იცოდით, საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის საგზური “თაიგულმა” რომ მოიპოვა და ლანჩხუთის ღირსება “გურიასთან” ერთად უნდა დაეცვა? “გურია” პირველ თასს და დუბლს რომ დაეუფლა, გუნდში მისი გაზრდილი 11 ფეხბურთელი თამაშობდა _ მწვრთნელი, რომელმაც სსრკ-ის ნაკრებს, “გურიას”, თბილისის “დინამოსა” და ქუთაისის “ტორპედოს” გაუზარდა ფეხბურთელები…
გაისად „გურიას“ დიდი მოამაგის, სოსო (ბუტა) ჟორდანიას დაბადებიდან 100 წელი შესრულდება. მან იმდენი გააკეთა ლანჩხუთის ფეხბურთისთვის, რომ კლუბის ლეგენდების გვერდით დაიმკვიდრა ადგილი.
დაიბადა 1927 წლის 25 სექტემბერს ლანჩხუთში. ფეხბურთის თამაში დაიწყო ადგილობრივ ბავშვთა და მოზარდთა სპორტულ სკოლაში, ვალერიან ცინცაბაძის ხელმძღვანელობით. 1950-იანი წლების დასაწყისში ნახევარმცველის პოზიციაზე გამოდიოდა ლანჩხუთის ნაკრებში. 1952 წელს გივი იმნაიშვილმა ლანჩხუთის „კოლმეურნეში“ მიიწვია. 1953 წელს გაიმარჯვა საქართველოს პირველობის მესამე ჯგუფში და მეორე ჯგუფის საგზურს დაეუფლა. 1954-55 წლებში, სპორტსაზოგადოება „კოლმეურნეს“ რესპუბლიკური პირველობის ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
ფიზკულტურის ინსტიტუტის დასრულების შემდეგ განათლების განყოფილებასთან გახსნა ბავშვთა ფეხბურთის ჯგუფები, სადაც არაერთმა ნიჭიერმა ნორჩმა ფეხბურთელმა მოიყარა თავი. სოსო მასწავლებლის სტიქია შეტევა, იერიშის ლამაზად დაგვირგვინება იყო. რბილი, ტექნიკური ფეხბურთის მიმდევარს, უყვარდა იმპროვიზაცია, გააზრებული თამაშისაკენ მოუწოდებდა ბიჭებს.
1957 წელს, ბავშვთა ფეხბურთში მუშაობის პარალელურად, იური ებრალიძესთან ერთად ჩამოაყალიბა ფეხბურთის გუნდი „განთიადი“ (შემდგომში „თაიგული“), რომელმაც მცირე დროში მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.
ამ თვითმყოფადმა გუნდმა ფეხბურთის მოყვარულებს საინტერესო თამაშით დაამახსოვრა თავი. 1961 წელს გაიმარჯვა საქართველოს პირველობის მეორე ჯგუფში და პირველის საგზური მოიპოვა. სამწუხაროდ, ფინანსური პრობლემების გამო, რაიონმა ვერ შეძლო პირველ ჯგუფში ორი გუნდის შენახვა და „თაიგულის“ შვიდი ფეხბურთელი ლანჩხუთის „გურიაში“ გადაიყვანეს.
სოსო ჟორდანიას აღზრდილი არიან: საბჭოთა კავშირის ნაკრებისა და თბილისის „დინამოს“ მეკარე რამაზ ურუშაძე, „დინამოსა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ კაპიტანი ზორბეგ ებრალიძე, „გურიას“ გამორჩეული მოთამაშეები: ვახტანგ ძიძიგური, თამაზ კვირკველია, ვალიკო წილოსანი, ბეგი სიხარულიძე, ჯემსუატ ურუშაძე,ჟორა ჭყონია, ზორბეგ სანაძე,ზური კუნჭულია, როინ ჩხარტიშვილი და სხვები.

1967 წელი, შალვა კაკაბაძე და სოსო ჟორდანია მოსკოვში
სოსო ჟორდანიას ბიჭებით იყო დაკომპლექტებული (11 ფეხბურთელი) „გურია“, როცა 1965 წელს თავისი არსებობის ისტორიაში პირველად დაეუფლა საქართველოს თასს, ხოლო 1966 წელს რესპუბლიკის ჩემპიონის ტიტული და თასი ერთად მოიპოვა.
კარგი ხელმძღვანელიც იყო, 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ლანჩხუთის ცენტრალური სტადიონის დირექტორი გახლდათ და აქტიურად იყო ჩართული გუნდის ცხოვრებაში.
სხვათა შორის, მისი შვილი _ ედიშერ ჟორდანია საკმაოდ რთულ დროს „გურიას“ პრეზიდენტი იყო, შემდეგ კი წლების მანძილზე _ სპორტული დირექტორი, ხოლო მძახალია კლუბის ლეგენდარული ფეხბურთელი და მწვრთნელი ბეგი სიხარულიძე.
სოსო ჟორდანია სიცოცხლის ბოლო წლებში სპორტსაზოგადოება „კოლმეურნეს“ რაიონულ ორგანიზაციას ედგა სათავეში. თუმცა მისთვის, ალბათ, სტადიონზე ყოფნა აჯობებდა, ვიდრე ნებისმიერ თანამდებობაზე დაწინაურება.
ლანჩხუთის ფეხბურთის დიდი მოამაგე 1990 წლის 10 თებერვალს მშობლიურ ქალაქში გარდაიცვალა.
იგი კლუბის ლეგენდად ისტორიულმა ფრაზამაც აქცია. გასული საუკუნის 60-იან წლებში ლანჩხუთში პირველად გაჩერდა ბათუმი-მოსკოვის მატარებელი და ეს „გურიას“ წარმატებას უკავშირდებოდა. ასევე, როცა „გურიამ“ საკავშირო პირველობაზე თამაშის უფლება მოიპოვა, სსრკ-ის რუკაზე ლანჩხუთი დატანილიც არ იყო.
იმ პერიოდში [1967 წელს] ადგილობრივი სპორტკომიტეტის თავმჯდომარე გურამ წილოსანი და სტადიონის დირექტორი სოსო ჟორდანია მივლინებით იმყოფებოდნენ მოსკოვში, ფეხბურთის საკავშირო სამმართველოში, რათა გუნდის განაცხადი შეეტანათ.
როცა ლანჩხუთელთა სტუმრობის შესახებ შეიტყო, საშეჯიბრო კომიტეტის პასუხისმგებელი პირი, იური მორგუნოვი წამოდგა და მათ უთხრა: „აი, ესაა სსრკ-ის რუკა. გვითხარით, სად არის ლანჩხუთი? სად უნდა ჩამოვიდნენ გუნდები?“
ლანჩხუთელმა სტუმრებმა ერთმანეთს გადახედეს, რუკაზე ნამდვილად არსად ეწერა „ლანჩხუთი“. სოსო ჟორდანიამ მას მორიდებით უთხრა _ დიახ, ამ რუკაზე არ არის ლანჩხუთი, სამაგიეროდ, საფეხბურთო რუკაზე ვართო. მან მაგიდიდან აიღო შავი ფანქარი და რუკაზე ბათუმსა და სამტრედიას შორის სარკინიგზო ხაზზე დასვა წერტილი და მასპინძლებს უთხრა: აი, ეს არის ლანჩხუთი!
ფეხბურთის სამმართველოს თანამშრომელმა წერტილი ტუშიანი კალმისტარით გაამუქა, შემდეგ თანამშრომლებს მიუბრუნდა და უთხრა: დაიმახსოვრეთ, ამიერიდან წერტილი რუკაზე არის ლანჩხუთი.
მოგვიანებით, „გურია“-ცსკა-ს სათაო მატჩის მიმოხილვას წამყვანმა საბჭოთა სპორტულმა გაზეთმა „ფუტბოლ-ხოკეი“ სათაურად „წერტილი რუკაზე“ გამოუტანა. „გურიას“ მემატიანემ, მერაბ წულაძემ კი ამავე სახელწოდების წიგნი გამოსცა, რომლის მიხედვითაც მოვამზადეთ ეს სტატია.


