორც ირკვევა, ეზოებში წყლის შესვლის პრობლემები სხვა ქუჩებზეც აწუხებთ:

„ოქროს საბადო გვაქვს ყველა გაწვიმებაზე, ყელამდე ვართ პატივისცემით!“

რამდენი წელი ვწერთ და ვაგროვებთ ხალხის ხელმოწერებს, მაგრამ რაა? შეაყარე კედელს ცერცვი, რეაქცია ნულია. არჩევნებზე რომ წამოვაყენეთ ეს საკითხი, მაგაზე არ დაგველაპარაკოთო, ასეთი იყო მაგათგან პასუხი

კოსტავას ქუჩაზე საერთოდ არ არის კანალიზაცია, არც ეზოებში გვაქვს ადგილი ორმოს ამოსათხრელად, ძალიან ცუდი მდგომარეობაა!”

მსგავსი პრობლემებია სოფლებშიც:

„შუხუთში, ცენტრალურ გზასთან, ზამთარ-ზაფხულ თუ გაწვიმდა, ვალინკით უნდა გადმოხვიდე ქუჩაში, არავინ ყურადღებას არ გვაქცევს, გამგეობაშიც კი დავწერეთ განცხადება, მარა ამაოდ“

„ამას მართლა აღარ ვიფიქრებდი, რომ ლანჩხუთშიც პრობლემა იყო . რა უნდა ვთქვა, იმედი აღარ მაქვს, რომ ეგნატე ნინოშვილის მუზეუმთან ჩვენს უბანში გზას დააგებენ, ეგნატეს დროს რა გზაც იყო ისეთივეა დღესაც. არ ღირსებია არასდროს ასვალტის დასხმა. თუ წამოწვიმდა ვერ გაივლი ისეთი მდგომარეობაა“ _ წერს მოსახლეობა.

„გურია თუდეის“ მოსახლეობამ უთხრა, რომ ურუშაძის ქუჩაზე გადის ქალაქის საკანალიზაციო სისტემა და პრობლემებს ეს ჰქმნის. აქაურების მოსაზრებით, პრობლემის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ცენტრალურ მაგისტრალი ვერ ატარებს წვიმის დროს გაზრდილ რაოდენობას.

„როგორ არ იქნა მოგვარება 3 ათეული წელია, თუ მეტი არა, როგორ უნდა იჭედებოდეს ყველა გაწვიმებაზე და ეზოს გვიუბედურებდეს, ფეკალური მასებისგან ჩნდება უბედური დაავადებები. როგორ ვერ მოგვარდა ამ ჩვენს რაიონში, როდემდე?“ _ კითხვებს სვამს მოსახლეობა.

როგორც გავარკვიეთ, პრობლემის მოგვარებას ცდილობს წყალმომარაგების კომპანია, თუმცა მისი სრულად აღმოფხვრა შეუძლებელია ახალი საკანალიზაციო სისტემის მოწყობამდე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს წყლის ახალ სისტემაზე მუშაობა, რის დასრულების შემდეგაცაა ნავარაუდები საკანალიზაციო სისტემის გამოცვა.

რა თქმა უნდა, ეს დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფაქტია, 21-ე საუკუნეში მოსახლეობას ეზოების არ უნდა ეტბორებოდეს და მით უფრო ფეკალური მასებით!